ჰაერის კარი
რედაქტორისგან
„მარიამ წიკლაურის პოეზია - თავისი ლირიკული და ეპიკური განშტოებანით - სახიერი ნიმუშია, თუ რას ნიშნავს ტრადიციული და მოდერნისტული ძიებების ჰარმონიული შერწყმა, ეროვნულ ფესვზე ამოზრდული მხატვრული ხილვები, ბუნებრივი, ძალდაუტანებელი, შთამბეჭდავი, ადამიანური სულის უღრმესი შრეების სუნთქვა რომ მოაქვს და იმ სიწრფელით გადაგვიშლის თვალწინ დაფარულ მოძრაობებს, ნამდვილი პოეზიის თვისება რაც არის და ასერიგად აკლია ჩვენს სამწერლო მდინარებას, ცალკეულ გამონათებათა გარდა ხელოვნურობისა და მიმბაძველობის მორევში რომ ინთქმევა ანდა გარეგნულად კარგად მოპირკეთებულ სიცარიელეში, უკეთეს შემთხვევაში კი იმ ცალმხრივობით აღბეჭდილა, რასაც ასე გაურბიან ჭეშმარიტი პოეტები და მათ შორის მარიამ წიკლაურიც, სამყაროს მრავალფერადობის წარმოსახვის მოსურნე; და კიდეც წარმატებით მიმღწევი ახალ და ახალ პოეტურ კრებულებში.“ როსტომ ჩხეიძის ეს სიტყვები მსურს, წავუმძღვარო ჩემ სარედაქტორო წინათქმას და ვთქვა, რომ მარიამ წიკლაურის ახალი ლექსების კრებული დიდი საჩუქარია პოეზიიის მოყვარულთათვის, მკითხველი ადვილად მიხვდება, რომ ეს არის ღრმა ფიქრებზე აღმოცენებული პოეზია, ნიჭისა და ინტელექტის მარათონი, სადაც პოეტი სამარადჟამოდ „ამგზავრებულა“ ვერსახილველთა საძიებლად „აძრულ სამყაროსთან“ ერთად. ავტორის მიერ „სვებედნიერი“ ენის ფლობის უნარით, ფოლკლორული ფესვებიდან ნასაზრდოები სამყაროული ხედვებით და უტყუარი პოეტური ალღოთი განპირობებულია ეროვნული თუ უცხო, სრულიად ახალი პოეტური აზროვნების მოდელების ურთიერთმონაცვლეობა. ფართო თვალსაწიერის მქონე პოეტს უზარმაზარი სახეობრივი სამყარო აქვს, რომლის ურიცხვ წახნაგებში ათასგვარად ირეკლება ჩვენი ყოფნა-არყოფნის არსი და მიზანი, კაცთა მოდგმის შიში და უმწეობა, ცოდვა და სიყვარული, იმედად უფლის სიტყვა რომ ეგულებათ ორთავე სოფლად. ამ ფილოსოფიურ-რელიგიურ ძიებაში გარეგასული პოეტი მითოსური ხილვებით სახემოსილი და წინაპართა ანდრეზებით იმპულსირებული სპონტანური ხეტიალით იპყრობს წელიწდეულებსა და სივრცეთა უნაპირო დარანებს. წინამდებარე კრებულში ლექსების თემატიკა მრავალფეროვანია, აზრი კი უპირატესი და სითამამით გამოირჩევა ყოფიერების ღვთის ნებასთან მიზანშეწონილობას ის განიხილავს როგორც ჭეშმარიტების გზაზე სავალ აუცილბლობას. დავიმოწმებდი ვანო ამირხანაშვილის სიტყვებსაც („ჩვენი მწერლობა“ # 23(205) „გაბედულება - თუ ეს ის სიტყვა არ არის, რომელიც უშუალოდ გამოხატავს მარიამ წიკლაურის ლექსის სპეციფიკას, მაშინ გაგვიჭირდება მისი შემოქმედების ზოგადი დახასიათება. ლაპარაკია ხასიათზე, რომელიც გულისხმობს თქმისა და ქმნადობის სიმკვეთრეს, რისკს, ხიფათის უგულვებელყოფას. მას შეუძლია, საგნებთან ისე ახლოს მივიდეს, რომ საერთოდ გააქროს პოზიორობის საცდური, რომელიც, როგორც ცნობილია, ჩნდება მაშინ, როდესაც საგნები უცხოობის ბურუსიდან ვერ გამოჰყავთ. თავის გადაწყვეტილებაში სავსებით ბუნებრივია, უშუალო, პირდაპირი. მორიდება, როგორც ასეთი, მისი ხასიათი არ არის. ტროპული აზროვნების თავისებური წესი აქვს: ხედავ, მეტაფორას გთავაზობს, მიჰყვები, მიდიხარ, მიუახლოვდები, აკვირდები, გგონია, უკვე ხელთა გაქვს, მაგრამ უცებ კალმახივით სხლტება, სტრიქონებში უჩინარდება, რათა მერე სხვაგან დაგენახოს და ისევ გაუჩინარდეს.“
მხატვრულ სინტაგმებად ფორმირებულ, პასუხგაუცემელ კითხვებს, თოთქოს სახეში გვაყრის ავტორი, რომელნიც მოულოდნელ შოკისმომგვრელ ეფექტს ახდენენ მკითხველზე. სათქმელის გამოსახვის მისეული ესთეტიკა მკვეთრი ინდივიდუალიზმითაა აღბეჭდილი. პრობლემათა რაგვარობის მიხედვით ემოციური ნაკადი ლექსებში ხან მხატვრული სიცხოველით მოედინება, ხან კი, უაღრესად ფაქიზი და ჰაეროვანია. საოცარი პერცეფციების წყალობით სინესთეზიურ შთაბეჭდილებათა დიდოსტატად გვევლინება. ქართული პოეზიისათვის რამდენადმე უცხოდაა შემოსილი პატრიოტული განცდები. ისინი მაქსიმალურად დაცლილნი არიან ჭირისუფლის სასოწარკვეთილებისაგან და საზღვრულობისგან. მარიამ წიკლაურისთვის ეს გრძნობა გაცილებით ფართო მცნებაა და სრულიად მაღალზნეობრივი რეგისტრით ხასიათდება. მისი სამშობლო დედამიწაა. ყოფიერების კანონების ძიებაში მყოფი ავტორი თითქოს და ჯადოსნური ჯოხის - კალმის - ერთი მოქნევით ცდილობს რაც შეიძლება მოკლე დროში გაგვიათკეცოს თვალისჩინი, მეტი სიმძაფრით გვაგრძნობინოს, რასაც ნებელობამოდუნებული და ზნენაკლული კაცობრიობა შეჰგუებია. პოეტის სათქმელი დამყარებულია სიტყვიერების პლასტიურობაზე და სტილისტურ დახვეწილობაზე. უხვი და ამოუწურავია მხატვრულ სახეთა გალერეა. აქ ყოველი სიტყვა და განცდა, ფასეული და ჯერარგაგონილი, დიდი ზემოქმედების ძალითაა მოსილი. უაღრესად საინტერესოა პოეტის, როგორც ქალის, ლირიული სამხილები, რომლითაც ქართულ პოეზიაში არ ვართ განებივრებულები. და რომელსაც მხოლოდ ანტიკურ პოეზიაში თუ მოიხილავს პროფესიონალი მკითხველი. აქ რუტინული ფუნქციონალურობის ბურუსიდან დროდადრო იკვეთება ბიბლიური ქალის ძალმოსილი სახე - სიცოცხლის უწყვეტობის საიდუმლოს მოზიარე, მაგიური სითხით სავსე ჭურჭლით, ბროწეულებით შემოსილი, მარადისობაზე გადამწვდენი მზერით. ცვლილებებია ავტორისეულ ხელწერაშიც. ვერსიფიკაციული თვალსაზრისით რამოდენიმე ლექსი სრულ სიახლეს წარმოადგენს. კონვენციური რითმიანი ლექსების გარდა უამრავია სადა, ურითმო ნიმუშები. მეტრული სიახლეების მიუხედავად ლექსის რიტმული მდინარება ბუნებრივია და დაუბრკოლებელი. აქ უკვე ერთგვარი სისტემურობაც შეიმჩნევა: მისეული და ორგინალური. კრებული შედგენილია მარტივი ხერხით და რთულ, სულის და გონების ამაფორიაქებელ ლექსებს მცირე ზომის სტროფები ენაცვლებიან, რაც ემოციურ „წუთშესვენებას“ უწყობს ხელს.
ქართულ პოეზიაში კიდევ ერთ უაღრესად ნიჭიერ პოეტთან გვიწევს შეხვედრა. შეაღეთ „ჰაერის კარი“, იქ „მჭვირვალების მეუდაბნოე“ გელით.
მზეო გოგოჭური