შოკოლადის ნატეხი
ხვალ ლუკა მოვიდა და შოკოლადი მომიტანა. შოკოლადი. აი, ასე შევჭამე. ბაბუშკას არ უყვარს, ბავშვები თუ ბევრ შოკოლადს ჭამენ. ხოდა გამიბრაზდა და გადმომაპლუნებინა. იმან არ იცის, რომ პატარებს არაფერი არ აინტერესებთ შოკოლადის გარდა. ლუკა ტიროდა. მერე ბაბუშკამ დააწყნარა და მე გამიჯავრდა. ბაბუშკას არ ქონდა ულიკები ჩემ წინააღმდეგ და მე მაინც დავიწყე ტირილი. მიყვარს მე ტირილი. ჩემს ახალ კაბაზე ბევრი ცრემლები დავაკაპე და მერე დავთვალე. ჩემი ბაბუშკაც ძალიან მიყვარს. უბრალოდ დაძველდა და ფეხები სტკივა. მე არ მინდა, რო მოკვდეს. წავალ, ოქროებს მოვძებნი, როგორც „სტარიე ჩუძესაშია“ და ავაშენებ დიდ, მრგვალ სახლს და ყველა კარგათ ვიქნებით. თუ არ დამიჯერებთ, გავფრინდები ფანჯრიდან და აღარ გეყოლებით. ანდა მარტო სიზმრებში მოვფრინდები. დედიკომ მითხრა, რო გვიან მოვკვდებით. ახლა, აი, ამდენი წლის ვარ, მაგრამ მეც ვიქნები ბაბუშკა. არა, ბაბუშკა რუსულია, მე ბებო ვიქნები, ქართული ბებო, როგორც ნანა ბებო და ვიქნები ისეთი მაგარი, როგორც შპიონკები არიან. ჩემი დედიკო ლამაზია, მაგრამ მკვლელია. სადღაც კლავს ქათამს და მერე მაჭმევს. ძროხასაც კლავს. მე მეცოდება ძროხა. ძროხა გვაძლევს მალაკო, მაცონი, სმიტანუ. მე არ მიყვარს ძროხის ხორცი, იმიტომ, რომ მეცოდება. მიყვარს კატლეტები, სასისკები, შოკოლადი, პური სმასლამ, სმოდამ, ნაამცხვრები. ლუკაც მიყვარს, მაგრამ იმისი შეჭმა არ მინდა. ტუჩებში მინდა, რო ვაკოცო. კიდევ ჩემი ძაღლიონოკი მიყვარს. მაგრამ იმას სულ სველი დრუნჩი აქ და ვერ ვკოცნი. გუშინ ექვსი წლის გავხდი და დაბადების დღე მქონდა და ტორტი მარწყვებიანი. ფოთლებიც ჰქონდა, ნამდვილი ფოთლები, დედამ გაუკეთა და ოღონდ ფოთლები უნდა გამოგეწუწნა და თეფშზე დაგეგდო და მე შემეშალა, დავღეჭე და გადავყლაპე და მამიკო გამიბრაზდა - ღორმუცელა ხარო. ასე იცის ხოლმე უმნიჩობა. ისე, არც ისე ძალიან მომეწონა ფოთლის გემო. მე სხვა ფოთლის გემო მიყვარს. აი, პიტნის და იმისგან ჩაის მიკეთებენ და ხანდახან, როცა ვსვამ, ფოთლებიც შემყვება ხოლმე პირში და ძალიან მეზიზღება. საერთოდ, დაბადებიდან პრობლემები მაქ. ლაპარაკი რო არ ვიცოდი, ჩემი ძმა რასაც უნდოდა მეუბნებოდა, მე კიდე - ვერა. დედიკოს კი საერთოდ არ უყვარს თავისი შვილები იმიტომ, რომ საზიზღარ საჭმელებს გვაძალებს - ბორშს, სუპს, ფუჰ! მე კიდევ ყველაზე ვზრუნავ, რომ დედიკო მალე არ დაბერდეს და მარშინები არ გაუჩნდეს, როგორც ბაბუშკას, რომ ყველა კარგად იყოს და იცოცხლოს მთელმა პლანეტა დედამიწამ. სკოლაში მივდივარ და რა კაია! და მაშინებენ, უნდა ისწავლოო და იმეცადინოო და რა არის ეს მეცადინეობა, არ ვიცი. ალბათ, კითხვა რომ უნდა ვისწავლო და ეგ ხო უკვე ვიცი, ბაღშიც მასწავლეს და სახლშიც და ალბათ, სკოლაში ბევრზე ბევრი უნდა წავიკითხო და სახლში რაღა უნდა ვაკეთო? ალბათ, ვუყურო „შამანა ქინდერს“ და „გალაქტიკ ფუტბოლს“. ყველაზე ძალიან „სალვადორი“ მიყვარს და ვუყურებ, მაგრამ დედიკო და მამიკო დამცინიან, როცა სალვადორს ვუყურებ, მე კიდევ მიყვარს სალვადორი და რომ გავიზრდები, ცოლად გავყვები, როგორც დედიკო გაჰყვა ცოლად მამიკოს და ტუჩებში აკოცეს ერთმანეთს და მეც ვაკოცებ ტუჩებში სალვადორს. მარტო სალვადორის კოცნა არ მეზიზღება და დანარჩენ ბიჭებს ვერ ვიტან, ვერც საზიზღარ ალბერტოს და ვერც ანდრეს კორონას, იზაბელს რო ახრჩობდა, და არც გიორგი მიყვარს და არც ზაზა. მე მაგათ ტუჩებში არ ვაკოცებ, თან რაღაცები ჰკიდიათ ბიჭებს ფუჩულების მაგივრად. ტუალეტში დავინახე, თან რამდენჯერ! სასაცილო რაღაცები აქვთ და მაგრად მეზიზღება. ფუჰ! სალვადორს და ჩემს მამიკოს, არა მგონია, ჰქონდეთ. იმათაც ჩემნაირი ფუჩულები აქვთ და ამიტომ მიყვარს ისინი. მამიკოსაც კი გავყვებოდი ცოლად, მაგრამ სალვადორი უფრო ლამაზია და თან ბაბუშკა ამბობს, ქერა გოგოებს შავი ბიჭები მოსწონთო, სალვადორი კი შავია უკვე მეოთხე კლასში გადავედი და ძალიან გამიხარდა, რომ არდადეგები დამეწყო. მართალია, ლუკას ვეღარ ვნახავ, სანამ სკოლაში არ დავბრუნდებით, მაგრამ სამაგიეროდ, ეს საზიზღარი ინგლისური აღარ მექნება დიდხანს. რატომღაც ვნერვიულობ, როცა ამ გაკვეთილზე მივდივარ. დედამ ნახა ჩემი მასწავლებელი და თქვა, რომ ყველაფერი რიგზეა, მაგრამ მე მაინც ვნერვიულობ. არ ვიცი, რატომ. მირჩევნია, წიგნი წავიკითხო, მაგალითად, „ტომ სოიერი“. დედიკომ მითხრა, წაიკითხეო, როცა მე საბავშვო წიგნი მოვთხოვე. ჯერ თვითონ წაიკითხა ხმამაღლა. ისე კითხულობდა, რომ მომეწონა. მერე მე გავაგრძელე. არა უშავს, მაგრამ ბევრი სიტყვა არ მესმის. როცა დედიკო სახლშია, ვეკითხები და მიხსნის. მაგრამ უმეტესად არ არის სახლში და საერთოდ, ძალიან იშვიათად არის სახლში. მინდა, ძალიან მინდა, რომ ხშირად იყოს