ნეტა საფართხელებს არ ვაცხობდე
ნეტა საფეთქლებზე თმა არ მეხვეოდეს
და თმის ბოლოები თეთრედ არ მიხუნდებოდეს.
ნეტა შუბლზე ოფლიანი ღარები არ მქონდეს.
ნეტა ზედა ტუჩზე ბურნუთის მწვანე კვალი არ მეტყობოდეს.
ნეტა ღაწვები სიცხის ტკაცუნზე არ მიწითლდებოდეს.
ნეტა ნათიბ ბალახში ჩამჯდარს ნაღების სუნი არ ამდიოდეს.
ნეტა წინსაფარზე ფქვილიან ხელებს არ ვიწმენდდე.
ნეტა კაბის ბოლოს მუხლებზე არ ვიფარებდე,
როცა წითელ ქუნთაზე გვერდულად ფეხს მოვიკეცავ.
ნეტა საქსოვიან ნაჭრის პარკს არ ვატარებდე მკლავზე წამოცმულს
და ფერად ძაფებში არ მეხლართებოდეს ქსოვისას დაგრეხილი თითები.
ნეტა აღარ ჭრელდებოდეს ჩემი მოქსოვილი წინდები,
ნეტა გატეხილი სათვალე ცხვირის კეხიდან არ მიცურდებოდეს.
ნეტა შინდის ჯოხს არ ვიარგნებდე, როცა ბანზე გადმოვდგები
და ნისლიან ხეობას გადმოვხედავ.
ნეტა თვალები არ მიღიავდებოდეს,
როცა დილის ბურუსი აიყრება და მზე მოადგება ხავსმიხატულ კედელს.
ნეტა ცრემლი არ მიგროვდებოდეს და მერე არ მითავდებოდეს,
ნეტა თავშალი არ მისველდებოდეს და მერე არ მიშავდებოდეს.
ნეტა მკლავები არ მეჭორფლებოდეს
და ხელში არ მეკარგებოდეს ჩამომჭკნარი მკერდი.
ნეტა ჩემი კაცის წამოხრილ მხრებს ვხედავდე
და ზედ ხელების დაწყობა არ მინდებოდეს,
ნეტა ნიკაპი არ მიკანკალებდეს, როცა მოდის და იცინის.
ნეტა ყველა სარკე უფრო მეტად ბუნდოვანდებოდეს.
ნეტა არ ვუთვალთვალებდე ქარში ფოთოლდაწეწილ ხეებს,
შემოდგომებზე ნანები და ნატირლები არ მემღერებოდეს.
ნეტა ახალი კალოშები პირველ ჭირხლზე არ მიცურდებოდეს.
ნეტა თეთრშუბლა ხბოები მარილს არ მილოკავდნენ ხელისგულებიდან,
ნეტა აღარავის ვკოცნიდე შუბლზე.
ნეტა საფართხელებს არ ვაცხობდე და ზედ ბორჯღალს არ ვაჭრეთდე.
ნეტა არ გამოდიოდეს ჩემი სახლიდან შემწვარი მსხლისა და ვაშლის სუნი.
ნეტა არ ვარჩევდე ჯოყრიან თივაში ხმელ და დახუნებულ ყვავილებს,
გამჭვარტლულ კედლებზე კრაზანისა და თავშავის კონებს არ ვკიდებდე.
ნეტა არ ვიცვამდე შალის სამუხლეებს,
არ მებერებოდეს მუცელი ბალამწარას ჭამისგან.
ნეტა არ ვიწამლებოდე, როცა დიყის ფოთოლი მეხება ღაწვისთავზე.
ნეტა ტუჩები არ მისივდებოდეს,
როცა მიჩვეულ სახელებს ჩურჩულით ვიმარცვლავ.
ნეტა თავშლის ბოლოს არ ვიფარებდე სახეზე, როცა ვიცინი.
ნეტა ძროხის ცურზე თითები არ მიცეკვავდნენ,
როცა გარმონის ხმა მეჩვენება მეზობელი სოფლიდან.
ნეტა აფუებული ბაბუაწვერებისთვის სულის შებერვა არ მინდებოდეს,
ნეტა ჭიამაიებს არ ვაფრენდე ჩუმად უბიდან.
ნეტა წყალი არ მომქონდეს გამჭვირვალე წყაროდან,
ნეტა დევი არ მხვდებოდეს იელის ბუჩქებში.
ნეტა ჩემი ქოხის კედლებს ნეხვით არ ვლესავდე
და ქრისტესისხლებს არ ვუვლიდე კედლის ძირზე.
ნეტა მზის ამოსვლამდე რძეს არ ვადუღებდე,
საკვამურებიდან ამოზლაზნილ კვამლის სვეტებს არ ვითვლიდე
და არ მეტირებოდეს, როცა ცოტავდებიან.
ნეტა დედა არ მესიზმრებოდეს,
ან მავიწყდებოდეს, სიზმარში რომ ვერ მიცნო.
ნეტა არ მედარდებოდეს, ჩემი შვილები რომ მრავლდებიან,
ნეტა არ მახსენდებოდეს, ბალღებს ფეხისგულზე რომ ვკოცნიდი
და საბანს რომ ვუკეცავდი,
ნეტა არ მეჩვენებოდეს, რომ ვპატარავდები და ვთავდები.
ნეტა ჩემი შვილიშვილები
კალთით ნაგროვები ვაშლის ნაფცქვენების სუნს არ იმახსოვრებდნენ
და მერე ძონძებს არ ყნოსავდნენ ჩემ გასახსენებლად.