თავი 1: მორიგი ჩვეულებრივი ღამე ელი მერსერი არასდროს ფიქრობდა, რომ მის ცხოვრებას დიდი ფასი ექნებოდა, თუმცა თუ გულწრფელად გეტყვით, ამ ყველაფერს ეგუებოდა კიდევაც. 34 წლის ასაკში, ელი შეეგუა იმ ფაქტს, რომ იყო ადამიანი, რომელსაც მუდმივად სწრაფი კვების საკვებისა და მანქანის გამონაბოლქვის სურნელი ასდიოდა. მან, ათი მილის რადიუსში, იდეალურად იცოდა თუ სად მდებარეობდა საჯარო საპირფარეშო. ასევე, მან ოდესღაც, დიდი ენთუზიაზმით უყურა ვენდის უკანა მხარეს გამართული ციყვისა და ენოტის ბრძოლას და მიიჩნია, რომ ეს მოვლენა იყო კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი.
ელი მუშაობდა RideGo-ში, რომელიც Uber-ზე ნაკლებად პრესტიჟული და დახვეწილი პლატფორმაა. სამუშაო საათები ხანგრძლივი იყო, დამატებითი გასამრჯელო - ნორმალური. შესაბამისად, აპლიკაცია გამუდმებით აიძულებდა ელის, რომ შეეძინა RideGo-ს ბრენდირებული სავარძლების გადასაფარებელი. მაგრამ ელი იმდენს მაინც შოულობდა, რომ სახლში ელექტროენერგია ჰქონოდა, ბენზინი არ გამოლეოდა და მამამისს მისთვის არ ეყვირა: "ელი, ნამდვილი სამსახური დაიწყე!"
ფრენკ მერსერი - ელის თანამობინადრე, ყოფილი პოლიციელი, უბედურების წინასწარმეტყველი და ნამდვილი მომაბეზრებელი ადამიანი იყო. ეს მისი არჩევანი არ ყოფილა... უბრალოდ ასეთი ბედი არგუნა ცხოვრებამ. ფრენკმა კარიერა ნაადრევად დაასრულა მარცხენა მუხლის პრობლემისა და კაპიტანთან "შემოქმედებითი უთანხმოებების" გამო. ამის შემდგომ, ფრენკი სრულად ჩაეფლო სამუდამო დასვენების რეჟიმში და შეეჩვია მწოლიარე-დამსვენებლის ცხოვრების რიტმს. ფრენკს მკაცრად ჩამოყალიბებული მოსაზრებები ჰქონდა ყველაფერზე. თანამედროვე მუსიკით დაწყებული, მთავრობის მიერ ამინდის მოდიფიკაციით დასრულებული. მაგრამ, ფრენკს ბოლო დროს ახალი აკვიატება აღმოაჩნდა. ეს იყო პარანორმალური მოვლენები. ელი თითქმის ყოველ დილას ბრუნდებოდა სახლში და პოულობდა ფრენკს, რომელიც ყურებჩამოყრილი იყო და დაბალი ხარისხის იუთუბ ვიდეოებს უყურებდა, სადაც ბრიტანელი ბიჭები მიტოვებულ საავადმყოფოებში ჩრდილებს უყვიროდნენ.
"მოდი, ეს ნახე!"- ეტყოდა ფრენკი და აკანკალებული თითით ეკრანზე მიანიშნებდა. – "იმ კუთხეში ის მკრთალი მბჟუტავი შუქი შენიშნე? ეგ ადამიანის ჩრდილია. ისინი სინანულით იკვებებიან."
ელიც ჩვეულებისამებრ, რაღაც მსგავსი პასუხით შემოიფარგლებოდა: "კაია" ან "მგონი უბრალოდ ვიდეოს ხარისხია ცუდი". ამის შემდგომ მაცივრიდან ცივი პიცის ნაჭერს გამოიღებდა და პირდაპირ ლოგინში ეშვებოდა. მას არ სჯეროდა არც მოჩვენებების, არც დემონების და არც ამდაგვარი სისულელეების. ერთადერთი რამ, რაც მას ნამდვილად აწუხებდა, იყო უსასრულო ცარიელი გზატკეცილი, სადაც მორიგ მგზავრს ტოვებდა.
დღევანდელი საღამო მოსაწყენი იყო. მისი კოროლა ღამის ქალაქის ნაკადში მოჩვენებასავით მიიპარებოდა. ოღონდ ისეთი მოჩვენება, რომელიც ქირას იხდის და სტუდენტური სესხიც აქვს. ელიმ უკვე ექვსი გამოძახება მოასწრო: ძირითადად მთვრალი სტუდენტები და მარტოსული ადამიანები იყვნენ, რომლებსაც ზედმეტად გულახდილი საუბარი სურდათ. ელი იღიმოდა. თავს უქნევდა. ზოგჯერ ერთ-ორ "ვააუ, მაგარია, ძმაო"-საც შეაგებებდა. შემდგომ დანიშნულების ადგილზე მიიყვანდა, გაზს სწრაფადვე აჭერდა ფეხს, რათა მათი სევდა და მარტოობა სალონის ქსოვილში არ შეღწეულიყო.
აპლიკაციიდან ისევ გაისმა ხმა. კიდევ ერთი გამოძახება. ამოიოხრა. საათს შეხედა - 23:42 იყო. "კიდევ ერთი, მაქსიმუმ ორი... და მერე სახლში წავალ".
აყვანის ადგილი: East Hollow Gas & Go
დანიშნულების ადგილი: Summit Grove Apartments
მარტივი იყო. ელიმ მანქანა მიაყენა იმ ბინძურ ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან მოყოლებული დადიოდა. არემარე ძველი ჰოთდოგებისა და ეგზისტენციალური კრიზისის სუნად ყარდა. მანქანა მეშვიდე სვეტთან გააჩერა, ძრავა გამორთო და ლოდინი დაიწყო. შიგნით ტყვიაგაუმტარი მინის მიღმა, ღამის მორიგე ტიპი, რომელსაც ელი ალბათ ასჯერ მაინც დაუნახავს, მაგრამ არასოდეს არ დალაპარაკებია, უყურებდა მას უემოციო და ცარიელი მზერით. ელიმ ხელი დაუქნია. კაცს რეაქცია არ ჰქონია. შენობის გვერდიდან ვიღაც გამოჩნდა. ეს იყო ახალგაზრდა ქალი. კაპიშონიანი. თვალები ტელეფონის ეკრანზე ჰქონდა მიშტერებული. ერთი სიტყვაც არ უთქვამს, ისე ჩაჯდა მანქანის უკანა სავარძელში.
"ჰეი",- თქვა ელიმ. – "სამიტ გრუვი, ხომ?"
გოგონა არ განძრეულა. უბრალოდ, ჩუმად დაუქნია თავი. მშვენიერია. მშვიდი მგზავრობა. ელის მოსწონდა ეს ყველაფერი. მან რამდენჯერმე შეხედა სარკეს, მაგრამ გოგონას კვლავ ხმა არ ამოუღია. მხოლოდ ფანჯარაში იყურებოდა. არ აპირებდა რაიმეს ახსნას. ზოგიერთ მგზავრს საუბარი სურდა, ზოგს - სიჩუმე. ელიმ ისწავლა, რომ სიჩუმე არ უნდა დაარღვიოს. იმის გუნებაზე არ იყო, რომ ვინმეს თერაპევტი ყოფილიყო ღამის 1 საათზე და დაშორების ისტორიები მოესმინა. დაახლოებით შუა გზაზე, გოგონა საბოლოოდ ალაპარაკდა. მისი ხმა რბილი, უსიცოცხლო, თითქმის მექანიკური იყო. სწორედ ისეთი, გეგონებოდა ადამიანი კი არა, პროგრამა ლაპარაკობსო.
"ხშირად დადიხარ ასე გვიან?"
"თითქმის ყოველ ღამე"- უპასუხა ელიმ. – "ღამით უკეთ იხდიან. არც აგრესიული ქალები არიან და მეტი უცნაური ხალხიცაა."
ელიმ სცადა ეხუმრა, მაგრამ გოგონას არ გაეცინა. მხოლოდ იკითხა: "შენც ხედავ