სონეტები ორფევსისადმი რაინერ მარია რილკე (1875-1926) XX საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მწერალი და ლირიკოსია. იგი ლიტერატურის ისტორიაში შევიდა, როგორც საერთო ევროპული კულტურის ჭეშმარიტი და სრულიად გამორჩეული წარმომადგენელი, ღრმა სულიერებით აღბეჭდილი პოეტი, რომელმაც მშობლიურ გერმანულ ენას საოცარი მოქნილობა და სინატიფე შესძინა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ რილკემ წარსული საუკუნის ლიტერატურაზე უდიდესი გავლენა იქონია და დღემდე გაუნელებლად იპყრობს როგორც პოეტების, ასევე ლიტერატურისმცოდნეთა, ფილოსოფოსთა, მთარგმნელებისა და მკითხველთა ყურადღებას, და არა მარტო იპყრობს, არამედ, მისეულ მაღალ პოეზიასთან შეხებისას თავადვე ამდიდრებს მათ, “მარადიული” თემების მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, ორიგინალური გააზრებისა და იდუმალებით დაღდასმული ფანტაზიის წყალობით;
მისი შემოქმედების მწვერვალს, “დუინურ ელეგიებთან” ერთად წარმოადგენს ლირიკული ციკლი - “სონეტები ორფევსისადმი”, რაც რამდენიმე დღის განმავლობაში შეიქმნა 1922 წლის თებერვალში, მიუზოს კოშკში (შვეიცარია). ციკლის შექმნას წინ უსწრებდა, მიუნხენელი მრეწველისა და მეცენატის ქვრივის, გერტრუდ ოუკამა-კნოოპის წერილი, რომელიც პოეტს თავისი 19 წლის ქალიშვილის ვერას გარდაცვალებას აუწყებდა; ამ სამწუხარო ამბავმა, სიკვდილის ფენომენთან ისედაც ღრმა სულიერი ვიბრაციებით დაკავშირებულ პოეტში მძაფრი იმპულსები აღძრა, რაც ახალი შედევრის, “სონეტების” შექმნით დაგვირგვინდა. ეს ლირიკული ციკლი, პოეტმა უდროოდ გარდაცვლილ ვერა ოუკამა-კნოოპს - უნიჭიერეს მოცეკვავეს, მუსიკოსსა და მხატვარს მიუძღვნა; ვერა 19 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეიკემიით, ისევე, როგორც შემდგომ 1926 წლის დეკემბერში რილკე.
“სონეტები” ორი ნაწილისგან შედგება: პირველი ნაწილი 26-ს, მეორე კი, 29 სონეტს მოიცავს.
პოეტი ამ ციკლში ძველბერძნული მითოლოგიიდან - ორფევსისა და ევრიდიკეს მითის ფონზე, განიხილავს იმ პრობლემებს, პოეტისა და პოეზიის დანიშულებას, ზოგადად პოეტურ შემოქმედებას რომ უკავშირდება. ორფევსისადმი მიძღვნილი სონეტების ამოსავალი წერტილია პოეტი-მაგის სახე, რომელიც მიცვალებულთა საუფლოში ყოფნის შემდეგ, ამქვეყნიურ სამყაროს უბრუნდება, სიკვდილ-სიცოცხლისა და წარმავლობის შესახებ სრულიად ახალი, მიღმური ცოდნით გამდიდრებული; ორფევსი, რილკესთან პოეტის განზოგადებული პირველსახე-სიმბოლოა, ხოლო “სონეტები”, - მისდამი მიძღვნილი სახოტბო ჰიმნები.
მთარგმნელი