ქთულჰუს ძახილი (ნაპოვნია განსვენებული ფრენსის უეილანდ თერსტონის, ბოსტონელის, ჩანაწერებში)
„შესაძლოა, დღესაც იყვნენ სადმე ის დიადი ძალები და არსებები... იმ შორეულზე შორეული დროის მოწმენი, როცა ცნობიერება იმგვარი ფორმებითა და სახეებით ამჟღავნებდა თავს, ადამიანთა მოდგმამდე დიდი ხნით ადრე რომ გაქრა... სახეებით, რომელთა ხსოვნა შემოინახეს მხოლოდ პოეზიამ და ლეგენდამ, მათ ღმერთებად, ურჩხულებად და ათასი ჯურის მითურ ქმნილებებად რომ იხსენიებენ“.
ელჯერნონ ბლეკვუდი
1. საშინელება თიხაში
ამქვეყნად გულმოწყალების უდიდესი გამოხატულება, ჩემი აზრით, ის არის, რომ ადამიანის გონებას არ ძალუძს სამყაროს მთელი შინაარსის ერთმანეთთან დაკავშირება. უმეცრების წყნარ კუნძულზე ვცხოვრობთ, უსასრულობის ბნელი წყლებით გარემოცულნი და არ ეგების, შორეული ნაოსნობისკენ მივილტვოდეთ. მეცნიერებამ, რომლის თითოეული დარგი თავისკენ გვექაჩება, ჯერ ბევრი ვერაფერი გვავნო, მაგრამ დადგება დღე, როცა ცოდნის ეს ცალკეული ფრაგმენტები ერთმანეთს შეერწყმის და თვალწინ გადაგვიშლის სინამდვილის ისეთ საზარელ სურათს, რომ ნანახისგან ან ჭკუაზე შევიშლებით, ან გავექცევით ამ მომაკვდინებელ გასხივოსნებას და ახალი შუა საუკუნეების სიმშვიდესა და უსაფრთხოებას შევაფარებთ თავს.
თეოსოფები მიხვდნენ იმ კოსმოსური ციკლის ძრწოლის მომგვრელ სიდიადეს, რომლისთვისაც მთელი ჩვენი სამყაროც და ადამიანთა მოდგმაც მხოლოდ მდგმურია. გარდასულ დროთა უცნაურ გამოძახილზე მათი ქარაგმებისგან სისხლი გაგეყინებოდა კაცს, სიტყვები მსუბუქი ოპტიმიზმით რომ არ ყოფილიყო შეფერილი... თუმცა მათი წყალობით როდი ვიხილე აკრძალულ საუკუნეთა ერთადერთი გაელვება, რომლის გახსენებაზე დღესაც ჟრუანტელი მივლის და თუ დამესიზმრა, შლეგს ვემსგავსები. ის გაელვებაც, ჭეშმარიტების სხვა თავზარდამცემ გაელვებათა დარად, ცალკეული ფრაგმენტების შემთხვევითი შერწყმის ნაყოფი იყო. სახელდობრ, ძველი საგაზეთო შენიშვნებისა და გარდაცვლილი პროფესორის ჩანაწერების. იმედი მაქვს, ვეღარავინ მოახერხებს მათ გაერთიანებას. ყოველ შემთხვევაში, თუ სიცოცხლე მიწერია, შეგნებულად ერთ რგოლსაც აღარ მივამატებ ამ ამაზრზენ ჯაჭვს. ვფიქრობ, პროფესორსაც განზრახული ჰქონდა, საიდუმლოდ შეენახა თავისი ცოდნა და, ალბათ, გაანადგურებდა კიდეც ჩანაწერებს, უეცარ სიკვდილს ხელი რომ არ შეეშალა.
იმას, რაზეც ქვემოთ მოგითხრობთ, პირველად 1926-1927 წლების ზამთარში შევეჯახე. იმ ზამთარს მოულოდნელად გარდაიცვალა ჯორჯ გემელ ეინჯელი, რომელიც ბაბუად მერგებოდა – ღვაწლმოსილი პროფესორი, როდ-აილენდში, პროვიდენსში, არსებული ბრაუნის უნივერსიტეტის სემიტური ენების სპეციალისტი. პროფესორმა ეინჯელმა ფართოდ გაითქვა სახელი როგორც უძველეს დამწერლობათა მცოდნემ. მას ხშირად მიმართავდნენ უდიდესი მუზეუმების ხელმძღვანელები, ამიტომ, მიუხედავად 92 წლის ასაკისა, მის გარდაცვალებას შეუმჩნევლად არ ჩაუვლია. ინტერესს ის უფრო ამძაფრებდა, რომ პროფესორი იდუმალ ვითარებაში აღესრულა – იმ ნავმისადგომიდან დაბრუნებისას, სადაც ნიუპორტიდან ჩამოსული გემი იდგა. თვითმხილველები ირწმუნებოდნენ, ვიღაც ზანგს დაეჯახა და წაიქცაო. შავკანიანი, რომელიც შესახედავად მეზღვაურს ჰგავდა, მოულოდნელად გამოსულიყო რომელიღაც საეჭვო, ბნელი ეზოდან იმ გორაკის ციცაბო ფერდობზე, რომლიდანაც, განსვენებულის უილიამს-სტრიტზე მდებარე სახლისკენ მიმავალი გზა იწყებოდა. ექიმებმა სხეულზე ძალადობის კვალი ვერ აღმოაჩინეს და ხანგრძლივი უთავბოლო კამათის შემდეგ დაასკვნეს, რომ მოხუცის გულმა მეტისმეტად ციცაბო აღმართს ვეღარ გაუძლო. მაშინ საფუძველი არ მქონია, ამ დასკვნას უნდობლად მოვკიდებოდი, მაგრამ მოგვიანებით მის სისწორეში, რბილად რომ ვთქვა, ეჭვი შემეპარა.
ვინაიდან ქვრივი ბაბუა შთამომავლობის გარეშე გარდაიცვალა, მისი მემკვიდრე და ანდერძის ერთადერთი აღმსრულებელი მე გახლდით, ამიტომ, როგორც წესი და რიგია, მისი არქივი საგულდაგულოდ უნდა შემესწავლა. ამ მიზნით ყველა სკივრი და საქაღალდე ბოსტონში წავიღე. ჩემ მიერ გადარჩეული მასალის უდიდესი ნაწილი მოგვიანებით ამერიკის არქეოლოგიურმა საზოგადოებამ გამოაქვეყნა, მაგრამ დარჩა კიდევ ერთი სკივრი, რომლის შიგთავსიც ფრიად იდუმალად მომეჩვენა და გადავწყვიტე, მის შესახებ არავისთვის გამემხილა. სკივრი დაკეტილი იყო და გასაღები მანამ ვერ ვიპოვე, სანამ აზრად არ მომივიდა, ის ასხმა დამეთვალიერებინა, ბაბუაჩემს ჯიბით რომ დაჰქონდა. როგორც იქნა, სკივრი გავაღე. მაგრამ მაშინვე მეორე, უფრო დიდ დაბრკოლებას წავაწყდი – აბა, საიდან უნდა მცოდნოდა, რას ნიშნავდა თიხის უცნაური ბარელიეფი, ნაწყვეტ-ნაწყვეტი ჩანაწერები და გაზეთის ამონაჭრები, სკივრში რომ ეწყო? გადავწყვიტე, ის ახირებული მოქანდაკე მეპოვა, რომლის ნახელავმაც მოხუც მეცნიერს ერთ დროს გამჭრიახი გონება აურია.
ბარელიეფს არაწესიერი ოთხკუთხედის ფორმა ჰქონდა, სისქე – დუიმზე ნაკლები, ფართობი კი, ასე, ხუთი-ექვსზე. ნაკეთობა ახალს ჰგავდა, თუმცა ის, რაც მასზე იყო გამოსახული, არც ჩანაფიქრით, არც სულისკვეთებით არ შეესატყვისებოდა თანამედროვეობას, ვინაიდან კუბიზმი და ფუტურიზმი, მთელი მათი მრავალფეროვანი და თავაწყვეტილი უცნაურობის მიუხედავად, იშვიათად თუ აღადგენს იმ იდუმალ წესრიგს, წინარეისტორიულ დამწერლობებში რომ დავანებულა. ამ გამოსახულებაზე კი რაღაც ამდაგვარი უდავოდ იკითხებოდა. მიუხედავად იმისა, რომ კარგად ვიცნობდი ბაბუას ჩანაწერებს და უძველეს ხელნაწერთა კოლექციებს, ეს ნიშნები არათუ ვერც ერთ მათგანს ვერ მივამსგავსე, ნაბიჯითაც კი ვერ მივუახლოვდი მათი წარმოშობის საიდუმლოს.
იეროგლიფების თავზე გამოსახული ფიგურა აშკარად ილუსტრაცია იყო, თუმცა ექსპრესიონისტული