გია არგანაშვილი
მწერალი, კრიტიკოსი, კინოსცენარისტი. ძალიან დიდხანს ვიყავი ტელეჟურნალისტი, შემდეგი ათი წელი გაზეთებში ვიმუშავე, კინოსცენარი – ჩემი სპეციალობაა. ახლა ვწერ რეცენზიებს, კრიტიკულ წერილებს და პროზას. უამრავი სატელევიზიო პროექტი, საგაზეთო პუბლიკაცია, ათობით განუხორციელებელი და სულ რამდენიმე განხორციელებული კინოსცენარი, პროზისა და კრიტიკის რამდენიმე კრებული და გულწრფელი სინანული იმის გამო, რომ ჯერჯერობით მეტის გაკეთება ვერ შევძელი. სულ ესაა ჩემი შემოქმედებითი ავლადიდება, რაც დღემდე მოვიტანე.
25 სექტემბერი
ჩვენს ლიტერატურაში გვერდით მდგომს თუ არ უყვარხარ, შეიძლება არავინ დაგემოწმოს, რომ ცოცხალი ხარ... :)))
25 სექტემბერი
ცუდია, როცა არსად აღარ დადიხარ და მაინც არსად არ აკლიხარ... :((((
23 სექტემბერი
როდის დადგება ისეთი დრო, როდესაც ქართველი მკითხველი აღარ მიიღებს (არ შეიძენს) ისეთ გამოცემას (სულერთია კლასიკური ტექსტი იქნება თუ თანამედროვე), რომელსაც არ დაერთვის კრიტიკული წერილი ან რეცენზია ამ წიგნის რაობის, ტექსტის მხატვრული ღირებულების და გამოცემის აუცილებლობის შესახებ...
17 სექტემბერი
საბრალო დედაბრისასა
ახლა, როცა ჩვენი ქვეყანა საბრალო დედაბრის ყანას, ხოლო ჩვენი ისტორია დედაბრის ძველმანებით სავსე ზანდუკს დაემსგავსა, მე ფეხათრევით გავდივარ ქვეყნის შარაზე და ცხვირაბზუებული თვალს ვარიდებ ნასახლარის წინ სანიავოზე გაფენილ ძონძებს.
ერთ დროს ამ ნანგრევებსაც საცხოვრებელი ეთქმოდა.
თქვენმა მამებმა ააშენეს აქ სახლი.
მზიან და უქარო ადგილას გაჭრეს საძირკველი.
მდინარიდან მოიზიდეს ქვები. უღრან ტყეში მოჭრეს ხეები. ამოაშენეს კედლები და მუხის ბოძებს დააყრდნეს სახურავი.
საუკუნეების მანძილზე ცხოვრობდა თქვენი მოდგმა ამ სახლში. აქ იხდიდნენ ქორწილებს. კაცებს მოჰყავდათ ცოლები, ხოლო ქალები თხოვდებოდნენ. ზრდიდნენ შვილებს და ეპატიჟებოდნენ სტუმრებს ძეობებზე.
დროდადრო აახლებდნენ სახლის კედლებს, ცვლიდნენ ბოძებს და სახურავს.
კემსავდნენ დახეულს და დარღვეულს აქსოვდნენ, ხოლო გამოუსადეგარ ნივთებს და ძველ ტანსაცმელს ცეცხლში წვავდნენ.
მხოლოდ ღილებს ინახავდნენ, რადგან ღილები არც იწვოდა და არც ლპებოდა.
მერე თქვენ იზრდებოდით ამ სახლში.
თქვენ უზომო პატივისცემას გრძნობდით თქვენი წინაპრების მიმართ და მოწიწებით ეპყრობოდით მათ დანატოვარს. თანდათანობით, როცა თქვენი სიყვარული ბრმა თაყვანისცემაში გადაიზარდა, თქვენ გააკერპეთ ყველაფერი, რასაც თქვენი ხსოვნა მისწვდა.
თქვენ თავს იქცევდით ძველი ზღაპრებითა და ლეგენდებით. თავს იმშვიდებდით ვეფხისტყაოსანი და გველისმჭამელი კაცების ისტორიის კითხვით.
თქვენი სახლი კი გაივსო ძველი ფოტოსურათებით, გაყვითლებული გაზეთებით და ჭურჭლის ნამტვრევით. თქვენ ვერ იმეტებდით მათ გადასაყრელად, რადგან მისტიროდით იმ დროს, რომელიც აღარ იყო.
გაივსო სახლი ძონძებით, რადგან თქვენთვის ეს ძონძებიც ძვირფასი იყო.
გაივსო სახლი მტვრით.
ობი მოეკიდა პურს. თავღია ჭურჭლებში დაძმარდა ღვინო.
დაძველდა სახლი. ქვები დახავსდა და ხეები დალპა. თქვენ კი არც ფიქრობდით სახლის შეკეთებაზე და შიშით შეჰყურებდით მორყეულ შენობას.
ზედ გაწვიმდათ და გათოვდათ, მაგრამ თავზე ხელებს იფარებდით. გეგონათ, ხელით შეაკავებდით თოვლს და წვიმას?
ამასობაში დაიზარდნენ თქვენი შვილები და მათ არ მოისურვეს ასეთ სახლში ცხოვრება. თუმცა, ცვლილება უკვე დაგვიანებული იყო და ისინი იძულებულნი გახდნენ ახლის შენება დაეწყოთ.
ქვის კედლები მინით შეცვალეს, ხის ბოძები – პლასტმასით, ხოლო სახლის სახურავი ჩალით გადახურეს...
ამაზე თქვენ აყვირდით, რადგან თქვენ თვალწინ ინგრეოდა მამების დანატოვარი და მასთან ერთად იშლებოდა მათი ხსოვნა.
შემდეგ თქვენმა შვილებმა მოიყვანეს ცოლები და რძლებმა ცეცხლს მისცეს ძონძები. თქვენ ვერაფრის გადარჩენა ვერ შეძელით...
მაშინ თქვენ ტიროდით და იცემდით თავში.
რადგან იწვოდა ყველაფერი და თქვენ ღილების აჭრაც ვერ მოასწარით.
უღონო თაობავ, თქვენ ახლა წყეულებივით იგინებით და ილანძღებით. თითქოს უარესის ღირსნი არ იყოთ. თითქოს არ იცოდით, რომ ადრევე უნდა გაგერჩიათ ერთმანეთისგან უხრწნელი და ხრწნადი, მუდმივი და დროებითი, ბოროტი და კეთილი. რომ უნდა გამოგერეცხათ ჭურჭლები, გამოგეგავათ სახლი, გამოგეწმინდათ მტვერი, გადაგეყარათ ძონძები, გამოგეცვალათ ბოძები და გაგეახლებინათ სახურავი.
ღილები მაინც რომ გადაგერჩინათ...
13 სექტემბერი
შიშს დიდი და ლამაზი თვალები აქვს...
26 აგვისტო
გახსოვთ გენერატორები და გუბერნატორები? :)))
18 აგვისტო
წყლის ფორმულასავით მარტივი ცხოვრება ვისწავლე...
13 აგვისტო
ყველა მასწავლებელი მოსწავლეში შურისმაძიებელს ზრდის...
8 აგვისტო
გინდა დაიჯერეთ და გინდა – არა, ლიტერატურა (ხელოვნება) რწმენის ნაფუძარზე მოსული ჭინჭარია, თავის კარგი და ცუდი (ჭინჭრული) თვისებებით...
5 აგვისტო
რომელიღაც ძველ ტაძარზე მეტალოპლასტმასის ფანჯარა ხელოვნებათმცოდნეთა წყრომას იწვევს. არადა სწორედ ეს თანამედროვე ფანჯარა მიმანიშნებს, რომ ეს ტაძარი ცოცხალი (მოქმედი) ორგანიზმია და არა კულტურის ძეგლი. მოქმედ ტაძარზე კი ყველა დრომ თავისი კვალი უნდა დატოვოს. რითი არის ჩემი საუკუნე სხვა დროზე ნაკლები, ან სამარცხვინო და რატომ უნდა ეფარებოდეს ის შუასაუკუნეების ჩუქურთმას?! ამიტომ, თუ არჩევანის საშუალება