ნინო ჭინჭარაული -
მომღერალი ჩრდილი, კედრის კაკლები
და სიზმარმჭერი
თუ ზუსტად მახსოვს, ჰერტა მიულერი თავის ერთ-ერთ მოთხრობაში ამბობს, რომ კითხვაზე, თუ რატომ წერს სულ მეფეზე, პასუხობს – იმიტომ, რომ ის ბავშვობიდანვე მის გონებაში იყო ჩაბუდებული და სანამ მასზე არ დაწერდა, სხვა არაფერზე შეეძლო წერა. მხოლოდ ამის წაკითხვის შემდეგ დავაკვირდი და შევამჩნიე, რომ ჩემს ნაწერებში თითქმის ყველგან ვსაუბრობ მამაზე, რადგან ჩემს ცნობიერსა თუ ქვეცნობიერს მასზე მეტად არაფერი აწუხებს და ვერც შეაწუხებს, სანამ მისი თემა არ მოკვდება ჩემში.
ყველაზე ბრიყვული კითხვა, რომელიც შეიძლება ბავშვს დაუსვან, ჩემთვის ასე ჟღერს: „დედა უფრო გიყვარს, თუ მამა?“ და ამიტომაც ძალიან, ძალიან პატარა ასაკში მას არ ვპასუხობდი. ამასთანავე, ენის წვერზე სულ მითრთოდა სიტყვა „მამა“ და დედის განაწყენებას ვერიდებოდი. მიზეზი მარტივი იყო. დედა სულ გვერდით მყავდა, მზრდიდა, მასწავლიდა, მიკრძალავდა, რეჟიმის დაცვას და ლოცვების მოსმენას მაიძულებდა... მამას კი იშვიათად ვხედავდი და თანაც, მისი სახლში მოსვლა „ქინდერ-სიურპრიზთან“ ან სხვა რაიმე სასუსნავთან ასოცირდებოდა. თუმცა ეს მხოლოდ სამუშაო დღეებში, შაბათ-კვირა კი ყურთასმენის წამღები როკის საათები იყო. მამა თავის უზარმაზარ დინამიკებს რთავდა და „ბაბინებზე“ ჩაწერილ კონცერტებს ბოლო ხმაზე აღრიალებდა. ვერ ვიტყვი, რომ 3-4 წლის ბავშვს ამის მოსმენა მაღიზიანებდა. ინტერესით ვუცქერდი თუ როგორ ებრძოდა ინგვი მალმსტინი გიტარით სამთავიან გველეშაპს ალბომის გარეკანზე და ის ჩემთვის ისეთივე ზღაპრის გმირი იყო, როგორც ცხრათავიან დევთან მებრძოლი ხუთკუნჭულა, ოღონდ უფრო დახვეწილი და თანამედროვე.
„დიფ ფარფლი“, „პინკ ფლოიდი“, „ლედ ზეპელინი“ და სხვა მათი „ძმანი“ ჩემი ადრეული ბავშვობის განუყოფელი ნაწილი იყო. ერთი შეხედვით შემეძლო პლაკატებზე მათი ცნობა და კითხვაზე: „რომ გაიზრდები, ვინ უნდა გამოხვიდე?” დაბეჯითებით ვპასუხობდი „პომაკარტი ბიძიას ცოლი!..“
ამასთანავე, რაღაცნაირ მოკრძალებასაც ვგრძნობდი მათ წინაშე, როცა ვხედავდი, როგორი მოწიწებით რთავდა მამაჩემი თავის ფირფიტებს (რომელსაც სხვას არავის აკარებდა), როგორ წამოწვებოდა და ტრანსში გადასული, თვალდახუჭული, დაძაბული სახით უსმენდა კასჰმირ-ს ან ბაბე I'მ გონნა ლეავე ყოუ-ს. ამ დროს არაფრის დიდებით არ შეიძლებოდა მისთვის სიტყვის თქმა ან სხვა ფორმით ხელის შეშლა, რაც კარგად ვიცოდი და ამიტომ ამ ყველაფერს ვუცქერდი, როგორც რაღაც საკრალურს, რომლის უპატივცემულობაც დიდი ცოდვა თუ დანაშაული იყო.
ზუსტად იგივენაირი დამოკიდებულება ჰქონდა დედას თავისი ხატების მიმართ. მიმიყვანდა კედელთან, რომელზეც ისინი ჰქონდა გაკრული, მაჩვენებდა ღვთისმშობლის გამოსახულებას, მიკითხავდა საღმრთო ისტორიას და ოხრავდა: „ადამს და ევას რომ არ შეეცოდათ, რა ბედნიერად ვიცხოვრებდით ადამიანები სამოთხეში“. მერე თავისი წარმოსახვითი სამოთხისა და ჯოჯოხეთის აღწერას მოჰყვებოდა და მე ვიჯექი დარცხვენილი და შეშინებული, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ უკანასკნელში მოხვედრა მელოდა. იმიტომ, რომ არ შემეძლო არც საათობით ლოცვების მოსმენა და არც ისეთი დამჯერი ვიყავი, როგორიც ჩემი დეიდაშვილი, რომლის კარგი საქციელებიც ყოველთვის მაგალითად მოჰყავდათ. და-ძმა არ მყავდა, რომ მათზე ზრუნვის პასუხისმგებლობის გრძნობა ჩაენერგა ვინმეს ჩემთვის ან პირიქით – მათგან რაიმე მესწავლა. თუმცა ხშირად ვნატრობდი დედმამიშვილს, განსაკუთრებით უფროს ძმას, რადგანაც მიმაჩნდა, რომ ჩემნაირ ქაჯს კომპანიონად ბიჭი უფრო შეეფერებოდა. ისე მსურდა უფროსი ძმა მყოლოდა, რომ რამდენჯერმე მესიზმრა კიდეც. მისი სახე არც ერთხელ არ დამმახსოვრებია, მაგრამ მახსოვს, რომ სიზმარში საოცარ სურნელს, ფიჭვის სურნელს ვგრძნობდი. ძალიან მიყვარდა ეს სიზმარი და ხშირად ვიხსენებდი, რეალობაში კი მარტო ვრჩებოდი, გაორებული ღმერთის წარმოდგენასა და როკ-მუსიკას შორის. ზოგჯერ მეგონა რომ ხატები იყო დედაჩემი, ფირფიტები – მამაჩემი და მე ამ ორ განსხვავებულ კუნძულს შორის გაჩხერილი გაურკვევლობა, რომელსაც ორივესთვის უნდა ეცა პატივი.
წლების შემდეგ, ე.წ გარდატეხის ასაკში უკვე შეგნებულად ვსწავლობ მძიმე მუსიკის სიყვარულსა და მამაჩემის სიძულვილს, რომლებიც რაღაც ეტაპზე ერთმანეთის სინონიმები ხდება. მანამდე კი, როცა სკოლაში ვიწყებ სიარულს, მამაჩემი ჩემთვის სირცხვილი და შიშია. ვსწავლობ, როგორ გავიგონო და დავინახო მხოლოდ ის, რაც საჭიროა, როგორ წამოვიდე სკოლიდან კლასელებთან ერთად შემოვლითი გზით და როგორ მოვახერხო ყველა საშუალებით, რომ სახლამდე მისული მთვრალ მამას არ გადავეყარო. ვსწავლობ, როგორ გავიპარო „საჭირო ოთახის“ მიზეზით კლასიდან ვიდრე მასწავლებელი ჩემს გვარს ამოიკითხავს და შემეკითხება მშობლები სად მუშაობენ. კლასის კარისგან შორს ვდგები, რომ არ გავიგონო დამცინავი წამოძახილი: „დედა – დიასახლისი, მამა – ლოთი“. მსგავსი შემთხვევა ალბათ არც ერთხელ არ ყოფილა, მაგრამ ჯიუტად მჯერა, რომ მასწავლებელს სწორედ ასეთი ფორმით შევყავარ სიაში. გავდივარ დერეფანში და თავს ვუმეორებ, რომ ეს ჩემი სკოლის გამოცდათაგან ყველაზე რთულია და ისე უნდა ჩავაბარო, რომ დამცირებული ვერავინ