წაკითხვისთანავე დაიძინე
წარმოიდგინე, მწერალი, რომელიც წიგნის მაღაზიაში გამოკეტეს. მის გარშემო სიბნელეა, წინ კი - გრძელი, საშიში ღამე. ის მოწყვეტილია გარესამყაროს და წიგნების ყდებიდან მომზირალ, გარდაცვლილ მწერალთა სახეებით არის გარშემორტყმული. ეს მწერალი იძულებულია გათენებამდე მოასწროს და დაწეროს მოთხრობა, ფენტეზის, სამეცნიერო ფანტასტიკის, მისტიკის ან ჰორორის ჟანრში.
და წარმოიდგინე, რომ ასეთი ღამეები მთელი კვირა გაგრძელდება. შვიდი მწერალი, რომლებიც მათი „ფობიოგრაფიების“ საფუძველზე შეირჩევიან, რიგრიგობით შევლენ და თითო ღამეს, გაატარებენ წიგნის მაღაზიაში. ჰო, ასეა. ისინი იქნებიან, როგორც წიგნის მაღაზიაში მცხოვრები მოჩვენებები ან ჩვენს დროში გადმოსროლილი მომავლის აჩრდილები, რომლებმაც რაღაც უნდა შეცვალონ ჩვენს დროში, რომ მომავალში მწერლებს აღარ მოუწიოთ მათი ეროვნული ჟანრული პროზის ხელახლა გამოგონება. ისინი იქნებიან, როგორც წარგზავნილი მისიონერები და მათ ამ საქმეებს ადამიანები ნახავენ პირდაპირ ეთერში, როგორც პირველ ნაბიჯებს მთვარეზე...
პათეტიკა იქით იყოს და ეს სიმართლეა. ის, რაც მოვყევი მართლა მოხდა, საქართველოში 2013 წელს, და მას ერქვა ლიტერატურული ფესტივალი „ინსომნია“.
ვიცი, ძალიან უცნაურია. ვიცი ეგ სახე. ეგ მიმიკა თითქმის იმდენჯერ მაქვს ნანახი, რამდენჯერაც ამ პროექტზე დავიწყე საუბარი, მე კი ამაზე საუბარი დიდი ხნის წინ დავიწყე. არ ვიცი კონკრეტულად როდის, მაგრამ ვიცი, რომ წლების განმავლობაში ვფიქრობდი მასზე და ვუზიარებდი კიდეც ლიტერატურის კეთილმოსურნე მეგობრებს. ბევრი იფრინა თუ ცოტა, ამ იდეამ, საბოლოოდ მაინც მიაღწია საჭირო ადამიანის ყურამდე, რის შემდეგაც მისი დაგეგმვა და რეალიზება დაიწყო, „ქარჩხაძის გამომცემლობასა“ და წიგნის მაღაზია Book Cityსთან ერთად.
როგორც კი მედიამ შეიტყო, რომ მე ვარ ამ ფესტივალის იდეის ავტორი, მაშინვე დაეწყო კრუნჩხვანარევი ინტერესი იმისა, თუ როგორ გაჩნდა ეს იდეა. ყველაზე ხშირად სწორედ ამას მეკითხებოდნენ:
„როგორ გაჩნდა ეს იდეა?“
„ღმერთო ჩემო, რა ვიცი როგორ გაჩნდა. უბრალოდ გაჩნდა რა...“ ვფიქრობდი მე, თუმცა ვპასუხობდი:
„ყოველთვის მინდოდა ლიტერატურა უფრო პოპულარული გამეხადა, ამიტომ ვიფიქრე, რეალითი შოუს ელემენტები ამაში დამეხმარებოდა.“
სისულელეა! ეს უბრალოდ ის პასუხია, რომლის მოსმენისასაც ჟურნალისტი ხუთწამიან პაუზას არ გააკეთებს იმის ნიშნად, რომ შენი ნათქვამის ვერაფერი გაიგო. სინამდვილეში საქმე სხვა რამეშია.
ამ პროექტის ყოველი ნიუანსი, რაღაცნაირად კავშირშია ჩემს წარსულთან. იყო პერიოდი, როცა ინსომნიით ვიტანჯებოდი. ეს საშინელება იყო. მას შეუძლია ცხოვრება დაგინგრიოს და მოსიარულე გვამად გაქციოს. შენ დააბოტებ და არ იცი სად, ხედავ და არ იცი რას. დაკარგული ხარ და ვერავინ ვეღარასდროს გიპოვის სანამ ძილი შენთან არ დაბრუნდება, შენ ეს იცი. და ეს საშინელება, რომელსაც ინსომნია ჰქვია, ჩემს ცხოვრებაში სამ წელიწადს გაგრძელდა და საბოლოოდ მაშინ დასრულდა, როცა წიგნის მაღაზიაში დავიწყე მუშაობა. ეს კი, ის პერიოდი იყო ჩემთვის, როცა განსაკუთრებით ბევრი რამ ვისწავლე. მაგალითად, ვისწავლე თვეში 250 ლარად ცხოვრება (მაშინ როცა მანამდე ისიც არ მქონდა), ვისწავლე ღამით ძილი და დილით ადრე ადგომა, მეგობრების ლუდზე დაპატიჟება ხელფასის დღეს და ა.შ. ეს რაღაცით ფეხის ხელახლა ადგმას ჰგავდა, წელს ქვემოთ მოწყვეტილი ინვალიდის მეორე პირველ ნაბიჯებს. ამაში ჩემი მეგობრები მეხმარებოდნენ, რომლებიც იქ შევიძინე. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ მე ხსენებულ ჟანრებს დავუმეგობრდი. ისინი საუკეთესო მრჩევლები იყვნენ ლიტერატურაში და ეს ძალიან გამომადგა. იმ პერიოდში დავიწყე ჩემი პირველი, ვამპირული რომანის წერაც (რომელიც დღემდე არ გამოქვეყნებულა), და ამაში საინტერესო ის არის, რომ ეს რომანი მთლიანად წიგნის მაღაზიაშია დაწერილი. მაშინ მე სახლში კომპიუტერი არ მქონდა. ხელით კი რომანის წერა არ შემეძლო. ამიტომ ისღა მრჩებოდა, რომ სამსახურის შემდეგ რამდენიმე საათით დავრჩენილიყავი და მეწერა ჩემი რომანი. იქ მივხვდი, რომ წიგნის მაღაზიაში მარტო ჯდომა და მხატვრული პროზის წერა, ძალიან საინტერესო და თითქმის მომაჯადოებელი პროცესია. არსად ისე კარგად არ იწერება წიგნი, როგორც წიგნების გარემოცვაში.
ამ სასიამოვნო პროცესმა კულმინაციას მაშინ მიაღწია, როცა მაღაზიაში ღამით დარჩენა მომიწია იმის გამო, რომ იქ სიგნალიზაცია გაფუჭდა. იმ ღამეს რომანის ორი თავი დავწერე და ერთ ფილმსაც კი ვუყურე სანამ პლედშემოხვეული დავიძინებდი.
წიგნის მაღაზია ღამით ძალიან ლამაზი სამყარო იყო პატარა მბჟუტავი სინათლეებით, რომლებსაც საბავშვო წიგნების ფერადი და პრიალა ყდები ირეკლავდა. წარმოვიდგენდი, როგორ იღებდნენ ამას იქ დამონტაჟებული კამერები და როგორი უცნაური სანახავი იყო, წიგნის მაღაზიაში ღამით ჩაკეტილი მწერალი, რომელიც წერდა ვამპირულ რომანს. მაშინ იმაზეც კი ვფიქრობდი, რომ ეს მნიშვნელოვანი კადრები იყო, კარგად თუ ცუდად, მე ხომ რაღაც ახლის დაწერას ვცდილობდი.
ასე ბუნებრივად აიკინძა ყველა