გაცნობა
გამარჯობა,
მე ეს წყალი უკვე გავტოპე,
და აღარაფრის აღარ მჯერა
არც სიყვარულის,
არც ჭაბუკური გულჩვილობის,
არც სიწმინდისა,
ყბაში მოქნეულ მუშტის მჯერა,
კბილის ტკივილის,
ცხედრის, რომელიც საბოლოოდ ძლივს იმად იქცა,
რაც ნაღდად იყო.
სადაც წავედი, ყველგან მგლები შემომყმუიან,
მე ვდგავარ და მთვარეს შევყმუი,
მაგრამ არა - როგორც გიჟი შეყვარებული,
არამედ მგელი:
მშიერი და კბილმტკივანი,
მიუსაფარი,
მუხლამდე თოვლის გამკვალავი
ტყიდან სოფლამდი.
გამარჯობა,
ახლა უკვე დავიყვავილე,
ყველა მდინარე გადავტოპე,
ყველა ქარს გავყევ,
ათივე მცნება დავარღვიე,
ვიდრე ბოლოს, ძლივსძლივობით
იმად არ ვიქეც,
რაც ნაღდად ვიყავ:
ბედნიერი მიცვალებული,
სიყვარული აღარ სჭირდება,
შიშველი თიხა:
პრეზერვატივს ვერაფერში გამოიყენებს,
მიწის გარდა, ვეღარავის შეეწებება.
ვინც შენ გინდა, ის გამაცანი:
ნარჩევ-ნარჩევი სატრფოებიც წარმომიდგინე,
სიყვარულის ბოლო ერთია,
უკმარია,
ვიღაცაში უნდა შეთავდეს...