საგზალი
„მარადისობის რიტუალი“ ლექსების ციკლია, რომელსაც, შესაძლებელია, ლირიკული პოემაც დარქმეოდა და ეძღვნება გზას, შინ რომ მიყავხარ...
*
საქართველოსთვის მთა იგივეა, რაც ხატისთვის კვრივი... სამყაროსთვისაც ასეა... განსაკუთრებულია მთის მიმართ ადამიანთა დამოკიდებულებაც: კრძალვა, მოწიწება, აღფრთოვანება, იდუმალება... სისხლით და გულით შეგრძნება იმისა, რომ მთა უფალთან მიახლების საკრალური ადგილია. მთა ჰგავს კიდეც ტაძარს, ან უფრო პირიქითაც... მთა მიწის გუმბათია. მთა არის ჭეშმარიტების შეცნობის ადგილი, ძველი სიბრძნისა და მადლის სამყოფელი. ერთდროულად კაცობრიობის ხსოვნის საძვალეც და განახლების აკვანიც, წყლის უდაბურების წიაღიდან ამოსული მთა სამყაროს განახლების მისტიური წინათქმაა... მთა არის ჩვენი უძველესი სამშობლო... ვინ არ შემდგარა მთის გზაზე... მთა სულიერი თავისუფლების, დაუმორჩილებლობის, სიმხნევის, ვაჟკაცობის, ზნეობის სინონიმად ითვლებოდა... განსაკუთრებული იყო მთის ენა... მთის ბგერა.. მთის ფერი... სხვა იყო მთის წესრიგიანობა, ხატის სამართალი, უხილავი სამყაროს ხილული შეგრძნება... ახლა განლეულივითაა ყველაფერი საჩინო, მაგრამ ულეველია მადლი და მიზეზი მთისადმი სიყვარულისა, მოკრძალებისა... ეგაა, ჩვენ თავად არ და ვეღარ ვყოფნით აქაურობას ღვთის უდიდეს მადლს...
*
ჩემი მამაპაპის კერა გუდამაყრის ლამაზ სოფელ ლუთხუბშია... თუმცა ყველა გუდამაყრელმა წიკლაურმა იცის, რომ ისინი ხევსურეთიდან, როშკიდან არიან გადმოსულები აქ. წიკლაურები იმასაც გეტყვიან, როშკის გორზე დიდი ხნის წინათ დევებს სამჭედლოები ჰქონდათ გამართული და მათი „ნაჯღან ცულების“ ხმა სად არ ისმოდაო... როდესაც მაშარიდან მოსულმა ლომნიურისძემ როშკა „საკარგყმოში“ აიღო, იგი უკვე გაუკაცრიელებული და ტყით დაფარული იყოო. „ხევიდან მოსულ“ თურმანაულს დაუარსებია ქმოსტელროშკიონთა სათემო სალოცავი - „დიდგორის ჯვარი“.
ძველ დროში როშკაში მდგარან ჩურთაულები, კალაურები, სინდაურები… სხვადასხვა დროს როშკასა და ქმოსტღელისვაკეს მდგარ სხვადასხვა წარმოშობის გვარებს ერთი გვარი მიუღიათ წიკლაური (როშკივნებს) და ბურდული (ბურდვიაული) ან ველთაური (ქმოსტელღელისვაკივნებს).
სოფელ ღელისვაკესთან, ძველ დროს, მდებარეობდა ფხოველთა უმთავრესი სალოცავი - „ხთისკარი“...
თანგულა წიკლაურს კოშკებისა და ციხეების მაშენებელსაც გაიხსენებენ, გიორგი წიკლაურსაც, კარგ მოლექსეს და იმასაც სიამაყით იტყვიან გოდერძი ჩოხელი დედით წიკლაური იყოო (ყმა დედულეთით გამოდის). ივანე წიკლაური, მამუკა წიკლაური, დიმიტრი წიკლაური, ჯურხათ ივანე არიან იმის დასტურნი რომ წიკლაურები, დღემდე, სისხლითაც და სიტყვითაც, თავისსაფერად „მოდიან, მოიძახიან“!
*
თუ სამეცნიერო-ეთნოლოგიურ გამოკვლევებს მოვიშველიებთ (ქართულკავკასიური კულტურის, ისტორიის და ეთნოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტი, ალექსანდრე ნაზღაიძე, 1994): „წიკლაურთა გვარი დაიბადა ბუდეხევსურეთში, წყალსიქითის თემში იქ სადაც ეხლა ნასოფლარი ფაფარენა მდებარეობს. ფაფარენაში მიმოფანტულ ქვებზე დღესაც ანთებენ სანთლებს როშკიონი წიკლაურები.
„წიკლაური“ ეპონიმური ტიპის გვარსახელია. ძველ საქართველოში გავრცელებული იყო საკუთარი სახელები: წიკია, წიკლა, წიკო, და სხვა.
გადმოცემით წიკლაურების წინაპარი უკანა ფშავის სოფელ მაშარაში ცხოვრობდა, მაგრამ იახსრის ხატმა ამოწყვიტა მათი ოჯახი. ერთი ბავშვი გადარჩენილა და ხევსურეთში გაზრდილა. იმედა რქმევია. იმედა წიკლაური ფაფარენაში დაუსახლებიათ, ხევსურეთში. იმ ერთ ბიჭზე მოდიან წიკლაურები. (რ. თოფჩიშვილის ცნობა). ფაფარენადან წიკლაურების ერთი შტო იმავე თემის სოფელ გაღმროშკაში გადასახლებულა. მეორე შტო არხოტში გადასულა, სოფელ ამღაში. კიდევ ერთი შტო წიკლაურებისა ბუდეხევსურეთის ჩირდილის ხევში დამკვიდრებულა, სოფელ უკანახოში. ფაფარენადან წიკლაურთა სამი მიმართულებით განსახლება აისახა ხალხურ ლექსშიც:
ერთი მყვირალი არხოტსა ვარო,
მეორე როშკას წიკლაურიო,
მესამე უკანახოშიაო,
ხირჩლაი ძმათა უარესიო.
შემდგომი გამრავლების შედეგად ამღიონი და როშკი8
ონი წიკლაურების ნაწილი ხევში გადასახლდა, ნაწილი ბარად ჩასახლდა, ნაწილიც ადგილზე დარჩა, ხოლო უკანახოელი წიკლაურები, ფხიტურის უღელტეხილის გადაღმა გუდამაყარში გადაიკრიფნენ. ყოველ ახოობის დღესასწაულზე გუდამაყრელი წიკლაურები ისევ აკითხავენ წინაპართა ფუძის ანგელოზს უკანახოში. გუდამაყრიდან წიკლაურების ნაწილი მთიულეთში, ხევში, ქსნის ხეობაში, თრიალეთის მთებში, ნაწილიც ბარად ჩასახლდა.
რთული სტრუქტურა აქვს წიკლაურების გვარს. გვარსახელი „წიკლაური“ რამდენიმე სხვადასხვა წარმოშობის გვარმოდენილობას აერთიანებს და გადმოცემების მიხედვით, არხოტში, ამღელი წიკლაურების გვარზე შემომდგარან დამხვდური ჭოლიკაურები, აგრეთვე მოსული ბახალაურები (თუშეთიდან) და ქარჩაიძეები (მთიულეთიდან) გუდამაყარში წიკლაურების გვარზე შემომდგარან: დამხვდური თოთიაურები, მიგრიაულები, ჭოჭოლაურები, თლოშიაურები, და ჩობალაურები, აგრეთვე მოსული ჭინჭარაულები, ხარხელაურები, თამნიაურები, ხევსურეთიდან, წითელაურები, ფშავიდან და ბუბუნაურები, ხევსურეთიდან ან ფშავიდან.
როშკელი წიკლაურებში მსგავსი გადმოცემები არ დასტურდება. გამოდის, რომ როშკელი წიკლაურები ნამდვილი წიკლაურები არიან, ხოლო არხოტელი და გუდამაყრელი წიკლაურებიდან ზოგი კომობამამიშვილობა ნამდვილი წიკლაურია და ზოგიც წიკლაურების გვარზე შემომდგარშემოფიცულნი.
ამღელი წიკლაურების მამიშვილობებია: ბერდიშვილნი, გაგანი, ნისლაურნი, ბაიანი, აბაისძენი, ჩაჩაურნი,
გიორგანი, ბახანი, ჭოლიკაურნი, უთურგანი, მარაისძენი, ქარჩანი და სხვანი.
გუდამაყრელი წიკლაურების კომობებია:
ლომიანი, შივიანი, ლეგიანი, ბუდღუნანი, ბერიძიანი, ბაწაწუნიანი, ვაზდეგიანი, ჭაიანი, დათვეენი, ლეგუშიანი, ბეწინიანი, ღერენიანი, ციფანი, ხიზანიანი, ჩამილიანი, აბეენი, ჯანგირანი, თორელანი, მერაბიანი, ბოლონანი, თანგულანი, მარტიანი, ალექსიანი, თამნიაურნი, ხარხელაურნი, ბუბუნაურნი და სხვანი.
სხვადასვა დროს წიკლაურების გვარს გამოეყვნენ: გუდამაყრელი ბექაურები, მთიული გვიანიშვილები,