ზორბა „ჩვენ ჯერ ძაღლი არა გვყავს,“ - ფოლკნერის „დათვში“ ასე ეუბნება მოხუცი მონადირე, ინდიელი სემი, თავის პატარა შეგირდს. სინამდვილეში ფოლკნერის გმირებს თხუთმეტზე მეტი მდევარი ჰყავდათ, მაგრამ იმ ერთადერთ ძაღლს ეძებდნენ, რომელიც ლეგენდად ქცეული ბებერი დათვის შეჩერებას შესძლებდა. ეძებდნენ და აკი იპოვეს კიდეც, მაგრამ ეს უკვე სხვა, ჩემსაზე ბევრად მნიშვნელოვანი ამბავია. მე თავად კი, ასეთ ძაღლზე ოცნება არასოდეს გამიბედავს, მაგრამ იმ დღიდან, რაც ტყეში თოფით დავიწყე ხეტიალი, რაც მდევრებით ნადირობის ამბებით „მოვიწამლე“, მოგვიანებით კი თავად მივიღე ასეთ ნადირობებში მონაწილეობა, არ მტოვებდა იმედი, რომ ოდესმე მეც მეყოლებოდა ჯიშიანი მდევარი ძაღლი, რომლის ყეფაც ზამთრის ტყეს გააცოცხლებდა და გულს სიხარულით ამივსებდა. ვისაც გამოუცდია მსგავსი რამ, აუცილებლად გამიგებს - თოფით ხელში დგახარ ადგილზე, რომელიც გუმანით თუ გამოცდილებით აირჩიე, მდევრის სულ უფრო მოახლოვებული, ისტერიული ყეფა („საუკეთესო მუსიკა მამაკაცისთვის“ - ისევ ფოლკნერი) გატყობინებს, რომ ადგილის არჩევანში არ შემცდარხარ და გული რაღაც ყოვლად ველური ბედნიერებით გევსება...
თუმცა ჯერ ცოტა შორიდან დავიწყებ. თოფსა და ნადირობას მე მცხეთის მახლობლად, პატარა სოფელ კარსანში ვეზიარე. როგორც წესი, დამწყები თბილისელი მონადირეების პირველი სანადირო ობიექტი მწყერია ხოლმე. მე კი კარსნის ტყეებში თოფით ხეტიალი დაახლოებით 13 წლის ასაკში დავიწყე და ჩემი პირველი სამიზნეც ტყის ქათამი იყო. დიდი გულისფანცქალით ველოდი ხოლმე ყოველ ოქტომბერს (კარსანში ტყის ქათამი დაახლოებით 10 ოქტომბრისთვის ჩნდება და თუ წვიმიანი ამინდები არ დაემთხვა, ორ კვირაზე მეტ ხანს არ რჩება), რომ შემოდგომის ტყეში პაპაჩემის ერთლულიანი თოფით მეხეტიალა და უსასრულოდ ამეცდინა მიწიდან მოულოდნელად წამოფრენილი ჟანგისფერი ფრინველისთვის. ვაცდენდი და ვაცდენდი - ძალიან ვღელავდი. მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ ტყის ქათმისთვის გარტყმა არც ისე რთულია, მაგრამ დღესაც არის რამდენიმე ფრინველი (მაგალითად კაკაბი), რომლისთვის სროლის დროსაც განსაკუთრებით ვღელავ.
ტყის ქათამს კურდღელი მოჰყვა. კარსანში ჩვენს მეზობლად ცხოვრობდა ნოდარ მათიაშვილი, იგივე „ვასილიჩი“, ჩემი დიდი მეგობარი და დოსტი. აწ გარდაცვლილი ვასილიჩი იყო საოცარი ადამიანი, რომლსაც, განსაკუთრებით ნასვამი თუ იყო, ნადირობის შესახებ ათასგვარი, ყოვლად დაუჯერებელი ტყუილის მოყოლა შეეძლო, მაგრამ ამავე დროს უშეცდომოდ მიგითითებდა ადგილს, სადაც ნადირს უნდა გაევლო, ან საიდანაც სარეკში წასულ კაცს ძაღლი უნდა გაეშვა. ვასილიჩს მდევრები სულ ჰყავდა, სანადიროდაც ხშირად დადიოდა, მე კი რატომღაც ვერ ვუბედავდი ჩემი კომპანიონობის შეთავაზებას (საერთოდ, ყველაფრის მიმართ, რაც კი ნადირობას ეხება დღემდე ძალიან მოწიწებული დამოკიდებულება მაქვს). ერთხელ კი ისე მოხდა, რომ ზედ სოფლის განაპირას ჯერ შორიდან ვასილიჩის „ცაგუნას“ ყეფა გავიგონე, მერე გზაზე გაქცეული კურდღელი დავინახე. თვითონ ვასილიჩი არსად ჩანდა, გავბედე და სახლში გავიქეცი თოფის მოსატანად. გზისპირას ისევ იმ ადგილის სიახლოვეს ჩავჯექი, სადაც კურდღელმა გაირბინა და რამდენიმე წუთში პაპაჩემის ერთლულიანი „ტულით“ პირველი კურდღელი მოვკალი.
იმის მერე მე და ვასილიჩი დავმეგობრდით და მუდამ ერთად ვნადირობდით. მით უმეტეს, რომ ხალხისგან დაცლილ კარსანში ჩემ გარდა სხვა პარტნიორიც აღარ დარჩა. ვასილიჩმა და მისმა ძაღლებმა მე არაერთი ლამაზად მოსაგონარი წამი მაჩუქეს, ხელდამშვენებულებიც დავბრუნებულვართ სახლში, უფრო ხშირად კი - ხელმოცარულები, მაგრამ მაინც გულიანად მოგვილხენია მისი გამოხდილი ხილის არყით და გახურებულ ღუმელთან მისი მოყოლილი ტყის იგავ-არაკების თანხლებით უგონოდაც დავმთვრალვარ. მე მგონი, ეს თავისებურად ბედნიერი დრო იყო, მაგრამ საკუთარ ძაღლზე ოცნება წამითაც არ მტოვებდა.
ოცნება უფრო გვიან ახდა, როდესაც ჩემმა მეგობარმა და ჩემზე ბევრად უკეთესმა მონადირემ გიორგი კუხალეიშვილმა მახარა, მეგობრის ინგლისურ-რუსულმა მდევარმა ლეკვები დაყარა და ერთ ცალს გჩუქნისო. მეორე დილასვე იქით გავემართეთ. ორ ხვად ლეკვს შორის ზორბა უფრო პატარა იყო, მაგრამ უფრო აქტიურიც. მაშინვე გამეთამაშა, როცა მისი უფრო მსხვილი ძმა კარადის უკან დაიმალა.
მე არ დავიწყებ ლეკვის აღზრდის და დაგეშვის ხანგრძლივ, ხან სანერვიულო, ხან სასიამოვნო, ზოგჯერ კი ნერვებისმომშლელი პროცესის დეტალურ აღწერას. ჩემს შემთხვევაში მთავარი პრობლემა ის იყო, რომ მე თბილისში ვცხოვრობდი, ზორბა კი - კარსანში, თუმცა ჩემს ცოლს ამის თაობაზე საკუთარი მოსაზრება ჰქონდა. მართლაც ის სამნახევარი წელიწადი, რაც ზორბას პატრონი ვიყავი, ამ სიტყვების სრული მნიშვნელობით, სოფელსა და ქალაქს შორის ვიყავი გადებული და ძნელი სათქმელია, სად და ვისთვის უფრო ვცხოვრობდი. პირველივე ხელსაყრელ შემთხვევაში ძაღლთან გავრბოდი და ყველგან თან დამყავდა, თუკი სადმე გავემგზავრებოდი, მიუხედავად იმისა, სანადირო სეზონი იყო თუ არა. ჩემთან ერთად ზორბამ ჯავახეთი და ხევსურეთი, მესხეთი და ქიზიყი მოიარა, დავითგარეჯშიც ბევრჯერ ვყოფილვართ და სწორედ იქ