რილკეს კიდევ ერთი ქართული კოშკი რაინერ მარია რილკეს (1875-1926) ლექსების თარგმნას საქართველოში უკვე იმხელა ტრადიცია აქვს, რომ რაიმე ახლის გაკეთება ამ მიმართულებით დიდ სითამამესა და ნიჭიერებას თავისთავად ითხოვს.
ამ რამდენიმე წლის წინათ „კავკასიური სახლის“ მიერ გამოცემულმა მისმა ხუთტომეულმა, ფაქტობრივად, თავი მოუყარა ყველაფერს, რაც კი ამ გენიალური პოეტის მემკვიდრეობიდან სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა მთარგმნელის მიერ ქართულად თარგმნილა.
ეს „რაც კი“ მოიცავს თითქმის ყველაფერს, რაც კი რილკეს გერმანულად დაუწერია, და თუკი რამეა სათარგმნელი, ალბათ, საშური საქმე დღეს სწორედ ამ ნიმუშების გადმოღებაა.
შემთხვევითი არც ის იყო, რომ რილკეს ქართული ხუთტომეული გამოსაცემად სწორედ მისმა ალბათ ყველაზე დიდმა მთარგმნელმა და მცოდნემ, მწერალმა ნაირა გელაშვილმა მოამზადა, რომელმაც მანამდე წარმოუდგენელი ამაგი დასდო ამ უცნაური ავსტრიელის ქართულ სივრცეში პოპულარიზაციას და მისი შემოქმედების აქტიურ ათვისებას: გარდა იმისა, რომ თვითონვე ბრწყინვალედ თარგმნა რილკეს ლექსები და რომანი „მალტე ლაურიდს ბრიგეს ჩანაწერები“, მისი პირადი მიმოწერა თუ სხვადასხვა ყაიდის კიდევ არაერთი ნიმუში, ნაირა გელაშვილივე ხელმძღვანელობდა გასული საუკუნის 80-იან წლებში რილკეს შემოქმედებით ჯგუფს და, გერმანულის საფუძვლიანად მცოდნე რამდენიმე ადამიანის გარდა, ძირითადად, მისივე მომზადებული პწკარედის მიხედვით თარგმნეს მაშინ რილკე იმ პერიოდის საუკეთესო პოეტებმა და მთარგმნელებმა.
ყველა ამ ადამიანის მცდელობა უაღრესად პატივსაცემია, მაგრამ პირადად მე მაინც ვახუშტი კოტეტიშვილის თარგმანებს გამოვყოფდი, რადგან, ჩემი აზრით, სწორედ ამ თარგმანებში გამოჩნდა ყველაზე მკაფიოდ რილკეს პოეტური თავისებურებების ქართულად გადმოღების მთელი სპეციფიკა, მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებების მთელი ის არსენალი, რაც უკვე ერთგვარი შემოქმედებითი მატრიცის ფუნქციას შეასრულებდა, რომლის თარგზეც შესაძლებელი გახდებოდა მოჭრილიყო კიდევ არაერთი მშვენიერი თარგმანი. ცხადია, იმ შემთხვევაში, თუ გერმანულის სათანადოდ მცოდნე ადამიანები გამოჩნდებოდნენ, ისე, რომ ეს ადამიანები თან პოეტური ნიჭითაც ყოფილიყვნენ დაჯილდოებულნი.
და აი, გამოჩნდა ირმა შიოლაშვილიც, რომელმაც ამ კრებულით, როგორც რილკეს მთარგმნელმა, ვფიქრობ, შთამბეჭდავი განაცხადი გააკეთა.
ეს ამბავი მე სრულებითაც არ გამკვირვებია, რადგან ბავშვობიდან ერთად მოვდივართ და ვიცნობ ირმა შიოლაშვილის მრავალმხრივ საყურადღებო ორიგინალურ შემოქმედებას, მის ქართულ ლექსებს და, რაც მთავარია, მის უაღრესად ფაქიზ და პოეტურ ბუნებას.
ირმა უკვე მრავალი წელია გერმანიაში ცხოვრობს, იქ მიიღო განათლება და დაწერა სადოქტორო დისერტაციაც. გერმანული მისი მეორე „მშობლიური“ ენაა და ამ ენაზე, ამ ენის წიაღში უამრავი საქმე გაუკეთებია, ოღონდ არასოდეს უწერია ლექსები გერმანულად. პოეზიისათვის მას მხოლოდ მშობლიური და შეუცვლელი ქართული აქვს და აი, ამდენი ხნის შემდეგ, გერმანული და ქართული ენების პოეტური გადაკვეთა მისთვის მხოლოდ რილკეს შემოქმედების, რილკეს პოეზიის ემოციური და ინტელექტუალური გააზრებისას მოხდა.
ეს პატარა კრებული დიდი ცოდნის, გერმანული და ქართული პოეტური ტრადიციების უფაქიზეს ნიუანსებში წვდომისა და დიდი სულიერი თანაზიარობის შედეგია.
ირმა შიოლაშვილი, როგორც რილკეს მთარგმნელი, რჩება ქართული მთარგმნელობითი სკოლის საუკეთესო ტრადიციებისა და სტილისტიკის (პირობითად ‒ ნაირა გელაშვილისა და ვახუშტი კოტეტიშვილის ხაზის) ერთგულ მიმდევრად, მაგრამ არა ეპიგონად.
მას შესანიშნავად აქვს გააზრებული და ათვისებული ამ ტრადიციების ყველა მიღწევა, მაგრამ იმდენ თავის, საკუთარ მიგნებას გვთავაზობს, ისე ფრთხილად ამოაქვს ზედაპირზე ორიგინალის არაერთი სიღრმისეული თავისებურება, რომ რილკეს ის ლექსებიც კი, რომლებიც ქართველი მკითხველისათვის, სხვადასხვა და ხშირად გენიალური მთარგმნელების წყალობით, უკვე კარგად ცნობილია, ამ თარგმანებით რაღაცით განსხვავებულად და ახლებურად იკითხება.
ამიტომაც მგონია, რომ რილკეს ეს 50 ლექსი დიდი საჩუქარია პოეზიის ქართველი მკითხველისთვის.
გიორგი ლობჟანიძე