რითმისა და რიტმის საკითხები
„ლიტერატურული გაზეთის“ ფურცლებზე ორ ჩვენს პატივცემულ პოეტს შორის, როგორც მოგეხსენებათ, რითმათა შესახებ შეიქნა კამათი.
ვ. გაბესკირიას აზრით: „რითმა ერთ-ერთი მასალაა ლექსის, თუ შეიძლება ასე ითქვას, ასაშენებლად; მისი ერთ-ერთი სამკაულია, და, რაც უფრო სრულყოფილია ის, მით უფრო ამშვენებს ლექსს“ (ხაზი ჩემია. მ. მ.).
ა. მირცხულავას აზრით: „რითმა ლექსის არა მეორეხარისხოვანი კომპონენტია, ან გარეგანი სამკაული, არამედ მისი განუყოფელი თვისებაა, ორგანული ატრიბუტია; რითმა სტრიქონის შემკვრელი, ტონის მიმცემი და მაორგანიზებელია“ (ხაზი ჩემია. მ. მ.).
არც ერთი ეს განმარტება რითმისა სრულყოფილი არაა.
რითმა არც ლექსის „დამამშვენებელი სამკაულია“ და არც „ტონის მიმცემი“. არც ისა კმარა რითმის არსის განსამარტავად, რომ იგი, როგორც მირცხულავა წერს, „ლექსის განუყოფელი თვისებაა, მისი ორგანული ატრიბუტია, სტრიქონების შემკვრელი და მაორგანიზებელია“ (თუმცაღა ეს ყველაფერი სწორია).
რითმა ერთ-ერთი გამაძლიერებელი ფაქტორია რიტმისა (და არა „ტონის მიმცემი“).
სრულყოფილი რითმა ლექსს კი არ „ამშვენებს“, როგორც ეს გაბესკირიას ჰგონია, არამედ სალექსო რიტმს აძლიერებს (სიტყვებს - „მშვენიერსა“ და „ძლიერს“ კი, როგორც მოგეხსენებათ, შუა უზის დიდი მზღვარი).
ერთგან გაბესკირია წერს: „დასაშვებად რომ მივიჩნიოთ ისეთი ექსპერიმენტი, რომ რომელიმე კარგი ლექსის რითმები უფრო მაღალხარისხოვანი რითმებით შევცვალოთ, - ეს ადვილია; ლექსი შეივსება უკეთესი რითმებით, მაგრამ თვით ლექსი უარესი აღმოჩნდება“...
ეს აზრი სრული უარყოფაა კარგი რითმის გარკვეული ფუნქციისა ამა თუ იმ ლექსის ბგერით ქსოვილში.
საერთოდ, ლექსში რითმის ავკარგიანობის განმსაზღვრელია მისი (ე. ი. რითმის) აზრობრივი აუცილებლობა, კეთილხმოვანებასთან ერთად.
კეთილხმოვანი და აზრობრივ აუცილებლობას მოკლებული რითმა - თვითმიზნურია, ე. ი. არ ვარგა. მაგალითად:
„ვაუწყე ვაწყობთ-თქო აუტოდაფეთა -
და ის უბედური ამიტომ დაფეთდა“.
ასევე უვარგისია აზრობრივად მართალი (და არა „აუცილებელი“), მაგრამ არაკეთილხმოვანი რითმა. რითმა მხოლოდ და მხოლოდ მაშინაა კარგი, როცა იგი კეთილხმოვანიცაა და აზრობრივად აუცილებელიც.
განა რითმათა ასეთი განმარტებების შემდეგ შეიძლება ითქვას ის, რასაც ვიქტორ გაბესკირია ამბობს?!
გაბესკირია წერს: „ჩვენ სწორედ იმ კარგ რითმებს უნდა შევებრძოლოთ, რომელნიც ლექსში იმ განზრახვით შემოსულან რომ თავი მოგვაწონონ, და არა იმ სუსტ რითმებს, რომელთა არსებობაც თვით ლექსის ბუნებამ მოითხოვა“.
მცდარი აზრია; ჩვენ ბრძოლა უნდა გამოვუცხადოთ როგორც კეთილხმოვან თვითმიზნურ რითმებს, ასევე აზრობრივად მართალს, მაგრამ არაკეთილხმოვან რითმას.
აქვე მინდა დავსძინო, რომ არავითარი ლექსის არავითარ „ბუნებას“, არავითარ შემთხვევაში სუსტი რითმა არც მოუთხოვია და არც მოითხოვს.
სუსტი რითმის გამართლება ლექსის ბუნებით - ყოვლად დაუშვებელი ამბავია. ეს თუ ასეა, „მაშინ რა არის მიზეზი, რომ ცუდი რითმები აღმოჩნდებიან ხოლმე ლექსში?! - კითხულობს გაბესკირია - იქნებ ამგვარი რითმები არიან აქტიური მონაწილენი პოეზიის შედევრის შექმნაში?!“
არა მგონია, რომ პატივცემულ ვიქტორს ეგონოს თითქოს პოეზიის ისეთი დიდი შედევრები, როგორიცაა „მერანი“, ანდა „შემოღამება მთაწმინდაზე“, იმიტომ არიან შედევრები, რომ უსრული რითმებით დაწერილნი არიან! უფრო ნათლად! - ამ უსრული რითმების „აქტიური მონაწილეობით“ არიან შექმნილნი!
რაიცა შეეხება ლექსში „ცუდი რითმების“ გაჩენის „მიზეზს“ - მრავალ ფაქტორთა შორის, აქ შეიძლება აზრისათვის რითმის განწირვაც ვივარაუდოთ.
ა. მირცხულავა, ედავება რა ვ. გაბესკირიას, რომელიც „არასწორ, ბოლომახვილიან რითმებს თვლის მე-19 საუკუნის ქართული პოეზიის დამახასიათებელ, თვითმყოფ თვისებად“, წერს: „ერთმახვილიანი ან ბოლომახვილიანი რითმები წარმოიშვა ევროპეიზმის, განსაკუთრებით რუსული პოეზიის გავლენით“.
ეს უეჭველი ჭეშმარიტება გაბესკირიას არასწორად მიაჩნია და თავის საპასუხო წერილში ამის გამო სვამს კითხვას: „რატომ ჰგონია ა. მირცხულავას, რომ ის რითმები, რომლებიც მას არ მოსწონს, ევროპული პოეზიის გავლენით შეიქმნა? არა, ისინი ბარათაშვილის, ილიას, აკაკის, ვაჟას ლექსებმა წარმოშვეს! ისინი მათი ლექსების ნიადაგზე აღმოცენდნენ, მათი ვარდ-ყვავილებია“.
ჯერ ერთი, ვაჟას და აკაკის მაგალითი აქ უადგილოა, რამდენადაც მათი რითმები ქართული ხალხური პოეზიიდან იღებს სათავეს; მაგალითად: სმაზედა - თავზედა, ხალხურია. ცაზედა - თავზედა, ვაჟასია. ხოხობისასა - სხვისასა, ხალხურია. მტკვრისასა - მტრისასა, - აკაკისია.
ხოლო რაიცა შეეხება მე-19 საუკუნის ქართველ რომანტიკოსთათვის დამახასიათებელ რითმას (სრვა - რისხვა, გ. ორბელიანი; დამელევა მე - სიამე, ნ. ბარათაშვილი), „რუსული ვაჟური რითმის „თვალით ათვისების“ თეორიას, - ამაზე უნდა ითქვას, რომ არც მე-19 საუკუნემდე არსებულ ქართულ პოეზიაში (გურამიშვილის გარდა) და არც ქართულ ხალხურ ლექსებში სპორადულადაც კი არ მოიპოვება მათთვის (რომანტიკოსთათვის) დამახასიათებელი რითმების ანალოგიური რამ.
გაბესკირია წერს: „ის ზოგიერთი რითმები, რომლებიც დღევანდელ ლექსს ამშვენებენ, მე-19 საუკუნის მწერლებისათვის ხონჩითაც რომ მიერთმიათ, ხელს არ ახლებდნენ, იმის გამო, რომ მათი ლექსების ბუნება მათ ვერ იგუებდა“.
სრული ჭეშმარიტებაა!
არც აკაკის,