ნაწილი I - პუბლიცისტური წერილები - ღვთისა და ერის სათნო პიროვნება „ქვეყნად ყველაფერი იცვლება, მხოლოდ ჭეშმარიტებაა მარადიული, ამ მშფოთვარე სამყაროს წინაშე უძლეველი არის მხოლოდ ბეთლემის გამოქვაბულის ბაგაში მწოლი ყრმის უწყინარი სიყვარული, მისი ჭეშმარიტი მეუფება სამყაროზე” (საშობაო ეპისტოლე 1990 წ).
თავისი ცოდვებისადმი მიდრეკილი ჯიუტი და ხიბლში ჩავარდნილი ბუნების გამო ქართველ ადამიანს დრო და დრო გონების თვალი ებინდება, ღვთის ცნებების დამვიწყებელს სინანულის გრძნობა უქრება, ღვითისაკენ მიმავალი გზა ეკარგება ოდა ცხოვრება ტანჯვად ექცევა. ისევ უფალი მოხედავს ხოლმე, როგორც მშობელი თავისი სიცელქის გამო დასჯილს და გაბუტულ ბავშვსდ და მოუვლენს „საჭირო კაცს”, რათა მისი მაგალითით მაინც შეძლოს გაუკუღმართებული გონებისა და გულის დაწმენდა. „ყველგან ჩვენს ქვეყანაში საჭიროა იმისთანა კაცი, რომლის მიხედვით და მაგალითით იწურთნება ხასიათი და იწმინდება გონება და გული ადამიანისა”, წერდა დიდი ილია 1898 წელს ყოვლადუსამღვდელოესი ალექსანდრეს 50 წლისთავის იუბილეზე წარმოთქმულ სიტყვაში.
ჩვენ, მეოცე საუკუნის ადამიანებსაც, მატერიის იდიალიზირებაში გართულს, დაგვავიწყდა „შემოქმედი ჩვენი და ღმერთი ჩვენი”. დედა ეკლესიისაგან განშორებულები დიდი ილია ჭავჭავაძის გაფრთხილებას: - „ყველაზე უფრო სული ტკბილია, იგი მონაა ამ წუთისოფლის და ეგ ყოველი (მატერია) მის ბორკილია” – ლამაზ სიტყვებად აღვიქვამდით მხოლოდ, ჩვენი შვილების წინაშე ამ დიდებული სიტყვების ზეპირად ცოდნით ვიწონებდით თავს და მათი ლიტერატურულ-მხატვრული ანალიზით ვკმაყოფილდებოდით. ალბათ უმცირესობა ილიას შემოქმედების სწავლებისას მოზარდის ხალას გონებას უფლისადმი აღვლენილი მისი ლოცვით ვანათებდით:
„მამაო ჩვენო, რომელიცა ხარ ცათა შინა,
მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგავარ შენ წინა,
არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა,
არ მინდა ამით შეურაცხვყო მე ლოცვა წმინდა,
არამედ მწყურს, რომ განმინათლდეს ცით ჩემი სული,
ჩემგან ნამცნების სიყვარულით აღმეძრას გული,
რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან,
გთხოვდე: „შეუნდე, არ იციან, ღმერთო, რას იქმან!”
მაცხოვრის ჩვენის იესოს ქრისტეს ლოცვას „მამაო ჩვენოს” სწავლებას ვინ გაბედავდა, ვინ შეძლებდა. „შეუძლებელი” კაცთათვის კი შესაძლებელია ღმერთისათვის“. და აი, უფალმა თავისი დიდი სიყვარული ათეიზმის ვირუსით შეპყრობილი ქართველი ერის მიმართ განსაკუთრებული ძალით გამოავლინა. თავისი განკაცების მეორე ათასწლეულის დასასრულისათვის ერის რჩეული შვილები თავისი მადლით შემოსა და ჩვენი მიმრუდებული ხასიათის გასასწორებლად ღვთივგაბრძნობილი ჩვენივე მსგავსი დიდებული ადამიანი მოგვივლინა, რათა ჩვენ მისგან გვესწავლა ასე გულმოდგინედ დავიწყებული „მაცხოვარი ჩვენი და ღმერთი ჩვენი”, რომ „ღვთის მადლი არის უძლურთა მკურნალი და ნაკლულოვანთა შემავსებელი”. რომ ძლიერი იყო და უნაკლო გახდე ფიზიკურ, გონებრივ შრომასთან ერთად სულიერი ღვაწლი – ლოცვაა საჭირო დედა ეკლესიის წინაშე, რათა ღვთისაკენ მიმავალი გზა-კვალი ხელახლა არ დაგვებურდოს და ისევ სიბნელეში არ აღმოვჩნდეთ.
უწმინდესო და უნეტარესო, თქვენგან და ჩვენგან შეყვარებული საქართველოს სათაყვანო პატრიარქო, გილოცავთ დაბადების 70 და აღსაყდრების 25 წლის იუბილეს. დიდხანს, ძალიან დიდხანს არ მოეშალოს „თქვენთა ცოცხალ ბაგეთაგან” ღვთისადმი აღვლენილი ლოცვა ჩვენს გატანჯულ ერს. უფლის მაკურთხეველი მარჯვენიდან თქვენზე გადმოსული მადლი თქვენი კურთხეული ხელებით გამრავლებული მრავალ ათეულ წელს ეფინებოდეს ჩვენს „გათითოკაცებულ”, გზააბნეულ ადამიანებს.
თქვენ დროის მცირე მონაკვეთში დაბნეული ერი ეკლესიური გახადეთ, ეკლესიურობა ერის სულიერი ცხონების გზაზე შედგომის საწინდარია, თქვენ ბედნიერი ადამიანი ბრძანდებით, თქვენ ღვთის რჩეული ერის („ერი საზეპურო” უწოდა მაცხოვარმა ჩვენს ერს და „დედის ღვთისმშობლის წილხდომილად ჰყო იგი”) რჩეულმა შვილმა ათეისტური იდეოლოგიით მოწამლული ჩვენი სულების განკურნების გზაზე დაყენებით დაუბრუნეთ ადამიანებს ღვთის რწმენა. გაწამებულ, დამშეულ, გაავებულ, გაბოროტებულ, გამეძავებულ ხალხში, სიყვარული, სიწმინდე, თავმდაბლობა, თანადგომა და შრომის მოყვარეობა, ეს საუკეთესო თვისებები ერისა – ააღორძინეთ და ამით ერთნაირად გაუადვილეთ ცხოვრება მდიდარს და მაშვრალს, სნეულს თუ ჯანმრთელს, ამით მიწიერი ყველა გაჭირვება, შიში და განსაცდელი გააუფერულეთ. ეკლესიურმა ადამიანმა იცის, რომ არც სიმდიდრით თავისმოსაწონებლად და არც სიღარიბის გამო საწუწუნოდ მოუვლენია ვინმეს ამ წუთისოფელში, არამედ – სადიდებლად ღმერთისა. სიკვდილზე ფიქრიც აღარ არის ისე მტანჯველი, რადგან ის მოვა – როცა ღმერთს ენებება, რომ სიკვდილი მხოლოდ ხორციელი ცხოვრების დასასრულია, ამ დროს სიტყვები „მიწა ხარ და მიწად იქეციო” კარგავს შიშის ზარდამცემ ძალას. ვისაც თუნდაც ერთხელ მოუსმენია თქვენი სულში ჩამწდომი საუბარი, ან წაუკითხავს მაინც თქვენი ქადაგებები, იცის, რომ სული უკვდავია და ზეციურ სამშობლოში ბრუნდება. ეს სიტყვები განსაკუთრებით ესალბუნება ჩვენს გულებს, რომელთა შვილებმაც „შეგვასწრეს სასუფეველში” (წმინდა ავგუსტინე). ამ ცხოვრებაში ყველაზე უფრო სიცოცხლეგამწარებული ადამიანები – შვილგარდაცვლილი მშობლები, ჩვენი საშინელი ტრაგედიის გამო თითქმის სხვა განზომილებაში მოხვედრილები, თქვენი თბილი თანაგრძნობით დედამიწაზე დაგვაბრუნეთ და შეგვაგონეთ, რომ ღვთის ბოძებული ჩვენი სიცოცხლის წლები აქ, ამ დედამიწაზე ღვთის ნებით