„ბედნიერება უნდა მოითმინო“
ეს არის ოთარ ჭილაძის რვეულებიდან ამოკრეფილი ჩანაწერები და წარმოადგენს ძალზე მცირე ნაწილს იმ ზღვა მასალისას, რომელიც უამრავსა და უამრავ რვეულშია გაბნეული. ბევრი რამ ვერ ამოვიწერე, მწერლის თანდათანობით გაუარესებული კალიგრაფიის გამო, ბევრი რამ კი გარკვეული მიზეზით არ იბეჭდება, დარწმუნებული ვარ, თვითონაც არ ისურვებდა ზოგიერთი ჩანაწერის გამოქვეყნებას.
ამ წიგნით მკითხველი ეცნობა სამყაროს, რომელსაც ოთარ ჭილაძე მთელი ცხოვრების მანძილზე სიმარტოვეში, ანუ საკუთარ თავთან მარტოდ დარჩენილი ქმნიდა და რაც, რასაკვირველია, არც უცხო თვალისთვის იყო განკუთვნილი, არც უცხო ყურისთვის – მწერალი თითქოს ვიზუალურად ამოწმებდა თავისივე ნაფიქრალს, უეცრად გაელვებულ აზრს, თუ წიგნითა თუ ცხოვრებისეული მოვლენით აღძრულ შთაბეჭდილებას (რატომღაც ჭექა-ქუხილის დროს გადაღებული ელვის ფოტო-სურათები მახსენდება), რომელთა, მართლაც რომ, ელვისებურად გაქრობის ტენდენციას ანბანის სასწაულმოქმედი ძალის რწმენით უპირისპირდებოდა და აღწევდა კიდეც მიზანს.
ეს წიგნი ოთარ ჭილაძის კიდევ ერთი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაწარმოებია, რამდენადაც უაღრესად ავტობიოგრაფიული ხასიათისაა, მისი პირადი ცხოვრების ანარეკლს მწარმოადგენს, ამასთანავე თითქოს მისი შემოქმედების ერთგვარი ამალგამაცაა, მისი სრულყოფილების შემჩნევასა და აღქმას რომ უწყობს ხელს. ამ წიგნის კითხვის დროს, ცხადი ხდება, თუ რა უსაზღვრო იყო სივრცე, რომელშიაც ის ოცნებით, ფიქრით ცხოვრობდა, უსაზღვრო იყო მისი ინტერესების სფეროც, რომელიც საბოლოოდ მაინც ერთ ფოკუსში იყრიდა თავს – ეს გახლდათ მისი სამშობლო – საქართველო!ელ
ამ წიგნში, როგორც ნიჟარაში, მისი ხმაა თითქოს ჩარჩენილი, რომელიც აკომპანიმენტად არის თითქოს ქცეული გულახდილობის იშვიათი წუთებისა. მისი ხმა, მართლაც რომ, განსაკუთრებით აღსანიშნავი რამ გახლავთ. როცა საკუთარ ნაწერს კითხულობდა, თითქოს რომელიღაც საიდუმლო ეზოთერიულ რიტუალს ასრულებდა – ხმა თითქოს სხვა, იდუმალ სამყაროში იყო ჩასახული, როგორც პურის მარცვალი – ხნულში და აღმოცენებული, როგორც ლოცვა.
არ შეიძლება არ დაგაინტერესოს ჩვენს შორის მცხოვრები კაცის ამბავმა, თუ როგორ შესძლო ბოლომდე შეენარჩუნებინა სული „უსპეტაკეს თოვლისა“, თვით ჯოჯოხეთურ პირობებშიაც კი და რომელიც თავისი ნოვატორული შემოქმედებით აღიქმება მოვლენად ამჟამინდელ ქართულ და არამარტო ქართულ ლიტერატურაში.
ეს ჩანაწერები ჩნდება დაახლოებით მაშინ, როცა იწყება ფიქრი პროზაულ ნაწარმოებზე, ანუ გაცილებით ადრე, ვიდრე პირველი რომანი დაიწერებოდა. „მე რომანზე გაცილებით ადრე ვფიქრობდი, ვიდრე მის დაწერას გავბედავდი“-ო, ჩაუწერია რვეულში.
ამ წიგნმა ყველაზე უმალ, შეიძლება, დღიური გაგვახსენოს, მაგრამ დღიური ნამდვილად არ არის, ალბათ ეს უფრო მისი წამიერი ფიქრების კაკანათია, ვიდრე დღიური.
ძნელი იყო ჩემთვის, უპირველეს ყოვლისა, როგორც მისი ძმისთვის, ამ ჩანაწერების წაკითხვა, რადგან თუკი უცებ რაიმეს მოგვაგონებს ეს წიგნი, ალბათ ავადმყოფობის ისტორიას (თვითონაც წერს: „ეს რვეული თამაზმა მაჩუქა გუშინ – ჰგონია, რაიმე ჭკვიანურს ჩავწერ შიგ. მე კი, დღიურის მაგივრად, ავადმყოფობის ისტორიას ვადგენ...“), უფრო ზუსტად, ჯერ კიდევ მეტაფორებად გარდაუქმნელი ტკივილების ნუსხას. მათ ჯერ კიდევ ფრთები არა აქვთ, რომ იქცნენ მედეად, აიეტად, ფარნაოზად, პატარა იკაროსად, აველუმად, ელიზბარად, ლიზიკოდ, თუ სხვა უამრავ და უამრავ უკვდავ სახედ. ამდენად ყველა მათგანი ჩვენთვისაც ნაცნობი, გასაგები და აუტანელი ტკივილია...
ჯერ კიდევ თბილია მისი „ერიკის“ კლავიშები, რომლებსაც თითქმის მთელი ცხოვრების განმავლობაში აღვიძებდა, აცოცხლებდა, თითქოს ცდილობდა ლითონის მანქანისთვის მეტყველების უნარიც მიენიჭებინა. ძირითადად კი, რა თქმა უნდა, ხელით წერდა, მანქანაზე ხელნაწერი საბოლოო სახეს იღებდა მხოლოდ, ზოგჯერ მეტად მოულოდნელ სახესაც კი. ცალკე ჰქონდა ე. წ. „სამაგიდო რვეული“ (ამჟამად ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო!), რომელშიც, როგორც ვთქვი, ნაფიქრალსა თუ რაიმე მოვლენით გაჩენილ შთაბეჭდილებას იწერდა. ეს ჩანაწერები, ჩემი აზრით, მისი ვრცელი შემოქმედების ერთ-ერთ ძალზე საინტერესო და აუცილებელ ნაწილს წარმოადგენს, რამდენადაც, გავიმეორებ – არ შეიძლება არ დავინტერესდეთ იმ შემოქმედის ნაფიქრალით, ვისაც ჰქონდა თავისი არალეგალური თავისუფლება, თავისი საკუთარი სასიცოცხლო სივრცე – „სიყვარულის იმპერია“, სადაც მხოლოდ თავისუფლების კანონები მოქმედებდა. დიახ, თავისუფლებასაც აქვს თავისი კანონები, რომლებიც ყველაზე ბობოქარ, მეამბოხე სულსაც კი ჭეშმარიტად ადამიანურ იერს უნარჩუნებს.
და, ამასთანავე, ჰქონდა თავისი ბედნიერებაც!
„ბედნიერება უნდა მოითმინო“-ო, ჩაუწერია ერთ რვეულში, ანუ უნდა მოითმინო, როგორც ტკივილი, შიმშილი, მარტოობა. ამგვარ ბედნიერებას სულ სხვა სიხარული მოაქვს – შეიძლება არყოფნაზე გამარჯვებადაც კი წარმოვიდგინოთ.
როცა მისი „ჩანაწერების“ კითხვა დავიწყე, უპირველეს ყოვლისა, იმ აზრმა გამიელვა, რომ სიკვდილი იმიტომაც არის არა მარტო საშინელი, არამედ იდუმალიც, რომ ყველა კარს აღებს, ყველა გამოცანას ხსნის, ყველა საიდუმლოს ამხელს და აქვე შეიძლებოდა გამემეორებინა ერთხელ, კარგა ხნის წინ, ჩემივე ნათქვამი სიტყვები: სიკვდილი გვათავისუფლებს მტრებისგან და გვძენს მარადიულ მეგობრებს. მისი „მარადიული მეგობრები“ კი მისივე წიგნები