მკვლელობა მორგის ქუჩაზე აზროვნების, ეგრეთ წოდებული, ანალიტიკური უნარი თავისთავად ნაკლებად ექვემდებარება ანალიზს. ჩვენ მას მხოლოდ შედეგების მიხედვით აღვიქვამთ. მის შესახებ ვიცით, სხვათა შორის, ისიც, რომ ვინც დაჯილდოებულია ანალიზის განსაკუთრებული უნარით, ეს უნარი ყოველთვის უდიდეს სიამეს ანიჭებს პატრონს. როგორც მძლავრი ვაჟკაცი ხარობს თავისი ფიზიკური ღონით და სიამოვნებით ეტანება ისეთ ვარჯიშს, რაც მის კუნთებს ამოქმედებს, ასევე ანალიტიკოსიც თავმომწონეობს და ამაყობს ახსნა-განმარტების გონებრივი უნარით. მას სულ უბრალო, მცირე საქმეც კი სიამოვნებას ანიჭებს, თუ იგი მისი ნიჭის გამოყენებას მოითხოვს. უყვარს გამოცანები, თავსატეხები, რებუსები, რომელთა ამოხსნაში ისეთ გონებამახვილობას იჩენს, რაც ჩვეულებრივი გაგების კაცს ზებუნებრივად მოეჩვენება. მის დასკვნებს, რომელნიც სინამდვილეში მიღებულია მხოლოდ ჭეშმარიტი, მეთოდური კვლევის შედეგად, მთლიანად ინტუიციის იერი ადევს.
ახსნა-განმარტების ნიჭი, შესაძლოა, ფრიად გაძლიერდეს მათემატიკის შესწავლით; განსაკუთრებით მისი იმ მაღალი საფეხურის შესწავლით, რომელსაც უმართებულოდ და მხოლოდ მისი უკუქცევით, უკუსვლით მოქმედებათა წყალობით, უმეტესად ანალიზურს უწოდებენ. მაგრამ გაანგარიშება, თავისთავად, ანალიზი არ გახლავთ. მაგალითად, მოჭადრაკე ანგარიშობს, ანალიზისთვის კი თავს არ იწუხებს. მაშასადამე, ჭადრაკის თამაში, გონებრივი ვარჯიშის თვალსაზრისით, ძალიან უკუღმართად არის გაგებული. მე ახლა ტრაქტატს არ ვწერ, მხოლოდ უბრალო წინასიტყვაობას ვუმძღვარებ, ცოტა არ იყოს, თავისებურ მოთხრობას და მარტო გაკვრით მოგახსენებთ ჩემს დაკვირვებებს. ვსარგებლობ შემთხვევით და ვამტკიცებ, რომ გონებრივი აზროვნების უმაღლეს უნარს გაცილებით კეთილად და სასარგებლოდ ავარჯიშებს შაშის სადა, მარტივი თამაში, ვიდრე ჭადრაკის მთელი დახვეწილი ზერელობა. ჭადრაკის ფიგურებს ნაირ-ნაირი არატოლფასოვანი, განსხვავებული და უცნაური სვლები ახასიათებს. ეს სვლები რთულია. უმთავრესია ყურადღება, გულისყური. წამითაც რომ მოადუნოთ ყურადღება, მყისვე შეცდომა მოგივათ, რაც ფიგურის დაკარგვას ან დამარცხებას გამოიწვევს. ვინაიდან შესაძლო სვლები არა მარტო მრავალია, არამედ დახლართულიც, ამგვარ შეცდომათა დაშვების შესაძლებლობა კიდევ უფრო მრავლდება. ასე რომ, ათიდან ცხრა შემთხვევაში უფრო გონებამახვილი მოთამაშე როდი იმარჯვებს, არამედ უფრო გულისყურიანი. შაშში კი პირიქით - რაკი სვლები ერთნაირი გახლავთ და მხოლოდ მცირე ვარიანტები ახასიათებს, უგულისყურობა გამორიცხულია, ორივე მხარე წარმატებას მხოლოდ და მხოლოდ აღმატებული გონებამახვილობითა და გამჭრიახობით თუ მიაღწევს. განყენებულ მსჯელობას რომ თავი დავანებოთ, წარმოვიდგინოთ შაშის თამაში, როცა დაფაზე ოთხი ქვაღაა დარჩენილი და როცა, რასაკვირველია, შეცდომა ან უგულისყურობა არ გახლავთ მოსალოდნელი. აშკარაა, აქ გაიმარჯვებს მხოლოდ ის, ვინც ძლიერი გონებრივი დაძაბულობის შედეგად რაიმე რჩეულ სვლას გამოძებნის. ჩვეულებრივ საშუალებებსა და შესაძლებლობებს მოკლებული ანალიტიკოსი თავისი მოპირდაპირის სულში ჩაწვდომას ცდილობს. თავს მასთან აიგივებს, მისი თვალსაზრისით განსჯის საქმეს და ხშირად ამგვარად თვალის დახამხამებაში განჭვრეტს ერთადერთ სვლას, ხანდახან მარტივსა და ადვილს, რომელიც აცდუნებს მოწინააღმდეგეს, ანდა ხელს შეუწყობს მის დაბნევას.
დიდი ხანია შენიშნული გახლავთ, რომ ვისტი ძალიან უწყობს ხელს, ეგრეთ წოდებულ, გამოთვლითი უნარის განვითარებას, თანაც ცნობილია, რომ მრავალი მაღალგონიერი ადამიანი თითქოსდა უცნაურ სიამეს პოვებდა მასში, ხოლო ჭადრაკს კი, ვითარცა ზერელე და ქარაფშუტულ თამაშს, თავს არიდებდა. უეჭველია, ანალიზის ნიჭის გამომჟღავნებისთვის მართლაც არ არსებობს სხვა ამისთანა თამაში. საუკეთესო მოჭადრაკე საუკეთესო მოჭადრაკეა და მეტი არაფერი; ვისტის კარგ მოთამაშეს კი შეუძლია წარმატების იმედი იქონიოს ყველა იმ უფრო მნიშვნელოვან საქმეში, სადაც ერთი გონება მეორეს ემეტოქება და ებრძვის. როცა ვისტის კარგ ცოდნაზე ვლაპარაკობ, თამაშის იმ სრულყოფილებას ვგულისხმობ, როცა მოთამაშე ყველა საშუალებას ითვალისწინებს კანონიერი გზით წარმატების მოპოვებისთვის. ეს საშუალებები არა მარტო მრავალრიცხოვანია, არამედ მრავალნაირიც და ხშირად აზროვნების ისეთ კუნჭულებშია მიმალული, სადაც ჩვეულებრივი გონების კაცი ვერც მისწვდება. ყურადღებით დაკვირვება მკაფიოდ დახსომებას ნიშნავს. ამიტომ გულისყურიანი მოჭადრაკე ჩინებულად ივარგებს ვისტის თამაშში, რამდენადაც ჰოილის1 წესები, რომლებიც დაფუძნებულია თამაშის უბრალო ტექნიკაზე, საკმაოდ გასაგები გახლავთ. ამრიგად, კარგი მახსოვრობა და „წიგნის“ ბეჯითად მოყოლა ჩვეულებრივ კარგი თამაშის საწინდრად ითვლება. მაგრამ სწორედ ამ უბრალო წესების შემდეგაა, რომ ანალიტიკოსის სიმარჯვე ვლინდება. იგი თავისთვის, ჩუმად, უამრავ ვარაუდსა და აწონ-დაწონას ახდენს. ალბათ ასევე იქცევიან მისი ამხანაგებიც. ოღონდ, განსხვავება მიღებულ შედეგში დამოკიდებულია არა იმდენად სწორ ვარაუდზე, რამდენადაც დაკვირვების ხარისხზე. აუცილებელია ვიცოდეთ, რას უნდა დავუკვირდეთ. ჩვენი მოთამაშე სრულიადაც არ იზღუდავს თავს; და თუმცა მისი მთავარი საგანი თამაში გახლავთ, არც თამაშის გარე სხვა დაკვირვებებსა და დასკვნებს უგულებელყოფს. იგი უკვირდება ამხანაგის გამომეტყველებას და ადარებს მას ცალ-ცალკე ყოველი თავისი მოწინააღმდეგისას. ითვალისწინებს ბანქოს ქაღალდი ვის როგორ უჭირავს ხელში და ხშირად პატრონს, გამომეტყველების მიხედვით, თულფს თულფზე უთვლის ხელში. იგი თამაშის დროს ყოველნაირ ცვლილებას ამჩნევს სახეზე და უამრავი ფიქრი უტრიალებს თავდაჯერებულობის, განცვიფრების, ზეიმის ანდა სევდიანი შესახედაობის