წინათქმა ვუძღვნი ჩემს ვაჟს
გიორგი ალიმონაკს
2000-2001 წლებია. ქვეყანაში კრიზისია. კრიზისია პოლიტიკაშიც, კულტურაშიც, ეკონომიკაშიც. უმძიმთ ადამიანებს. უმძიმს მწერალსაც, ცხადია. უმძიმს სულიერადაც, ეკომონიკურადაც. იქნებ სხვაზე მეტადაც – სულიერი საძირკვლების მორყევას მწერალი, სათუთი თვითცნობიერების გამო, ვერ, ან უკეთეს შემთხვევაში, მძიმედ ეგუება. ამ დროს გაჩუმება კონფორმიზმია, მეტიც, თანამონაწილეობაა იმ სულიერი კრიზისისა, იმ „საყოველთაო აბდაუბდისა“ (დოსტოევსკი), რაშიც ქვეყანა „დემოკრატიის ადეპტებმა“ ჩააგდეს. ორმოში აღმოვჩნდით. მოქალაქეობრივი, მწერლური ეთიკა მავალებს, განსხვავებით „პოლიტიკაში არ ვერევის“ მქადაგებელთააგან, ჩუმად არ ვიყო. და მეც, რა ძალაც ღმერთმა მომმადლა, ვგზავნი „ორმოდან“ წერილებს „ლიტერატურულ საქართველოში“, „ახალ შვიდ დღეში“, „მნათობში“...
ეს დროა.
ჩვენი უახლოესი მეგობრის, ჟურნალისტ ინგა ალავიძის მეშვეობით, მიკავშირდება იმხანად ამერიკაში მოღვაწე ქართველი კაცი, შოთა ვაშაკიძე, გამომცემელი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ინტერნეტ-გაზეთისა „კვალი“, მთხოვს თანამშრომლობას. საყოყმანო რა იყო. შევთანხმდით, კვირაში ერთხელ მივაწვდიდი შვიდი დღის ქრონიკას – ჩემს ფიქრებს ჩემსავ სულიერსა თუ საზოგადოებრივ ყოფიერებაზე.
ასე იშვა „შვიდი დღის ქრონიკა“.
გაზეთის მოცულობის რეგლამენტის გამო, ცხადია, ბევრი რამ აქედან გამოუქვეყნებელი დარჩა. ამასწინათ პირად არქივს ვათვალიერებდი, ათი წლის წინანდელი ქრონიკები ახალი თვალით წავიკითხე და დავრწმუნდი, შეიძლებოდა სრულად გამეცნო ის მკითხველისთვის.