ნაცრისფერი „მერსედესი“ 9-10 აპრილი, 2009 წ.
ოგი ოდენკირკს 1997 წლის გამოშვების „დაცუნი“ ჰყავდა, რომელიც მიუხედავად სოლიდური გარბენისა, ჯერ კიდევ კარგ მდგომარეობაში იყო. ბენზინი იაფი არ ღირდა, მით უფრო, უმუშევრად დარჩენილი კაცისთვის, სავაჭრო კომპლექსი კი, საითაც ოგი მიეშურებოდა, ქალაქის ბოლოში მდებარეობდა. ასე რომ, ოგიმ გადაწყვიტა, ღამის ბოლო ავტობუსს გაჰყოლოდა. ავტობუსიდან 12-ის 20 წუთზე ჩამოვიდა. მხარზე ზურგჩანთა მოეგდო, დახვეული საძილე ტომარა იღლიაში ჰქონდა ამოჩრილი. „ბუმბულის საძილე ტომარა დილის 3 საათისთვის მისწრება იქნება“, - გაიფიქრა ოგიმ. ნისლიანი ღამე იყო და სუსხი ძვალ-რბილში ატანდა.
„აბა, წარმატებები!“ - უთხრა ავტობუსის მძღოლმა კიბეზე ჩასულ ოგის. - „მარტო იმიტომაც გეკუთვნის სამუშაო, რომ ყველაზე ადრე მოხვედი“.
მაგრამ ოგი სულაც არ აღმოჩნდა პირველი. როცა ფართო, ციცაბო აღმართზე ავიდა, რომელიც დიდი დარბაზისკენ მიემართებოდა, დაინახა, რომ ოცზე მეტი ადამიანი შეჯგუფულიყო შესასვლელთან. ზოგი ფეხზე იდგა, უმეტესობა იჯდა. კართან მოკლე ბოძებზე გაჭიმული ყვითელი ლენტებით ლაბირინთი დაეხლართათ. ლენტებზე ეწერა: „არ გადაკვეთოთ!“ ოგის ასეთი ლაბირინთები კინოში ენახა, იმ ბანკშიც, სადაც ოვერდრაფტი ჰქონდა აღებული. ლაბირინთის დანიშნულება ცხადი იყო - რაც შეიძლება მეტი ადამიანი დატეულიყო რაც შეიძლება მცირე ადგილზე. აქ მალე სამუშაოს მაძიებლების ჯგრო შეიყრებოდა. როცა ოგი ლაბირინთს მიუახლოვდა, გაოცება და აღშფოთება ერთდროულად დაეუფლა - რიგის დასაწყისში მდგომ ქალს გულზე მძინარე ჩვილი ეკიდა „კენგურუთი“. ბავშვს ლოყები სიცივისგან შეფაკლოდა და სუსტი ხიხინით სუნთქავდა.
ქალი ოგის მსუბუქ ქოშინზე შემობრუნდა. ის ახალგაზრდა იყო და საკმაოდ მიმზიდველი, მიუხედავად ამოღამებული თვალებისა. ფეხებთან პატარა, დალიანდაგებული ჩანთა ედო. იქ ალბათ ბავშვის ნივთებს ინახავდა.
„გამარჯობა“, - მიესალმა ქალი, - „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პირველი მერცხლების კლუბში“.
„იმედია, ნადავლსაც ჩავიგდებთ ხელში“, - მიუგო ოგიმ. მერე იფიქრა, რატომაც არაო, და ხელიც გაუწოდა. - „ოგასტ ოდენკირკი. ოგი დამიძახეთ. ახლახან შემამცირეს. XXI საუკუნეში ასე ეძახიან სამსახურიდან დათხოვნას“.
ქალმა ხელი ჩამოართვა. მტკიცე ხელი ჰქონდა, მორიდებული ნამდვილად არ ეთქმოდა.
„მე ჯენის ქრეი ვარ. ეს პატარა გუდურა კი ჩემი სიხარულია და პატი ჰქვია. მეც შემცირებულების რიგებს მივეკუთვნები. შუგა-ჰეითსში დიასახლისად ვმუშაობდი ერთ კარგ ოჯახში. ოჯახის უფროსს მანქანების სადილერო ფირმა აქვს“.
ოგი შეიჭმუხნა.
ჯენისმა თავი დაუქნია.
„ჰო. მითხრა, ძალიან ვწუხვარ, რომ გიშვებ, მაგრამ ქამრის შემოჭერა მოგვიწევსო“.
„გახშირდა ასეთი შემთხვევები“, - თქვა ოგიმ. თან გაიფიქრა: - „ეს ბავშვი მაინც რამ წამოგაყვანინა, ნუთუ დამტოვებელი არავინ გყავს?“
„სხვა გზა არ მქონდა, ბავშვი თან უნდა წამომეყვანა“. - ოგის ვარაუდით, ჯენის ქრეის ტელეპათიის ნიჭი არ სჭირდებოდა, რომ თანამოსაუბრის ფიქრი გამოეცნო. - „დამტოვებელი არავინ მყავს. მეზობლის გოგო მთელი ღამით ვერ დაიტოვებს, რომც მქონდეს მისთვის გადასახდელი ფული. მე კი არაფერი მაბადია. სამუშაოს თუ არ მომცემენ, არ ვიცი, რა უნდა ვქნათ“.
„თქვენი მშობლები ვერ წაიყვანენ?“ - იკითხა ოგიმ.
„ვერმონტში ცხოვრობენ. ტვინი რომ მქონოდა, მოვკიდებდი პატის ხელს და მათთან წავიდოდი. კარგი ადგილია. ოღონდ მათ თავიანთი პრობლემები აქვთ. მამა ამბობს, ჩვენს სახლს დაძირვა ემუქრებაო, ოღონდ არა პირდაპირი მნიშვნელობით, ანუ მდინარეში კი არა, რაღაც ფინანსებს უკავშირდება“.
ოგიმ თავი დაუქნია. ესეც არ იყო იშვიათი ამბავი.
მალბორო-სტრიტიდან, სადაც წეღან ოგის ავტობუსი გაჩერდა, ციცაბო აღმართს რამდენიმე მანქანა ამოუყვა. მათ მარცხნივ გაუხვიეს ცარიელი სადგომისაკენ, რომელიც შუადღისთვის ალბათ გადაჭედილი იქნებოდა... ჯერ კიდევ რამდენიმე საათი რჩებოდა ქალაქის „ვაკანსიების ყოველწლიური ბაზრობის“ გახსნამდე. მანქანები სადგომზე გაჩერდა. არც ერთი მათგანი არ იყო ახალი. თითოეულიდან სამი-ოთხი ადამიანი გადმოვიდა და დარბაზისკენ გასწია. ოგი აღარ იყო ბოლო. სამუშაოს მაძიებლების რიგს ლაბირინთის პირველ ბოძამდე მიეღწია.
„სამუშაოს თუ ვიშოვი, ძიძასაც დავიქირავებ“, - თქვა ქალმა, - „მაგრამ დღეს მე და პატიმ როგორმე უნდა გავუძლოთ“.
პატარამ დაახველა, „კენგურუში“ ადგილი მოინაცვლა და ისევ მიჩუმდა. ოგი ბავშვის ხველებას დიდად არ შეუშფოთებია. ჩვილი შეფუთნული იყო, ხელებზე პაწია თათმანებიც კი ეკეთა.
„ბავშვები ამაზე უარესსაც უძლებენ“, - გაიფიქრა ოგიმ და 30-იანი წლების ამერიკის დამაქცევარი „ქვიშის შტორმები“ და „დიდი დეპრესია“ გაახსენდა. ამჟამინდელი დეპრესია შეიძლება მაშინდელს ვერ შეედრებოდა, მაგრამ პირადად ოგისთვის ძალიან მძიმე გამოდგა. ორი წლის წინ ყველაფერი რიგზე იყო. დიდად ხელგაშლილად არ ცხოვრობდა, მაგრამ თავის რჩენას ახერხებდა. თვის ბოლოს, მეტწილად, ცოტა ფულსაც გადაინახავდა ხოლმე. ახლა შავად იყო საქმე. ოგის მთლად კარგად არ ესმოდა, რა უქნა მთავრობამ ფინანსებს. ოგი კომპანია „გრეით-ლეიკ-ტრანსპორტში“ მუშაობდა და გემით, თვითმფრინავითა თუ