პირველი თავი -
მესამე – ...მისი თვალებით ვხედავდი, მისი ყურებით ვისმენდი და გარწმუნებთ – რჩეულია, სწორედ ისაა, ვისაც ვეძებდით. იდეალთან იმდენად ახლოსაა, რამდენადაც შესაძლებელია.
– უფროს ძმაზეც ამას ამბობდით.
– მისი ძმის გამოყენება სულ სხვა მიზეზის გამოა შეუძლებელი. ძმის შემთხვევაში, ეს შესაძლებლობები არაფერ შუაშია.
– დაზეც იმავეს თქმა შეიძლება, თუმცა, ეს ბიჭიც საეჭვო ჩანს. ზედმეტად დამყოლია. სხვა ადამიანების ნებას იოლად ემორჩილება.
– მხოლოდ მაშინ, თუ ეს ადამიანები მტრები არ არიან.
– მაშ, როგორ მოვიქცეთ? ვიზრუნოთ, რომ მუდამ მტრების გარემოცვაში იყოს?
– თუ საჭირო იქნება.
– მახსოვს, აღნიშნავდით, თითქოს ეს ბიჭი მოგწონდათ...
– როდესაც იმაგოების(იმაგო – ფრთოსანი მწერის განვითარების ბოლო სტადია. ნაწარმოებში კაცობრიობას სწორედ მწერების მსგავსი გიგანტური ფრთოსანი ქმნილებები უპირისპირდებიან.) ხელში ჩავარდება, მათ ფონზე კეთილ ბიძიად გამოვჩნდები.
– კარგი. ბოლოსდაბოლოს, საქმე სამყაროს გადარჩენას ეხება. აიყვანეთ.
მონიტორების განყოფილების ექთანმა თბილად გაუღიმა და თმა აუჩეჩა:
– ენდრიუ, წარმომიდგენია, როგორ მოგბეზრდა ეს საშინელი მონიტორი. თუმცა შენთვის კარგი ამბავი მაქვს – დღეს მისგან გათავისუფლდები. უბრალოდ ამოგაცლით. ეს სულაც არაა მტკივნეული, ოდნავაც ვერ იგრძნობ.
ენდერმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
ცხადია, სრული სიცრუე იყო, რომ „ოდნავაც ვერ“ იგრძნობდა. უფროსები ხომ სწორედ ასე ცრუობდნენ ხოლმე, როდესაც სახიფათოსა და ნაკლებად სასიამოვნოს გეგმავდნენ. ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ყველაფერს იგრძნობდა. ზოგჯერ ტყუილი სიმართლეზე მეტს ამბობს.
– ენდერ, მოდი, გასასინჯ მაგიდაზე ჩამოჯექი. მცირე შემოწმებას ჩაგიტარებ. მალე ექიმიც შემოვა.
ესე იგი, მონიტორს მოაშორებენ! ენდერი შეეცადა, წარმოედგინა, რომ კისერში ჩამონტაჟებული ის პატარა მოწყობილობა აღარ შეაწუხებდა: „ლოგინში ისე ვიკოტრიალებ, რომ ბალიშის პირს არ გამოედება, არც იმას ატანა მომიწევს, როგორ ხურდება და მჩხვლეტს შხაპის მიღებისას. პიტერიც აღარ იგრძნობს ჩემ მიმართ სიძულვილს. შინ რომ მივალ და მონიტორის გარეშე დამინახავს, მიხვდება, რომ ვერც მე ჩავაბარე გამოცდა და ისევ ჩვეულებრივ ბიჭად ვიქეცი, ზუსტად ისეთად, როგორიც თავადაა. მაშინ ყველაფერი ბევრად უკეთ იქნება. მაპატიებს, რომ მონიტორს მასზე ერთი წლით დიდხანს ვატარებდი და ჩვენ...
არა, ალბათ, მეგობრები ვერ გავხდებით. პიტერი სახიფათოა. ის ძალიან ადვილად ბრაზდება. ჩვენ უბრალოდ ძმებად დავრჩებით. არც მტრები ვიქნებით, არც მეგობრები. ძმებად დავრჩებით და ერთ სახლში ვიცხოვრებთ. ის აღარ იგრძნობს ჩემ მიმართ სიძულვილს და თავს დამანებებს. და როდესაც იმაგოებსა და ასტრონავტებს შორის ომობანას მოინდომებს, იქნებ არც მომიწიოს თამაში... ჩემთვის სადმე მოვკალათდები და წიგნს წავიკითხავ“.
თუმცა, ენდერმა კარგად იცოდა, რომ პიტერისგან თავს ვერასდროს დაიხსნიდა. გაბრაზებული პიტერის მზერაში რაღაც საზარელი იგრძნობოდა... ენდერი ამას მაშინვე ხვდებოდა – ძმის მოელვარე თვალები იმის ნიშანი იყო, რომ იგი თავს არასდროს დაანებებდა.
„ფორტეპიანოზე დაკვრას ვსწავლობ, ენდერ, მოდი, ნოტების ფურცელი გადამიშალე. ოჰ, იქნებ ძმის დასახმარებლად არ გცალია, მონიტორის ბიჭუნავ? მეტისმეტად ჭკვიანი ხარ, არა? კოსმოსში იმაგოების ხოცვას აპირებ? არა, არა, არ მჭირდება შენი დახმარება. თავადაც გავართმევ თავს, შე პატარა ნაბიჭვარო, საძაგელო მესამევ“.
– პროცედურა დიდხანს არ გასტანს, ენდრიუ, – უთხრა ექიმმა.
ენდერმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.
– მოწყობილობას ყოველგვარი ტკივილის გარეშე მოვხსნით, არც ინფექციის საშიშროება არსებობს. მცირე ღიტინს იგრძნობ, ზოგი იმასაც ჩივის, თითქოს უეცრად რაღაც დაკარგეს. ძებნას დაიწყებ, პოვნას შეეცდები, მაგრამ ვერ შეძლებ, რადგან აღარ გემახსოვრება, რას ეძებ. ამიტომ პირდაპირ გეტყვი – შენ იმ მონიტორს ეძებ, რომელიც უკვე აღარ გაქვს. ეს შეგრძნება რამდენიმე დღეში გაგიქრება.
საუბრისას ექიმი ენდერის კეფასთან რაღაცას ატრიალებდა. მოულოდნელად აუტანელი ტკივილი იგრძნო. ისეთი გრძნობა ჰქონდა, თითქოს კისრიდან საზარდულამდე ნემსი ჩაარჭვეს. ზურგში დაუარა და უეცრად მთელი ხერხემალი გაუშეშდა, მაგიდიდან მოწყვეტით გადავარდა და თავით საწოლზე დაემხო. ხვდებოდა, როგორ აქნევდა ფეხებს, ხელები კი ისე მჭიდროდ ჰქონდა ერთმანეთზე მიტყუპებული და მომუჭული, რომ ოდნავ ტკივილსაც გრძნობდა.
– დიდი, – დაიყვირა ექიმმა, – მჭირდები!
პალატაში ექთანი შემოვარდა. სულს ძლივს ითქვამდა.
– ეცადე, კუნთები მოუდუნო. სწრაფად იმოქმედე! რას ელოდები?!
ენდერი ვერ ხედავდა, მაგრამ გრძნობდა, რომ ხელებს ვერ იმორჩილებდა. ერთ მხარეს გადაიწია და გასასინჯი მაგიდიდან მთელი სხეულით გადმოვარდა.
– დაიჭირეთ! – იყვირა ექთანმა.
– უბრალოდ, მყარად გეჭიროს...
– თქვენ გააკავეთ, ექიმო, ჩემთვის მეტისმეტად ძლიერია...
– ბოლომდე ნუ გაუკეთებ! ზედმეტი დოზა გულს გაუჩერებს!..
ენდერმა პერანგის საყელოსთან, კისერში, ნემსის ჩხვლეტა იგრძნო. აეწვა, მაგრამ რაც უფრო მეტად ედებოდა სხეულს მხურვალება, კუნთები მით უფრო უდუნდებოდა. ახლა