შემოჭრილი
ამბობენ (რაც, ძნელი სარწმუნოა), რომ ეს ამბავი თავად ედუარდ ნილსენმა მოჰყვა უფროსი ძმის, კრისტიანის ცხედართან ღამისთევის დროს. კრისტიანი ათას რვაას ოთმოცდაათ რომელიღაც წელს მორონის მახლობლად ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. სინამდვილეში, ვიღაცამ ვიღაცისგან მოისმინა იმ შორეულ, დაუსრულებელ ღამეს, მატეს სმის დროს და სანტიაგო დაბოვეს მოუთხრო, ვისგანაც მე გავიგე. წლების შემდეგ, კიდევ ერთხელ მიამბეს ტურდერაში, სადაც ეს ამბავი მოხდა. მეორე ვერსია, უფრო დაწვრილებითი, სანტიაგოს ნაამბობს ადასტურებდა – მცირეოდენი ვარიაციებითა და სახეცვლილებით, რაც ბუნებრივი ამბავია. ახლა მე ვწერ, რადგან თუ არ ვცდები, მასში, როგორც სარკეში, ისე აისახება სანაპიროს ძველი მცხოვრებლების ტრაგიკული ხასიათი. პატიოსნად აღვასრულებ, თუმცა წინასწარ ვიცი, ვერ გავუძლებ ლიტერატურულ ცდუნებას, რაღაცებს გავამძაფრებ ან წვრილმანებს დავამატებ.
ტურდერაში ძმებს ნილსენებს ეძახდნენ. სამრევლოს მოძღვარმა მიამბო, რა გაოცებული იხსენებდა მისი წინამორბედი ნილსენების სახლში ნანახ გაცრეცილი ბიბლიას – შავ ყდაში ჩასმულსა და გოთური ნიშნებით მოხატულს, ბოლო გვერდებზე ხელით მიწერილი სახელები და თარიღებიც შეუნიშნავს. სახლში ეს ერთადერთი წიგნი იყო. ნილსენების ბედუკუღმართი ქრონიკა ისევე გაუჩინარდა, როგორც გაუჩინარდება სხვა ყველაფერი. სახლი უკვე აღარ არსებობს, შეულესავი აგურის იყო, შემოსასვლელიდან ორი პატიო მოჩანდა – ერთი ფერადი ფილებით მოკირწყლული, მეორე – მიწისა. თუმცა იქ ცოტანი თუ შესულან. ნილსენები თავის მარტოობას იცავდნენ. გამოცარიელებულ სახლში უბრალო საწოლებზე იწვნენ, მათი ერთადერთი ფუფუნება ცხენი, აღკაზმულობა, მოკლეპირიანი დანა, შაბათის საზეიმო სამოსი და შფოთისამშლელი ალკოჰოლი იყო. გამიგონია, მაღლები იყვნენ, ჟღალთმიანები. დანია ან ირლანდია, რომელთა შესახებაც ალბათ არასოდეს სმენიათ, ამ ორი კრეოლის სისხლში იყო. წითურებს უბანში უფრთხოდნენ. არ არის გამორიცხული, მათ კისერზე რომელიღაც მკვლელობა ყოფილიყო. პოლიციაში ერთხელ მხარდამხარ იჩხუბეს. ამბობენ, რომ უმცროსს ხუან იბერასთან მოუვიდა უსიამოვნება, საიდანაც არც თუ ისე ცუდად გამოძვრა, რაც, ამ საქმეში ჩახედულებს თუ დაეჯერება, თავისთავად ბევრს ნიშნავს. მეხრეები იყვნენ, ტყავს თრიმლავდნენ, საქონელს კლავდნენ და ხანდახან დაღავდნენ. ძუნწები ყოფილან, მხოლოდ სასმელი და თამაში აგულუხვებდათ. ნათესავების შესახებ არავის არაფერი სმენია, არც ის, თუ საიდან მოვიდნენ. საზიდარი და ერთი უღელი ხარი ჰყავდათ.
ძმები გარეგნობით განსხვავდებოდნენ იმ მცხოვრებლებისგან, რომელთა დევნილმა წინაპარმაც იქაურობას მეტსახელად კოსტა ბრავა უწოდა. ეს და ყველაფერი, რაც არ ვიცით, ნათელს ჰფენს, თუ რა მტკიცედ იყვნენ შეკრულები. ერთ მათგანთან წაკიდება ორი მტრის გაჩენას ნიშნავდა.
ნილსენები მოარშიყეები იყვნენ, მაგრამ მათი სასიყვარულო ამბები ჭიშკართან და საროსკიპოებში მთავრდებოდა. ამიტომ იქაურებს სალაპარაკო მიეცათ, როდესაც კრისტიანმა ხულიანა ბურგოსი თავის სახლში საცხოვრებლად მიიყვანა. მართალია, ამგვარად მოსამსახურე იშოვა, მაგრამ ისიც მართალია, რომ უბრალო სამკაულებით აავსო, რომლითაც ქალი წვეულებებზე თავს იწონებდა. სოფლის ღარიბულ დღესასწაულებზე, სადაც სხვის ქალებთან არშიყი მიღებული არ იყო, ჯერ კიდევ დღის სინათლეზე ცეკვავდნენ. ხულიანას მუქი კანი და ნუშისებრი თვალები ჰქონდა, საკმარისი იყო ვინმეს შეეხედა, მაშინვე გაიღიმებდა. მოკრძალებულ უბანში, სადაც შრომა და მოუვლელობა ქალებს ნაადრევად აბერებს, არც თუ ცუდი შესახედაობით გამოირჩეოდა.
თავდაპირველად ედუარდო ყველგან თან ახლდათ. შემდეგ არესიფეში გაემგზავრა, არავინ იცის რა საქმეზე. სახლში ვიღაც გოგონა მოიყვანა, გზად წამოიყოლა, მაგრამ რამდენიმე დღეში გააგდო. მას შემდეგ უფრო მოიქუფრა, ფარდულში მარტო სვამდა, ყველას გაურბოდა. კრისტიანის ცოლზე იყო შეყვარებული. უბანი, რომელიც სავარაუდოდ, ედუარდოზე ადრე მიხვდა ამ ამბავს, ბოროტი სიხარულით ელოდა ძმებს შორის გაჩენილი ქიშპის გაგრძელებას.
ერთ ღამეს შინ გვიან მობრუნებულმა ედუარდომ ღობეზე გამობმული კრისტიანის შავი ცხენი დაინახა. კრისტიანი თავის საუკეთესო სამოსში გამოწყობილი ელოდა. ქალი მატეთი ხელში სახლში შედიოდა და გამოდიდა. კრისტიანმა ედუარდს უთხრა:
– ფარიებთან დროის სატარებლად მივდივარ. შენ თუ გინდა, ხულიანა აგერ არის და იხმარე.
მბრძანებლური და თავაზიანი ხმა ჰქონდა. ედუარდო კარგა ხანს გაოგნებული შესცქეროდა, არ იცოდა რა ექნა. კრისტიანი წამოდგა, ედუარდოს დაემშვიდობა, ხულიანას არა – ვითომ უსულო საგანი იყო – ცხენს მოაჯდა და აუჩქარებლად, ჩორთით წავიდა.
იმ ღამიდან მოყოლებული, ქალს იზიარებდნენ. არავინ იცის იმ ბინძური ერთიანობის წვრილმანები, რომელიც იქაურ მკვიდრთა ღირსებას შეურაცხყოფდა. რამდენიმე კვირა ყველაფერი მოგვარდა, მაგრამ ასე დიდხანს ვერ გასტანდა. ძმები ხულიანას სახელს არ წარმოთქვამდნენ, დასაძახებლადაც კი, მაგრამ ეძებდნენ და პოულობდნენ მიზეზს უთანხმოებისთვის. კამათობდნენ ტყავის გაყიდვაზე, მაგრამ რაზეც დავობდნენ, სულ სხვა რამ იყო. კრისტიანი ხმას იმაღლებდა და ედუარდო ჩუმდებოდა. ვერ ხვდებოდნენ, მაგრამ ერთმანეთს უთვალთვალებდნენ. მკაცრ, მიყრუებულ გარეუბანში მამაკაცი არ იტყოდა, არც ითქმოდა, რომ სურვილისა და დაუფლების გარდა, ქალი შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ ორივენი შეყვარებულები