წერილი უკაცრიელი კუნძულიდან – ასეთი ლამაზი ადგილი ჩემს სიცოცხლეში არსად მინახავს, – თქვა კაპიტანმა ჯორგანმა და ციცაბო მთის კალთაზე შეფენილ სოფელს გახედა.
მართლაც ლამაზი სოფელი გახლდათ. მთის ფუძე ზღვის ნაპირს ებჯინებოდა, ხოლო თეთრად შეღებილი სახლები, რომლებიც ფუძიდან მწვერვალამდე ორ მრუდხაზოვან მწკრივად იყო განლაგებული, მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენდა და ნამდვილი პირველსახე იყო ტიპური მთის სოფლისა. არ იყო გზები, სადაც ფორანს, ურემს ან ოთხთვალას შეეძლო გადაადგილება, ტვირთის გადაზიდვა მხოლოდ საპალნეაკიდებული ვირებით ან ცხენებით თუ შეიძლებოდა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ტვირთაკიდებულ ვირებსა და ცხენებს არა მარტო აქ, არამედ მთელ ინგლისში შეხვდებოდით. სოფელში ორ ერთნაირ სახლს ვერ ნახავდით; საკვამურებიც კი ერთმანეთისგან განსხვავებული ჰქონდათ. იმდენად დამრეცი იყო მთის კალთა, რომ სოფელში ასასვლელად ექვსი ფუტი (სიგრძის საზომი ერთეული. ერთი ფუტი 30,48 სანტიმეტრის ტოლია) სიგანის უხეშად თლილი ქვის საფეხურები დაეგოთ, რომელზეც ხშირად შეხვდებოდით ზლაზვნით ამომავალ, მძიმე ტვირთისგან ქანცგამოცლილ ცხენებს ან ვირებს, რომელთაც სოფელში თევზი, ნახშირი და სხვა პირველადი მოხმარების საქონელი ამოჰქონდათ. იქაურობას საქონლით რამდენიმე ნავისგან შემდგარი „ფლოტი“ და ორი თუ სამი მოვაჭრის კუთვნილი კაბოტაჟული (კაბოტაჟი – ნაოსნობა ზღვის ნაპირის სიახლოვეს) კანჯო ამარაგებდა.
მთის სოფელი კონტრასტს ქმნიდა ზღვის ნაპირთან, მაგრამ სწორედ ეს კონტრასტი ანიჭებდა განუმეორებელ სილამაზეს ამ ადგილს. იმდენად ახლოს იყო სოფელი, რომ კაპიტანი ჯორგანი ნათლად ხედავდა ქვის კიბეებზე ამავალ თევზით დატვირთულ ქარავანს, რომელსაც ტვირთის მეპატრონეებთან – მეთევზეებთან ერთად, მათი ცოლ-შვილიც მიაცილებდა. ჯორგანის ყურს ცოლების ყაყანისა და ბავშვების ჟრიამულის ხმებიც კი სწვდებოდა.
გვიანი შემოდგომა იდგა. ფოთოლცვენა დიდი ხნის დაწყებული იყო. ჩამოცვენილი ფოთლებისგან მოწითალო-მოყავისფროდ შეფერილი მთის კალთები ლაჟვარდოვან ზღვაში ირეკლებოდა, რომელსაც ზემოდან ჩრდილოეთ დევონშირის უღრუბლო ცა დაჰყურებდა. სოფელი ფრინველის ვეებერთელა ბუდიდან ამოზრდილ ჯადოსნურ სუროს მოგაგონებდათ. ზღვის ერთფეროვანი პეიზაჟით გაბეზრებული ჯორგანი ხარბად შეჰყურებდა ბუნების ამ საოცრებას და მისი სილამაზით ტკბებოდა. ზოგჯერ ზღვის ნაპირსაც შეავლებდა ხოლმე თვალს. ნაპირი თეთრი კენჭებითა და ლოდებით იყო მოფენილი, თუმცა სითეთრის ამ ერთფეროვნებას ალაგ-ალაგ გასაშრობად გაფენილი თევზსაჭერი ბადეები არღვევდა. ცაში ჭილყვავთა გუნდი ნავარდობდა, ხოლო უფრო დაბლა, ზღვის ზედაპირის სიახლოვეს, თოლიები დაფარფატებდნენ და თევზებზე ნადირობდნენ. პაწაწინა გულწითელა ჩიტები ზღვის ნაპირზე მოფენილ ლოდებსა და ტალღამტეხის (ჰიდროტექნიკური ნაგებობა, რომლის დანიშნულება ზღვის მოქცევისას ტალღების დაშლა და სანაპირო ზოლის დაცვაა) რკინის რგოლებზე ხტოდნენ, არ უფრთხოდნენ იქვე ახლოს მოთამაშე ბავშვებს.
ფრინველთა გალობა, ცხენების ფლოქვების თქარუნი ქვის კიბეებზე, მეთევზეებისა და მათი ცოლების ყაყანი, ბავშვების ჟრიამული, ზღვის ტალღების ტყლაშუნი ჯებირზე და სიოს სისინიც კი კაპიტან ჯორგანს ბუნების საოცარ სიმფონიად ჩაესმოდა.
ის ზღვის ნაპირზე იჯდა, მის წინ გადაშლილი პეიზაჟით მოხიბლული აღფრთოვანების ნიშნად ხელს მუხლზე იტყაპუნებდა (მუხლებზე ხელების დატყაპუნებით ემოციის გამოხატვა მისი ჩვევა გახლდათ) და დროდადრო წამოიძახებდა ხოლმე:
– ასეთი ლამაზი ადგილი ჩემს სიცოცხლეში არსად მინახავს!
კაპიტანი ჯორგანი ამ სოფელში არ იყო ნამყოფი, მაგრამ ის შორიდან ადრეც შეუმჩნევია. მას, როგორც მეზღვაურს, ბევრგან უწევდა ზღვის ნაპირზე გადმოსვლა და ნაპირის მიმდებარე ადგილების დათვალიერება. ყოველივე ნანახს ფენომენალური მეხსიერებისა და მაღალი ინტელექტის წყალობით კარგად იმახსოვრებდა და სწორად აფასებდა; ჯორგანი ამერიკელი გახლდათ, დაბადებული იყო ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილო-აღმოსავლეთში – ახალ ინგლისში. როგორც მეზღვაურს, ახალ-ახალი ადგილების ხილვა უხდებოდა და ისიც ითვისებდა ყოველივე საუკეთესოს, რაც სხვადასხვა ქვეყნისთვის იყო დამახასიათებელი. უფრო მეტიც, თითოეულის მოქალაქედ მიაჩნდა თავი.
სანაპიროზე, ნავსაყუდელთან მჯდარი, ლურჯ შარვალსა და გრძელ კიტელში გამოწყობილი კაპიტანი ჯორგანი ფიქრებში ჩაიძირა. იქვე ახლოს მებადურებს მოეყარათ თავი და რაღაცაზე კამათობდნენ. ბოლოს გამოელაპარაკა მათ: გამოჰკითხა თევზჭერის ამბები, ზღვის სიღრმე ნაპირთან, ტალღათა მოქცევა, ნაპირთან კანჯოსა თუ კატარღის მიყენების თავისებურებები და სხვა. ჯორგანის ყურადღება ერთმა ახალგაზრდა მებადურმა მიიპყრო, რომელიც ოცდაორი-ოცდასამი წლის იქნებოდა. მებადურს უხეში ტანსაცმელი ეცვა, სამხრეთული ქუდი ეხურა; სახე და ხელები მზისგან გარუჯვოდა; შავი, ნათელი თვალები ჰქონდა და გულუბრყვილო გამოხედვით გამოირჩეოდა; შვენოდა ხუჭუჭი თმა და ბაკები. „ათას დოლარს დავდებ ნაძლევად ერთის წინააღმდეგ, რომ ეს ახალგაზრდა ღირსეულ და პატიოსან ოჯახშია გაზრდილი“, – გაიფიქრა ჯორგანმა.
– დაქორწინებული ხარ, ახალგაზრდავ? – შეეკითხა მებადურს.
– ჯერ არა.
– მაგრამ ხომ აპირებ?
– დიახ, სერ, – მორცხვად მიუგო ახალგაზრდა მებადურმა.
ჯორგანის მახვილ თვალს არ გამოჰპარვია, რომ მასთან საუბრისას ახალგაზრდა მებადური დროდადრო თვალს გააპარებდა ხოლმე სანაპიროსა და სოფლის გამყოფი კედლის გადაღმა მდებარე სახლისკენ, რომლის აივანი სუროსა