მონოლოგი დიალოგიდან
ქართველ მწერალთა ერთ ნაწილს მივმართეთ შეკითხვებით, ვთხოვეთ, გამოეთქვათ თავიანთი აზრი ლიტერატურისა და კულტურის, აგრეთვე ცხოვრებასთან მათი მიმართების შესახებ. ვფიქრობთ, მწერალთა მიერ გაცემული პასუხები საგულისხმო და საინტერესო იქნება მკითხველთა ფართო აუდიტორიისათვის, მათ შორის, იმ ახალგაზრდა ლიტერატორებისა და მწერლებისათვისაც, რომელნიც ეს-ესაა გამოდიან ლიტერატურულ ასპარეზზე...
რადგან ქართველი მწერლებისთვის ჩვენს მიერ დასმული შეკითხვები თვით პასუხებიდანვეა თვალსაჩინო, გადავწყვიტეთ პასუხების გაერთიანება და მათი ცალკეული მონოლოგების ფორმით წარმოდგენა. ამჯერად გთავაზობთ ჯემალ ქარჩხაძის „მონოლოგს“.
მწერლისა და მწერლობის დანიშნულებაზე რომ ვილაპარაკო, შედარება უნდა მოვიშველიო. ჯერ ერთი, ასე უკეთ მოვახერხებ აზრის ნათლად გამოხატვას და მეორეც, შედარებას ყოველთვის ახლავს ჭეშმარიტების ჩუმი, მაგრამ ურცხვი პრეტენზია.
საზოგადოდ ხელოვნება და, კერძოდ, მწერლობა, როგორც მისი ნაწილი, ზღაპრული რაშია, ერთი იმ სამ რაშთაგანი, რომლებიც კაცობრიობის დიდ ეტლში არიან შებმული, რათა ადამიანი სამშვიდობოს გაიყვანონ. დანარჩენი ორი რაში რელიგია და ფილოსოფიაა. სხვა სიტყვებით, ადამიანის სულიერი აქტივობა მძლავრი ვულკანური რხევაა, რომელსაც ერთი ბოლო უკიდურეს მისტიციზმში აქვს გადგმული, მეორე – უკიდურეს რაციონალიზმში, ანუ, ამ რხევის ერთი მხარე რელიგიად იშლება, მეორე – ფილოსოფიად, ხოლო შუაში, იქ, სადაც რელიგია და ფილოსოფია ერთმანეთში გადადის, არის ხელოვნება. ეს სურათი ორგვარად შეიძლება აღიწეროს: ერთი – ხელოვნება რელიგია-ფილოსოფიის ფესვზეა აღმოცენებული, და მეორე – ხელოვნება თვითონაა ფესვი, რომელიც, იმისდა მიხედვით, თუ როგორ იზრდება რხევის ამპლიტუდა, ერთ მხარეს რელიგიაში გადადის და მეორე მხარეს ფილოსოფიაში. მაგრამ აღწერის არჩევანი უფრო პატივმოყვარეობისა და გემოვნების საქმეა, ამიტომ მთავარი არ არის. მთავარი ისაა, რომ ეს სამება, რომელიც სინამდვილეში ერთარსია, კაცობრიობის ყველაზე მაღალსა და წმინდა სულიერ გამოცდილებას მოიცავს. იგი კაცსა და ღმერთს შუა დგას და კაცს ღმერთისკენ მიუძღვის, ან, თუ ადამიანს შევადარებთ მრავალკუთხედს, რომელსაც გვერდების უსასრულო გაორკეცების გზით წრეხაზობისაკენ ლტოლვის იმპულსი აქვს მინიჭებული, სწორედ ეს სამება იქნება ის იმპულსი, რაც გვერდებს გაორკეცებას აიძულებს. დანიშნულებაც ეს არის და რაობაც. და ყოველი ხელოვანის მიზანიცა და გამართლებაც აქ უნდა იყოს (ეს ხოტბა არ არის. როცა არსი თვისებებად მჟღავნდება, მაშინ ზღაპრული რაში რეალურ ცხენებად იქცევა, რომლებშიაც ბედაურები ნაკლებია და ჯაგლაგები მეტი).
გაჩენის დღიდან სულის ეს სამი ტალღა მიუძღვის ადამიანს, კაცობრიობასაც და ცალკეულ ერებსაც, მაგრამ მისია მათ შორის ყოველთვის თანაბრად არაა განაწილებული. დროის, ვითარებისა და, განსაკუთრებით, ხალხის სულიერი მიდრეკილების კვალობაზე მეთაურობა უფრო ხშირად ერთ-ერთ მათგანს ეკისრება. საქართველოში მწერლობას დაეკისრა. დაეკისრა ისტორიულად და, როგორც ჩანს, სამარადჟამოდ. არა მარტო იმიტომ, რომ ქრისტიანობა იმთავითვე ჩვენს ეროვნულ თვითშემეცნებაში გაიხსნა, რის გამოც სპეციფიკური ხასიათი მიიღო და, თუ დამკვიდრების პერიოდს არ ჩავთვლით, ვინ იცის, წმინდა რელიგიის სახით არც კი გამოვლენილა; არც იმიტომ, რომ ქართულ ფილოსოფიურ აზროვნებას არასოდეს მიუღწევია ისეთი სიმაღლისათვის, რომ სულიერი წინამძღოლის როლი ეკისრა; ჩემი ფიქრით, მიზეზი იმისა, რომ ჩვენი მთავარი გამწევი ძალა, რომელსაც ხალხმა თავისი ბედი და იმედები ჩააბარა, მწერლობა გახდა, არის ქართველი კაცის განსაკუთრებული დამოკიდებულება სიტყვისადმი. ეს დამოკიდებულება საგანგებო კვლევის საგანია. აქ მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ, ალბათ, არსად სიტყვას ისეთი სიყვარულით არ ელოლიავებიან, ისეთი რუდუნებით არ ძერწავენ, ისე ხარბად არ აგროვებენ და ისე უანგარიშოდ არ ხარჯავენ, როგორც ჩვენში. ჩვენში ყოველი კაცი სიტყვის შემოქმედია. ჩვენში სიტყვა იმდენად კომუნიკაციის იარაღი არ არის, რამდენადაც სულის გამჟღავნებისა. სიტყვა ჩვენთვის ისეთი ღმერთია, რომელსაც თან მოწიწებით შევციცინებთ და თან შინაურულად ბეჭებზე ხელს ვუტყაპუნებთ. და ქართული ხასიათის ფესვებიც, ალბათ, უმთავრესად სიტყვასთან ჩვენს დამოკიდებულებაშია საძიებელი (არც ეს არის ხოტბა. სიტყვის სიყვარულს ჩვენში მეორე მხარეც აქვს, შესაძლოა, უფრო მეტად განვითარებული: ჩვენი სიყვარული ხშირად თვითმიზანი ხდება და მაშინ საქმის ფუნქციაც სიტყვას ეკისრება). ამიტომ სავსებით ბუნებრივია, რომ ხალხმა სულიერი წინამძღოლობა მწერლობას დაავალა – ამ თავისი უძვირფასესი განძის მოლარეს. ხოლო აქედან გამომდინარე, ისიც სავსებით ბუნებრივია, რომ მწერალს არ აპატიებს იმას, რაც სხვას შეიძლება აპატიოს, ვინაიდან სულიერი წანამძღოლი პირველ რიგში მაგალითი და მოძღვარია.
...მხატვრული ლიტერატურა, თუ მკაცრად და პრინციპულად შევხედავთ, მარადიული თემებისაგან შედგება. მწერლობა სულიერი განვითარების მაგისტრალურ გზას მიჰყვება და კონკრეტულ ეპოქაში იმ მთავარ ნერვებს ეძებს, რომლებიც დროთა კავშირს ქმნის. მაგრამ მწერლობა სხვა არის და მწერალი – სხვა. მწერალი კონკრეტული ადამიანია კონკრეტულ ეპოქაში, უამრავი წარმავალი, დროებითი, სადღეისო პრობლემებით გარშემორტყმული. და თუ ალღო არ უღალატებს და დროის ორომტრიალში შეუცდომლად გაარჩევს წარმავალსა და მარადიულს, მარადიულს მხატვრულ