Zooropa
ქართულ მგელს ძაღლის ეშინია.
„რეაქტიული კლუბი“
ცოტა ხნის წინ ვარაზის ხევიდან ზოოპარკს გადავხედე. მაინცდამაინც სუსტი ნერვები არ მაქვს, მაინც არ მეგონა, ასე თუ იმოქმედებდა ჩემზე შეშინებული მგლების და „ხრუშოვკის“ სამზარეულოსხელა გალიაში დამწყვდეული ლომების ნახვა. ვიდეოც კი გადავიღე, ზურგზე ცემენტდაყრილი ვეფხვები და ლეოპარდები პატარა, საქათმისხელა გადაუხურავ გალიებში როგორი ატუზულები დგანან... ზედ გალიებთან მძიმე ტექნიკა მიდი-მოდის: ვაკე-საბურთალოს და გმირთა მოედნის დამაკავშირებელ გზას აკეთებენ. პროექტი კარგია. საშვილიშვილო. ამაზე არავინ დავობს. თუმცა, ხომ არ აჯობებდა, მანამდე ზოოპარკის ბინადრები იქაურობას გაგვერიდებინა, სადმე სხვაგან გადაგვეყვანა, სადაც უფრო ნაკლებ დაისტრესებოდნენ? გალაკტიონს თუ დავესესხებით: „სადაც იქნება ნაკლები ცოფი და უფრო ნაკლებ − ადამიანი“. მაინცდამაინც ტრაქტორის გამონაბოლქვი თუ არ შევაფრქვიეთ ლომს სიფათში, ვეფხვს თავზე ცემენტი არ დავაყარეთ და ლეოპარდის გალიასთან არმატურა არ დავაწყეთ, ისე გზას ვერ გავაკეთებთ? ცხოველთა უფლებები ვერ დაგვიცავს დაადამიანთა უფლებებს როგორ დავიცავთ?აქ შეიძლება შემომედაონ, რა დროს ცხოველთა პრობლემებზე საუბარიაო. მე კი ვფიქრობ − ვინც ცხოველთა უფლებებს არ იცავს, ის ვერც ადამიანთა უფლებებს დაიცავს.
მაშინ დავფიქრდი იმაზეც, საერთოდ უფრთხილდება თუ არა თბილისელი ცხოველს, და მივხვდი, რომ უფრთხილდება. ოღონდ უფრთხილდება არა თვითონ ცხოველს, არამედ მის ასლს. არა ზოოპარკში, არამედ ლოგოტიპზე. და თუ ამ ფეშენ ფაუნის გადახედვის შემდეგაც მეტყვიან, რომ თბილისელი ნამდვილ, ცოცხალ არწივს და კენგურუს უფრო უფრთხილდება, ვიდრე ქამრის ბალთაზე ამოფხაჭნილს ან კეპზე ამოქარგულს, მაშინ ბოდიშს მოვიხდი და ჩემ სიტყვებს უკან წავიღებ.
ღრმად მწამს, ცხოველს მეტყველება რომ შეეძლოს, მათ ისეთ სამარცხვინო და საშინელ პირობებში არ ვამყოფებდით, როგორშიც ჩვენი ზოოპარკის ბინადრები გვყავს. თუნდაც მარტო იმის შიშით, ობამასთან ან ევროკავშირის ლიდერებთან არ ეჩივლათ. გაიხსენეთ ისინი, ვინც ამა თუ იმ ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ მათი ტყვეობის უმძიმეს, სასტიკ და აუტანელ პირობებზე ყვება. ახლა წარმოიდგინეთ, რას მოყვებოდნენ თბილისის ზოოპარკის ბინადრები, მათ რომ ამისი უნარი ქონდეთ.
p.s. მაინცდამაინც ცხოველთა ვაჟა-ფშაველასეულ სიყვარულს არ ვითხოვ − მხოლოდ მათი უფლებების დაცვას. ნუთუ ძნელია?7 მაისი, 2010