სულეთის კიდობანი - აეგეთია ეს ცხოვრება! - ამბობს შუღლიანთ სება და ცოტა დუმილის შემდეგ დაამატებს - მააშ! - მერე შემოგხედავს, თავიდან ფეხებამდე ჩაგათვალიერებს და შეგეკითხება:
- შენ რას იტყვი, ძმისწულო, ჰა?
- რაზე?
- ცხოვრებაზე.
- რა ვიცი, რა უნდა ვთქვა?
- ჰო, ჰო, ვერაფერს ვერ იტყვი, აეგეთია ეს ცხოვრება, მააშ! - ბრძნულად დაასკვნის სება და სევდიანად შეჰყურებს გუდამაყრის ხეობაში წამოყუდებულ უზარმაზარ მთებს, რომლებიც ოთხივე მხარეს კეტავენ სივრცეს და მხოლოდ მათ შორის მოქცეული ზეცა გაფიქრებინებს, რომ მარტო ამ ვიწრო ხეობაში არ მთავრდება ყველაფერი. მთის წვერებს შორის მოქცეული ცა ხან ლურჯად ლივლივებს და ხანაც ნაირ-ნაირ ღრუბლებს იგორებს გულზე. დღისით მზე ბიბინებს და ღამ-ღამობით მთვარე ბრწყინავს.
დღე ღამდება და
ღამე თენდება.
გუდამაყრის ვიწრო ხეობას, ამ პატარა ცის ნაგლეჯით ჩამოჰყურებს შორეული სამყარო.
აქ თითქოს არაფერი არ იცვლება.
დღე ღამდება და
ღამე თენდება.
ადამიანი ჩნდება და
ბერდება...
ბერდება და კვდება.
ადამიანები შეგუებულნი არიან ამას.
ხანდახან ზეცას ვარსკვლავი მოსწყდება და სადღაც ჩაიკარგება. გუდამაყრელები ამას ვარსკვლავის გათხოვებას ეძახიან. გათხოვება, ამ შემთხვევაში, სხვაგან წასვლას, უფრო კი გარდაცვალებას ნიშნავს. ვინც ვარსკვლავის გათხოვებას თვალს შეასწრებს, დარდობს. რახან ვარსკვლავი გათხოვდა, ეს იმის ნიშანია, რომ ვიღაც გარდაიცვლება გუდამაყარში. იმათი რწმენით, ყველა ადამიანს საკუთარი ვარსკვლავი ჰყავს და როცა ეს ვარსკვლავი თხოვდება, აქ ადამიანი გარდაიცვლება9 თუმცა ზეცა სავსეა ვარსკვლავებით, გუდამაყრის ხეობა კი პატარაა და ადამიანებიც ძალიან ცოტანი არიან, ამ ვარსკვლავებთან შედარებით.
ჩამოჰყურებს, ჩამოჰყურებს გუდამაყარს ვარსკვლავებით მოჭედილი სამყაროს თვალი.
- აეგეთია ეს ცხოვრება! - როგორღაც ნიშნისმოგებით ამბობს შუღლიანთ სება და არავინ კი არ ეკითხება, როგორია. თითქოს ყველა ხვდება რასაც ამბობს. თითქოს ყველას ერთი პასუხი აქვს ნაპოვნი და ეს პასუხი ერთი სიტყვაა:
- აეგეთია!
- მააშ! - ადასტურებს შუღლიანთ სება და ისეა შეჩვეული ამ სიტყვების თქმას, დღეში ათასჯერ ამბობს. საუბარში დროდადრო დაფიქრდება, შემოგხედავს და გეტყვის:
- აეგეთია ეს ცხოვრება, მაშ! - ისე ამბობს ამას, ისეთ სევდას აყოლებს ნათქვამს, გული ჩაგწყდება, ძალაუნებურად გაჩუმდები და შენც დაფიქრდები.
ერთხელაც იჯდა თავისი სახლის კედელთან სება და დიდხანს დაჰყურებდა ჭიანჭველას, რომელიც მეორე მკვდარ ჭიანჭველას მიათრევდა.
ცოცხალ ჭიანჭველას უჭირდა ბალახებში მკვდარი ჭიანჭველის თრევა, მაგრამ თავს არ ანებებდა, ბალახიდან ბალახზე წვალებით გადადიოდა. სებას უნდოდა მიხმარებოდა, მაგრამ არ იცოდა საით მიდიოდა ჭიანჭველა.
- აეგეთია ეს ცხოვრება! - ჩაილაპარაკა სებამ.
- როგორი, მამავ? - შეეკითხა უცებ მის გვერდით მჯდარი პატარა ბიჭი.
სებამ შვილს შეხედა.
- როგორია მამავ? - ისევ ჰკითხა შვილმა.
- როგორი და ეგეთი - უფრო თავისთვის თქვა სებამ და ცოტა დუმილის მერე დააყოლა:
- ისე იწყება, შენ არავინ არ გეკითხება და ისე მთავრდება, არც მაშინ გეკითხება ვინმე რამეს.
პატარა ბიჭი გაკვირვებული შეჰყურებდა მამას და ვერაფერი კი ვერ გაეგო მისი საუბრიდან.
- აემ ჭიანჭველას ხომ ხედავ? - ჭიანჭველაზე მიუთითა სებამ ბიჭს.
- რომელს?
- მკვდარს რომ მიათრევს.
- რატო მიათრევს? - ჰკითხა შვილმა.
- ეტყობა ეგ მკვდარი მაგისი ან დედაა, ან მამა, ან ძმა, ან შვილი, ან ნათესავი. სადღაც იყვნენ, ის ვიღაცამ მოკლა და ეს სახლში მიასვენებს მკვდარს, - თქვა სებამ და სევდიანად დააყოლა:
- აეგეთია, შვილო, ეს ცხოვრება, მააშ!
ბიჭიც როგორღაც სევდიანად შეჰყურებდა მამას.
სება ყვებოდა: შენ დროთაი რო ვიყავ, მაშინაც ესე დადიოდნენ ამ ადგილას ჭიანჭველები და მამაჩემი სუ ერთთავად იმას მაფრთხილებდა - ბალღო, ფეხს რო ადგამ, ჯერ წინ დაიხედე, ჭიანჭველას ფეხი არ დაადგა, ისიც ხვთის გაჩენილია, ტყუილუბრალოდ რატო უნდა მოკლა. აბა, მოდი და კარგად დააცქერდი როგორ შრომობენ, როგორ ამბავში არიან?! მაგათაც თავის ცხოვრება აქვთ, მაგათაც უნდათ დიდხანს სიცოცხლე. ნაბიჯს რომ გადადგამ ჯერ წინ დაიხედე, შვილო.
ერთი ხანობა, ლამის სიარული გადამავიწყდა, საითაც ფეხს გადავადგამდი, ყველგან ჭიანჭველა მიდიოდა.
მერე მამაჩემი ომში წაიყვანეს და მეც ნელ-ნელა გადამავიწყდნენ ჭიანჭველები. თანდათან გავიმართე, ამაყად დავიწყე დედამიწაზე სიარული.
- მამავ, პაპაი ომში მოკლეს? - ჰკითხა ბიჭმა.
- არა, ომიდან უვნებელი ჩამოვიდა და ციმბირში გაასახლეს.
- რატო?
- ომში გერმანელებს ჩაუვარდა ტყვედ და როცა ომი დამთავრდა, ტყვეობაში ნამყოფი ხალხი გააციმბირეს. მამაჩემი ციმბირიდან გამოიქცა და ღამე მოვიდა სახლში. დღისით გარეთ არ გამოდიოდა, ღამე მიდიოდა სათიბზე და სამკალზე. ვიღაცამ დააბეზღა მთავრობასთან და