მთვარის სანახები (გიორგი ლობჟანიძის
ავტობიოგრაფიული რომანი)
იმ მოზრდილი ფრაგმენტებიდან, „ლიტერატურული გაზეთისა“ და „ჩვენი მწერლობის“ ფურცლებზე რომ გამოქვეყნდებოდა სახელწოდებით „ჩემი ფანჯრებიდან“, ისე თვალნათლივ, ისე ხელშესახებად გამოიკვეთებოდა ავტობიოგრაფიული რომანის ნიშნები და კონტურები, მკითხველი დაიმედდებოდა, რომ გიორგი ლობჟანიძესთან სრულიად განსხვავებული შეხვედრა მოუწევდა, როგორც აწ უკვე რომანისტთანაც.
თუმც მოლოდინი ცოტა არ იყოს გაჭიანურდებოდა.
ჩინებულ დასაწყისს აღარც ლიტერატურულ პერიოდიკაში მოჰყვებოდა გაგრძელება და აღარც წიგნად წარმოდგებოდა.
შეყოვნებულიყო, აშკარად შეყოვნებულიყო ავტორი, რომელსაც უამრავი საქმე ეყრებოდა თავზე: იქ ლექსები; იქ კიდევ თარგმანები – ჯალალ ედ-დინ რუმის „არსთა მესნევი“ მაინც განსაკუთრებით რომ ჩაითრევდა, ურთულესი და მრავალტომიანი საკაცობრიო ქმნილება, მისი კომენტირება, მცირე ლინგვისტური გამოკვლევებით გადავსებული, დიდ დროს რომ შთანთქავდა; იქ კიდევ რეცენზიები, ესეები, მიმოხილვები...
და ვაითუ „ჩემი ფანჯრებიდან“ დარჩენილიყო მხოლოდღა ძალების მოსინჯვად დოკუმენტური პროზის ჟანრში, საკმაოდ წარმატებულ მოსინჯვად და... მითუფრო დასანანებლად, ილიას ქრესტომათიული პარადოქს-შეგონებისა არ იყოს: მაგრამ რაოდენც მშვენიერი ხარ, მით უფრო მეტად მიკვდება გულიო...
და აი „არტანუჯის“ ჩვეული თავგამოდება, გასაქანს რომ აღარ მისცემდა გიორგი ლობჟანიძეს და ერთხანს მთლიანად დოკუმენტური პროზისაკენ გადმოიბირებდა, იმ „ერთხანს“, გადამწყვეტი რომ აღმოჩნდებოდა ავტობიოგრაფიული რომანის მოსათავებლად, კონტურული მონახაზები სწორედაც რომ შესაფერისად ამოივსებოდა და მოგუმბათდებოდა.
ავტობიოგრაფიული რომანის ჟანრში შესაძლოა ბევრი ნიმუში არ მოგვეპოვებოდეს, მაგრამ რაც არის, საუკეთესო მონაპოვარია, დიდებული სახელებით დამშვენებული – აკაკი წერეთლის, თედო სახოკიას, რევაზ გაბაშვილის, გერონტი ქიქოძისა თუ სხვათა წყალობით თამასა ისე მაღლაა აწეული, ძნელია მათ შორის გარევა და ძნელზე ძნელიც...
მაგრამ თუ ძალი შეგწევს ქადილისა რუსთველის ფრიდონივით?!.
და გიორგი ლობჟანიძეს ეს ჟანრიც უნდა აეზიდა და ჩვენს სამწერლო ცხოვრებაში კიდევ უფრო გაემკვეთრებინა ეს ნაკადი, ასერიგად მიმზიდველი მკითხველისათვის როგორც ჩვენში, ასევე მთელს მსოფლიოში.
კონტურული მონახაზები სწორედაც რომ შესაფერისად ამოივსებოდა და მოგუმბათდებოდაო...
და ეს იქნებოდა განზრახვის პირველი წიგნი, მეორე და მესამე წიგნებსაც რომ მოითხოვს, თუ უფრო მეტს არა – გიორგი ლობჟანიძის არაორდინარული გარეგნული და სულიერი ბიოგრაფია არაერთ წიგნს რომ გაწვდება, მითუმეტეს – კოლორიტული პერსონაჟებით დახუნძლულს, ნოველების სიუჟეტებიც წამდაუწუმ რომ ამოანათებენ და თხრობას განსაკუთრებულ ელფერსა და ექსპრესიას ანიჭებენ.
პირველი წიგნის მხატვრული ღირსებანი საწინდარია განზრახვის ბოლომდეც შესაფერისი მიყვანისა, პიროვნებაც და მთელი ეპოქაც უკვე რელიეფურად და შთამბეჭდავად რომ წარმოისახება.
მემუარული ჩანაწერების, ავტობიოგრაფიული თხრობის მნიშვნელობა უმეტესწილად განისაზღვრება ცნობილ და გამოჩენილ პიროვნებათა სიუხვით – მათი ცხოვრების უცნობი ეპიზოდებით, შტრიხებით, დეტალებით.
უმეტესწილად, მაგრამ არა ყოველთვის, რადგანაც შეიძლება არსებობდეს თვით ისეთი ავტობიოგრაფიული თხზულებანიც, ერთ ცნობილ პირსაც რომ არ შემოიყვანენ თავიანთ თხრობაში, მაგრამ მათ გამორჩეულ მნიშვნელობაზე ეს გარემოება არავითარ ზეგავლენას არ ახდენს.
ელისაბედ ერისთავის მოგონებანია ამ ყაიდისა.
და ნაირა გელაშვილის ორი ქმნილება: „სარკის ნატეხები“ და „ჩვენი გრძელი ამბავი“.
გიორგი ლობჟანიძის ავტობიოგრაფიულ თხზულებაში ორივე ნაკადია გამოკვეთილი – როგორც ცნობილი პირნი, ისე უცნობნი, ოღონდ ვერ იტყვი, რომელი რომელს სჯობს, რადგანაც უცნობ პირთა ნაკადში ისეთი ამბები ტრიალებს, ისეთი სილუეტები და ხასიათები იხატება, თვითეულის თარგზე შესაძლოა სწორედაც რომ ნოველა გაიშალოს.
ჯერ მარტო ჰასან ბადრ ფარვიზფურის უჩვეულო, გამაოგნებელი თავგადასავალი რად ღირს, დოკუმენტებდაკარგულს ვერაფრისდიდებით რომ ვერ გაუგია და ვეღარავისთვის დაუმტკიცებია: ცოცხალია თუ მკვდარი? სწორედ მსგავსი ბედისწერა იკვეთება ჩვენს თვალწინ, ონორე დე ბალზაკი რომ დაუდებდა საფუძვლად ნოველას „პოლკოვნიკი შაბერი“.
დედის გარდაცვალების გახსენება მზამზარეულ მინიატურადაც გამოიკვეთებოდა, დიდი პოეტური გზნებით რომ გასიმბოლოვდებოდა გვირილების ჩაძინებაში, ყოფითობიდან ამოზრდილ მხატვრულ ხილვაში, დედა ერთ გაზაფხულზე საგანგებოდ რომ წაიყვანდა ბაღში, რათა ეჩვენებინა, როგორ იძინებდნენ გვირილები – თვალებს რომ ხუჭავდნენ მზის თანდათანობით ჩასვლასთან ერთად.
და ყმაწვილს რატომღაც ძალიან დაასევდიანებდა ეს ამბავი, შინ მობრუნებული ოთახში რომ შეიკეტებოდა და ატირდებოდა.
რატომღაც ვითომ?
საავადმყოფოში დედას ცოცხალს კი მიუსწრებდა, მაგრამ გონზე უკვე აღარ იქნებოდა და მეუღლისა და სხვა გარდაცვლილთა აჩრდილებსღა ელაპარაკებოდა...
და გიორგის პალატიდან რომ გამოუშვებდნენ, დერეფანში მდგარს წარმოსახვაში გვირილების უზარმაზარი მინდორი უნდა ეხილა – მზე ჩადიოდა და გვირილებიც ნელ-ნელა იძინებდნენ...
რამდენჯერ გვინახავს მზის ჩასვლა ზღვაზე: გვინახავს ყოფაშიც, გვინახავს ლირიკაშიც და ბელეტრისტიკაშიც, გვინახავს ნახატზეც, ფოტოსურათ-ზეც, გვინახავს კინოფილმსა თუ ტელევიზიის ეკრანზეც – ათასგვარი სილამაზით გაბრწყინებული, შთამბეჭდავი და დაუვიწყარი...
და აგერ უეცრად უნდა გვეხილა მზის ჩასვლა გვირილებშიც – თავისი შთამბეჭდაობითა და დაუვიწყარობით...
და ეს ყოველივე თხრობაში მარგალიტებივითაა მიმობნეული, დოკუმენტური პროზის ხელოვნებაში ბელეტრისტული ხედვაც რომ იჭრება და ამბავთა მღელვარებასაც ამ ხედვით მიგნებული სიუჟეტური მონახაზები განაპირობებს, ცხოვრების ორომტრიალიდან