ჯოილენდი 1973 წლის შემოდგომა იდგა. მანქანა მყავდა, მაგრამ ჰევენს-ბეიში მდებარე „მისის შოფლოუს სანაპირო პანსიონიდან“ გასართობ პარკ „ჯოილენდში“, ძირითადად, ფეხით დავდიოდი. ასე მერჩივნა. მგონი, საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. სექტემბრის დასაწყისში ჰევენსის სანაპიროზე ვერავის ნახავდით. უკაცრიელობა და ეულობა კი სრულიად შეესაბამებოდა ჩემს იმჟამინდელ განწყობას. ის შემოდგომა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი იყო. ორმოცი წლის შემდეგაც დანამდვილებით შემიძლია ეს ვთქვა. თუმცა ისიც უნდა ვაღიარო, რომ ისეთი უბედური, როგორიც მაშინ, აღარასდროს ვყოფილვარ. პირველი სიყვარული ყველასთვის ტკბილია. ურთიერთობის დასრულების შემდეგ კი უფრო ძლიერ განიცდი ამ პირველი გრძნობის სიტკბოს. ამ თვალსაზრისს ათასობით პოპ და ქანთრის სტილში შესრულებული სიმღერაც ამყარებს; ამ სიმღერებში ვიღაც გულგატეხილი სულელი სიყვარულს მისტირის. ეს პირველად გატეხილი გული ადამიანს ყველაზე მეტად სტკივა, ყველაზე ძნელად უამდება ტკივილი, მისგან დატოვებული იარა კი ყველაზე ხანგრძლივად შუშდება. და მაინც, რა არის ამ პირველ სიყვარულში ასეთი ტკბილი?
* * *
მთელი სექტემბრისა და ოქტომბრის განმავლობაში ჩრდილოეთ კაროლინის ცა მოწმენდილი იყო, ჰაერი კი თბილი. დილის შვიდ საათზეც კი თბილოდა. ამიტომ სახლიდან გამოსულს მხოლოდ თხელი ქურთუკი მეცვა ხოლმე. მეორე სართულზე მდებარე ჩემი ბინიდან გარე კიბით გამოვდიოდი. ქალაქიდან გასართობ პარკამდე გასავლელი სამი მილის ნახევრამდე მისული ქურთუკს ვიხდიდი და წელზე ვიხვევდი.
გზად „ბეტის საცხობში“ შევივლიდი ხოლმე და თბილ კრუასანებს ვტაცებდი ხელს. ქვიშაზე ჩემი ჩრდილი მომყვებოდა. სულ მცირე ოცი ფუტის სიგრძისა მაინც იქნებოდა. თავზე თოლიები დამტრიალებდნენ. გაპოხილი ქაღალდის პარკიდან ამომავალ კრუასანის სურნელს გრძნობდნენ და იმედი ჰქონდათ, რომ ცოტა მაინც შეხვდებოდათ. უკან დაბრუნებისას, ასე 5 საათისთვის (ზოგჯერ უფრო გვიანობამდეც ვრჩებოდი ხოლმე, რადგან ჰევენს-ბეიში არაფერი მელოდა - ეს ქალაქი ზაფხულის სეზონის დასრულებისთანავე ძილს ეძლეოდა) კვლავ ჩემი ჩრდილი მიმაცილებდა, მაგრამ ამჯერად უკვე წყლის ზედაპირზე მომყვებოდა. ზღვის მოქცევისას ჩრდილი წყალზე ისე ირხეოდა, თითქოს ჰულას ცეკვავდა.
ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ მგონი ის ბიჭი, ძაღლი და ქალი მაშინაც იქ იყვნენ, როცა ეს გზა პირველად გავიარე. ქალაქსა და ზიზილ-პიპილებით მორთულ, მოციმციმე, ხალისიან „ჯოილენდს“ შორის მდებარე სანაპიროზე საზაფხულო აგარაკები იყო ჩამწკრივებული, ბევრი მათგანი მდიდრულიც, თუმცა უმეტესობა „მშრომელთა დღის“ შემდეგ ცარიელდებოდა. სამაგიეროდ არ დაცარიელდა მათ შორის ყველაზე დიდი, აი ის, უზარმაზარ, მწვანე ციხე-სიმაგრეს რომ გავდა. მისი ფართო უკანა ეზოდან ხის დაფებით მოპირკეთებული ბილიკი გამოდიოდა და იმ ადგილას წყდებოდა, სადაც ბალახს თეთრი ქვიშა ენაცვლებოდა. ბილიკი მკვეთრი მწვანე ფერის ქოლგასთან მთავრდებოდა. ქოლგის ქვეშ საპიკნიკე მაგიდა იდგა. მის ჩრდილქვეშ ბიჭი ეტლში იჯდა, ბეისბოლის კეპი ეხურა, ფეხებზე კი პლედი ეფარა, ნაშუადღევსაც კი, როცა ჰაერი გვარიანად თბებოდა. ბიჭი ხუთი წლისა იქნებოდა, ყოველ შემთხვევაში, შვიდზე მეტის - არა. ძაღლი, ჯეკ-რასელ-ტერიერი, ან გვერდით ეწვა ხოლმე, ან ფეხებთან. ქალი კი, როგორც წესი, მაგიდასთან მდგომ ერთ-ერთ მერხზე იჯდა, ზოგჯერ წიგნს კითხულობდა, მაგრამ უმეტესად წყალს გასცქეროდა. ქალი ძალიან ლამაზი იყო.
მივდიოდი თუ მოვდიოდი, მუდამ ხელს ვუქნევდი, პასუხად ბიჭიც მიქნევდა ხელს, ქალი კი - არა. თავიდან არა. 1973 წელს ოპეჩ-ის ქვეყნებმა ნავთობის ემბარგო გამოაცხადეს, ამავე წელს რიჩარდ ნიქსონმა განაცხადა, რომ თაღლითი არ იყო, ამ წელსვე გარდაიცვალნენ ედუარდ გ. რობინსონი და ნოელ კოუარდი. იმ წელს დევინ ჯონსმა მარცხი განიცადა. 21 წლის ვიყავი, ჯერ კიდევ ვაჟიშვილი გახლდით და ლიტერატურული მისწრაფებები მქონდა. ვფლობდი სამ ჯინსის შარვალსა და ოთხ საცურაო ტრუსს, დანჯღრეული „ფორდიც“ მყავდა (ვერაფერს ვიტყვი, რადიო კარგად უმუშავებდა), შიგადაშიგ თვითმკვლელობაზე ფიქრებს მივეცემოდი ხოლმე, გული კი გაბზარული მქონდა.
ხომ კარგია?
* * *
გული უენდი კიგანმა გამიბზარა. ჩემი ღირსი არ იყო. ამ დასკვნამდე მისასვლელად მთელი ცხოვრება დამჭირდა, მაგრამ ის ძველი ანდაზა ხომ იცით: სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. პორტსმუტიდან იყო, ნიუ-ჰემპშირიდან. მე კი საუზ-ბერვიკიდან, მენიდან გახლდით. ლამის კარის მეზობელი გამოდიოდა. „ერთად სიარული“ (მაშინ ასე ვამბობდით) ნიუ-ჰემპშირის უნივერსიტეტის პირველ კურსზე სწავლისას დავიწყეთ. ერთმანეთი პირველკურსელთა წვეულებაზე გავიცანით. რა ბედნიერებაა, არა? როგორც იმ პოპ სიმღერებშია.
ორი წელი განუყრელები ვიყავით, ყველგან ერთად დავდიოდით და ყველაფერს ერთად ვაკეთებდით. ყველაფერს, „იმის“ გარდა. ვსწავლობდით და თან უნივერსიტეტში ვმუშაობდით. ის - ბიბლიოთეკაში, მე - სასადილოში. შემოგვთავაზეს, მუშაობა 1972 წლის ზაფხულშიც გაგვეგრძელებინა. რა თქმა უნდა, დავთანხმდით. ბევრს არაფერს გვიხდიდნენ, მაგრამ ერთად ყოფნა ყველაფერს გვერჩივნა, უდიდეს ბედნიერებად მიგვაჩნდა. მეგონა, 1973 წლის ზაფხულშიც ასე გაგრძელდებოდა, მაგრამ უენდიმ განმიცხადა, რომ მისმა მეგობარმა