ერთხელ მამაჩემმა ფეხსაცმელი მიყიდა
ერთხელ მამაჩემმა ფეხსაცმელი მიყიდა.
ჩამოვედით სოფლიდან შემოდგომის ერთ დილას ჩვენ ორნი,
მას შემდეგ, რაც გავყიდეთ რამდენიმე ქათამი
და ცოტა ფული გაგვიჩნდა,
და წავედით ბაზრობაზე, სადაც ერთმანეთზე ეყარა
ყველაზე იაფი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.
მამაჩემი გაჩერდა, ფასი იკითხა, შემომხედა და თქვა, რომ ვყიდულობთ.
ფეხსაცმელი იყო თბილი, მაღალყელიანი და კომფორტული,
გრძელი თასმებით იკვრებოდა მთელი წვივის სიმაღლეზე
და იყო ყველაზე ყავისფერი და ყველაზე უშნო
მთელი სამყაროს გოგოების ფეხსაცმელებს შორის.
მე კი ვიყავი დიდთვალებიანი და ცოტასიტყვიანი ბავშვი
რომელსაც უყვარდა ზვავისა და მეწყერის ჩამოწოლის ხმა
და გაზაფხულის ცოფიანი წყალდიდობები,
მაგრამ ეშინოდა ადამიანების,
და ეშინოდა მამამისის,
და ვერაფრით ეტყოდა, რომ ეს ფეხსაცმელი არ მოსწონს.
მერე დავბრუნდით სახლში და მე არ მიტირია.
დილას შევიკარი გრძელი თასმები მთელი წვივის სიმაღლეზე
და სკოლაში წავედი.
მიწა იყო გაყინული და გზაზე ჩემი ფეხის ხმა
ცხელ ტაფაზე დაყრილი წაბლივით სკდებოდა.
მთელი ზამთარი, მთელი მეორე ზამთარი და მესამე ზამთარი
დედაჩემი და მამაჩემი იყვნენ მშვიდად, რომ მე ფეხები თბილად მაქვს.
მთელი ზამთარი, მთელი მეორე ზამთარი და მესამე ზამთარი
ვბრუნდებოდი სკოლიდან თბილი ფეხებით და ფიქრით,
რომ ფეხსაცმლის ბრალია, ასეთი უშნო რომ ვარ
და შეუყვარებელი.
და განსაკუთრებით ერთ სახლთან გავლისას მეწვოდა ლოყები,
საიდანაც ზანტად ამოდიოდა კვამლი და გულგრილად ირხეოდა ფარდა,
და რატომღაც არ იზრდებოდნენ ჩემი ტერფები,
რომ მომეწყო ერთი გაზაფხულის წყალდიდობა
და გადმომენგრია ეს ყავისფერი კალაპოტი,
ეს სიუშნოვე და სახლში მარტო დაბრუნება
თბილი ფეხებით და ცივი ხელებით,
და ფარდისმიღმიდან გულგრილი თვალებით ამომწვარი ზურგით.
მერე გამეზარდა ფეხები და დამიპატარავდა თვალები.
პირდაპირ ჩემს თავზე ჩამოწვა რამდენიმე ზვავი და მეწყერი,
ვიფიქრე, რომ აღარაფერი ამომიწვავს ზურგს,
აღარაფერი მაიძულებს, ჩავიცვა, რაც არ მომწონს.
მაგრამ სინამდვილეში არაფერი შეცვლილა:
ისევ ისე მაცვია ეს უშნო ცხოვრება,
თითქოს ვიღაცამ მიწა ჩაყარა ყავისფერ ფეხსაცმელში და ჩამრგო.
ხანდახან წყალსაც მისხამს, რომ ბოლომდე არ გავხმე,
მაგრამ ყვავილს თუ გამოვიღებ,
ნაყოფამდე ვერ მიაღწევს, ისე დაჭკნება.
და სიმარტოვის გრძელი თასმები -
ბოლომდე შეკრული, მთელი ტანის სიმაღლეზე,
ყელზე, ნიკაპქვეშ საიმედოდ გამოკვანძული, -
მშვიდად არიან ზამთრობით და გაზაფხულობით,
ზაფხულობით და შემოდგომობით,
რადგან ჩემი დაბრუნება
სახლში, საიდანაც კვამლი არ ამოდის და არც ფარდა ირხევა,
უშნოა, მაგრამ კომფორტული,
და ყველაზე გამძლე და საიმედო
მამაჩემის ნაყიდი იაფი ყავისფერი ფეხსაცმელივით
მთელი სამყაროს გოგოების ცხოვრებებს შორის.