თავი პირველი
დაბადება მე ვიქნები გმირი ჩემივე საკუთარი თავგადასავლისა თუ სხვა, ამას მკითხველი შემდეგი ფურცლებიდან დაინახავს.
თუ ჩემი ცხოვრების ამბავს სიცოცხლის დასაბამიდან დავიწყებ, უნდა მოგახსენოთ, რომ დავიბადე პარასკევს, სწორედ ღამის თორმეტ საათზე. ამ ღირსშესანიშნავი შემთხვევის დამსწრეებმა შენიშნეს და ცნობად მიიღეს ის გარემოება, რომ საათის შუაღამის რეკვა და ახალშობილის პირველი ტირილი ერთსა და იმავე წუთში მოხდა.
ამ დამსწრეთა შორის იყვნენ გადია, ბებიაქალი და ზოგიერთი სხვა გონიერი დედაკაცი, რომელნიც მონაწილეობდნენ ჩემს ბედში ჯერ კიდევ რამდენიმე თვით ადრე, სანამ მათი პირადად გაცნობის ფიზიკური საშუალება მომეცემოდა.
ყველა ამ პირმა, ჩემი დაბადების დღისა და საათის გათვალისწინებით, ერთსულოვნად და ერთხმად გამოაცხადა, რომ, ჯერ ერთი, მე უბედური ვიქნები ჩემს სიცოცხლეში, და მეორეც - ის, რომ მოჩვენებათა და სულების ნახვა მიწერია. მათი შეხედულებით, ბედი ორივე ამ უპირატესობით აუცილებლად იმ ბავშვებს აჯილდოებს, რომელნიც კვირის მეხუთე დღის შუაღამეს იბადებიან.
ამ წინასწარმეტყველების პირველი დებულების შესახებ აქ არ ღირს ბევრი ლაპარაკი: ჩემი ცხოვრების ამბიდან თავისთავად გამოირკვევა, რამდენად უბედური ან ბედნიერი ვიყავი. წინასწარმეტყველების მეორე დებულება სულებისა და მოჩვენებათა ნახვის შესახებ, რამდენადაც მახსოვს, აქამდის ჯერ არ გამართლებულა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ სიყრმის პირველ დღეებს, რომელნიც სრულად წარიშალნენ ჩემი მეხსიერებიდან; მაგრამ მე არ ვემდური ბედს, თუ მან სრულებით მომისპო ეს უპირატესობა. არ ვემდური იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვინმე ძალით წამართმევს მას.
მე დავიბადე „პერანგიანი“. რამდენიმე ხნის შემდეგ გაზეთში იყო გამოცხადებული, რომ იგი სულ იაფად, თხუთმეტ გინეად იყიდება. მაგრამ, როგორც ჩანს, იმ დროს მეზღვაურები ან უფულოდ იყვნენ, ან კორპის ტანისამოსი ამჯობინეს; ასე იყო თუ ისე, არც ერთი მეზღვაური არ გამოეხმაურა ამ განცხადებას არც სიტყვით, არც საქმით. ათი წლის შემდეგ ჩვენს უბანში გადაწყდა ამ „პერანგის“ ბედი. იგი გაათამაშეს ლატარიაში, ორმოცდაათ წევრს შორის, ნახევარ კრონად თითო სულზე, ხოლო მომგებს უნდა დაემატებინა ხუთი შილინგი ნაღდი. მე თვითონ დავესწარი ამ ცერემონიას და ძალიან კარგად მახსოვს უხერხულობა, რომელსაც ვგრძნობდი ყოველი იმ ლედისა და ჯენტლმენის შემყურე, რომელთაც, ასე ვთქვათ, ჩემი სხეულის ნაწილი გაათამაშეს. მომგებიანი ბილეთი ერგო ერთ მოხუც ლედის, რომელსაც ხელში ეჭირა პატარა ჩანთა, საიდანაც, იძულებული იყო, მეტისმეტად უხალისოდ ამოეღო დათქმული ხუთი შილინგი - სულ ხურდა ფული. დიდხანს თვალა მოხუცმა თავისი ნახევარპენსიანები საჭირო თანხის შესადგენად და მაინც დააკლო ორი პენსი, თუმცა დამსწრენი ცდილობდნენ, მათემატიკური გამოანგარიშებით დაემტკიცებინათ მისთვის, რომ ცდებოდა. ჩვენი პროვინციის ყველა ძველ მცხოვრებს ძალიან კარგად ახსოვს და, უეჭველია, კიდევ დიდხანს ეხსომება, რომ ჩემი „პერანგის“ ბედნიერი მფლობელი მართლაც არ დამხრჩვალა წყალში, იგი მშვიდად და წყნარად გარდაიცვალა დაბადებიდან ოთხმოცდამეთოთხმეტე წელს, საკუთარ საწოლში, ბუმბულის ლოგინზე. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მოხუცს ჭირივით სძულდა წყალი და თავი მოჰქონდა, რომ მთელი სიცოცხლის განმავლობაში თვალითაც არ ენახა.
მე დავიბადე დაბა ბლონდერსტონში, სუფოლკის საგრაფოში. მამაჩემმა თვალები დახუჭა ექვსი თვით ადრე, ვიდრე მე პირველად ვიხილე ეს ქვეყანა. ახლაც მაოცებს, როცა გამახსენდება, რომ მამას არასოდეს ვუნახავვარ. უფრო მეტად კი ის მაკვირვებს, რომ იგი წევს მარტოდმარტო ცივ სამარეში, ღამის გაუვალ წყვდიადში მაშინ, როდესაც ჩვენს პატარა სასტუმროში სითბო, სინათლე და მყუდროება სუფევს.
მამაჩემის მამიდა, მაშასადამე, ჩემი პაპიდა, რომლის შესახებ შემდეგ ძალიან დაწვრილებით მომიხდება ლაპარაკი, ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნება იყო ჩვენს ოჯახში. მას ერქვა მის ტროტვუდი, ანუ მის ბეტსი, როგორც ყოველთვის ეძახდა მას საბრალო დედაჩემი იმ შემთხვევაში, როცა დასძლევდა ხოლმე შიშს და ამ ნათესავზე ჩამოაგდებდა ლაპარაკს. მის ტროტვუდი ოდესღაც ყოფილა გათხოვილი; მისი ქმარი მასზე ყმაწვილი და ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, არ ამართლებდა ძველებურ ინგლისურ ანდაზას, რომ „მშვენიერია მხოლოდ ის, ვისი მოქმედებაც მშვენიერია“. ჩუმ-ჩუმად ლაპარაკობდნენ, თითქოს ქმარი სცემდა მის ბეტსის. ერთხელ ხმა გავრცელდა, ოჯახური ალიაქოთის დროს, რომელიც ფულთან იყო დაკავშირებული, ეს ჯენტლმენი ისე გაავდა, რომ თავისი მეუღლე მეორე სართულის ფანჯრიდან უნდა გადაეგდოო. ყოველივე ეს, ალბათ, სისულელეა, მაგრამ უეჭველია, რომ მეუღლეთა შორის ხასიათის არავითარი მსგავსება არ არსებობდა. ამიტომ იყო, რომ ისინი გაშორდნენ ერთმანეთს. მის ბეტსიმ გადაიხადა გარკვეული თანხა და მოახერხა გაყრა, რომელიც ორივე მხარის ურთიერთსურვილზე იყო დამყარებული. ქმარმა წაიღო მთელი თანხა და წავიდა ინდოეთში მხეცებზე სანადიროდ. ათი წლის შემდეგ მოვიდა ცნობა მისი სიკვდილის შესახებ. იგი წყნარად და უშფოთველად გარდაიცვალა. უკანასკნელი