წინასიტყვაობა
ყოველი მითი სიმართლეს მოგვითხრობს.
ასე ეუბნება ჯეის უეილანდი კლერი ფრეის ლანდმონადირეების ქრონიკების პირველ წიგნში – „ძვლების ქალაქი“.
ჯეისი, რა თქმა უნდა, ბევრ რამეს გულისხმობს. პირველ რიგში იმას, რომ რასაც მითები მოგვითხრობენ, თითქოს ზღაპრულ არსებებზე – ვამპირებზე, მაქციებზე, ფერიებზე, მოჩვენებებზე, ყველა ზომის, ფორმისა და განწყობის ურჩხულებზე – სიმართლეა და, ფაქტობრივად, სამყარო ამ არსებებითაა სავსე. კიდევ იმასაც, რომ გულით გვჯერა ამბების, რომელთა გმირები თავად ვართ; რომლებშიც კეთილი ადამიანები ბოროტებას ებრძვიან და ამარცხებენ; სადაც ყოველთვის არის იმედის მარცვალი. და ეს ამბებიც ნამდვილია. „ძვლების ქალაქი“ მთავრდება კლერის შეგრძნებების აღწერით, რომელიც ნიუ-იორკის თავზე მიფრინავს და ყველა იმ ჯადოქრობასა და საოცრებას ხედავს, რაც მანამდე მისთვის დაფარული იყო.
ყოველი მითი სიმართლეს მოგვითხრობს.
„ძვლების ქალაქის“ წერა როდესაც დავიწყე, შეყვარებული ვიყავი მითებზე ვამპირების, ფერიებისა და ჯადოქრების შესახებ; ასევე – ანგელოზებისა და დემონების მითოლოგიურ ამბებზე. მხიბლავდა „დაკარგული სამოთხე“, დანტეს „ჯოჯოხეთი“ და მაიკ კერის „ლუციფერი“. მომაჯადოვა იმან, თუ როგორი სიყვარულითა და თავისუფალი ნებით შეეჭიდნენ ადამიანები აბსოლუტური ბოროტებისა და აბსოლუტური სიკეთის იდეებს. ისეთი სამყაროს შექმნა მსურდა, რომელსაც ფოლკლორი გაამდიდრებდა და რომელშიც ადამიანები ერთმანეთს მოუყვებოდნენ ამბებს არსებებზე, ღამღამობით თავდასხმა რომ შეუძლიათ; გარდა ამისა, ასეთ სამყაროში იარსებებდნენ ისეთი ყოვლისშემძლე ანგელოზებიც, რომლებთათვისაც თვალის გასწორება შეუძლებელი იქნებოდა; ასევე იქნებოდნენ დემონებიც, რომელთა სისხლიც კეთილშობილ სულს ბოროტად გარდაქმნიდა.
მსურდა რეალობად ქცეულიყო ის, რაც მითებითა და ისტორიით არის შებურვილი და სიმბოლოდ ქცეული. როდესაც ვალენტინი ჯეისს მდუმარე ქალაქის საპყრობილის საკნიდან ათავისუფლებს, უხსნის: „ეს ის მახვილია, რომლითაც ანგელოზმა ადამი და ევა ედემის ბაღიდან გამოაძევა. „ედემს კი აღმოსავლეთით ქერუბიმები და ცეცხლოვანი, მბრუნავი მახვილი დაუყენა“. მოგვიანებით საიმონი მთავარანგელოზ მიქაელის მახვილს ეუფლება. აღმაფრთოვანა იმ აზრმა, რომ ასეთი ძლევამოსილი, მდიდარი ისტორიის მქონე ნივთები შეიძლებოდა, ჩვენი გმირების ხელში აღმოჩენილიყო.
ლანდმონადირეების სამყაროში ანგელოზებისა და დემონების არსებობა ის პირველადი მითია, რომლიდანაც ამბის ყველა დანარჩენი ასპექტი მომდინარეობს. ლანდმონადირეები ანგელოზის სისხლით შეიქმნენ. ფერიები ნაწილობრივ ანგელოზური, ნაწილობრივ კი დემონური ბუნების მატარებლები არიან. ჯადოქრები ადამიანებისა და დემონების შთამომავლებს წარმოადგენენ; მაქციები და ვამპირები კი დემონური დაავადებების მქონე ადამიანებს. ისეთი სამყაროს შექმნა მსურდა, რომელშიც აღრეული იქნებოდა მითი და ფოლკლორი, სადაც ყოველ ჯადოსნურ ამბავს ახსნა მოეძებნებოდა.
ყოველი მითი სიმართლეს მოგვითხრობს.
ლანდმონადირეების იდეა ბიბლიური ნეფილიმების ამბებმა შთამაგონა. ისინი ადამიანებისა და ანგელოზების ნაშიერები იყვნენ, უზარმაზარი ურჩხულები, რომლებმაც დედამიწაზე ნგრევა მოიტანეს. როგორც მწერლებს სჩვევიათ, მითი ჩემებურად გადავაკეთე; ავიღე ის, რაც ყველაზე მომხიბლავი მომეჩვენა – ანგელოზებს შვილები ჰყავთ, რა უნდა იყოს ამაზე ადამიანური! (რა თქმა უნდა, ლანდმონადირეები ანგელოზის სისხლისგან არიან შექმნილები, თუმცა რაზიელს მათდამი მამობრივი გრძნობა არ განელებია). მთავარი იდეა ისაა, რომ ლანდმონადირეები ნაწილობრივ ანგელოზის ბუნებისანი, ანუ სიკეთის სიმბოლოები არიან, თუმცა მათ ახასიათებთ ადამიანების ყველა თვისება: სიმყიფე, სისასტიკე, სიხარბე, ეგოიზმი, სასოწარკვეთილება. ეს იმის ნიმუშია, როგორ შეიძლება, ძველი ამბის გამოყენებით მკითხველს საშუალება მისცე, წარმოიდგინოს, რას ნიშნავს ღვთაებრივი ბუნების, უზარმაზარი ძალაუფლების ფლობა – როგორც ადამიანი-ობობა გვახსენებს ხოლმე, ამის გამო უზარმაზარ პასუხისმგებლობასაც უნდა ვგრძნობდეთ.
ყოველი მითი სიმართლეს მოგვითხრობს.
რა თქმა უნდა, ჯეისი იმასაც გულისხმობს, რომ ძველი ამბების წყალობით სამყაროს აღქმა გვიყალიბდება. „სასიკვდილო იარაღები“, უპირველეს ყოვლისა, კლერის ამბავს მოგვითხრობს. ამბავს იმ გოგოსი, რომელიც ჩვეულებრივი თინეიჯერიდან გმირად იქცა; გოგოსი, რომელიც ირგვლივ ჯადოქრულ სამყაროს ვერ ამჩნევდა, მაგრამ შემდეგ არა მხოლოდ დაინახა, არამედ მისი მბრძანებელი და მაკონტროლებელიც გახდა. კლერი ხელოვანია, რომელიც ანგელოზების ჯადოსნურ ენას – რუნებს – ქმნის და მას საკუთარი ამბის მოსაყოლად, საკუთარი ბედისწერის განსაზღვრისთვის იყენებს. კლერი და მისი მეგობრები არიან გმირები, რომლებიც თავიანთ ამბებს ქმნიან – ისე, როგორც საბოლოოდ ჩვენ, ყველანი.