თავი ოცდამეთორმეტე
უმთავრესად მოთხრობილია რაღაც საგულისხმო საუბრისა და იმავე საუბრით გამოწვეული სხვა საგულისხმო ამბებიც
- ძლივს ლონდონი! - წამოიძახა ნიკოლასმა, პალტო მიაგდო და ტკბილად ჩაძინებული სმაიკი გამოაღვიძა. - აღარ მეგონა, თუ ჩამოვაღწევდით.
- ისე გამალებით მოგრიალებდით და მაინც აღარ გეგონათ?! - შენიშნა მეეტლემ და ნიკოლასს გახედა არცთუ ისე კეთილად.
- ჰო, ვიცი, - იყო პასუხი, - მაგრამ მანამ ჩამოვიდოდი, სული კბილით მეჭირა. ამიტომ გზაც გრძელი მეჩვენა.
- ასეთი ცხენები მოგაქროლებდნენ და მაინც გრძელი გეჩვენათ გზა?! ალბათ მართლაც კბილით გეჭირათ სული, - შენიშნა მეეტლემ და უფრო დიდი მნიშვნელობა რომ მიენიჭებინა თავისი სიტყვებისთვის, ვიღაც პატარა ბიჭს წვივებზე მათრახი გადაუტყლაშუნა.
ისინი მირახრახებდნენ ლონდონის აჩოჩქოლებულ, ხალხმრავალ ქუჩებში, რომლებიც ახლა ორმაგ გრძელ მწკრივად ჩამოკიდებულ ფარნებს გაენათებინა; აქა-იქ აფთიაქების თვალისმომჭრელი ფარანიც გამორეოდა. მაღაზიების ფანჯრებიდან ძლიერ ნაკადად გადმოღვრილი სინათლის ჩქერი კიდევ უფრო აკაშკაშებდა იქაურობას; ვიტრინებში უხვად გამოფენილი მოელვარე თვალმარგალიტი, ნაირფერი ფარჩეული და ხავერდი, მადის აღმძვრელი ტკბილეული, ფუფუნების საგნები სიმდიდრესა და ელვარებაში ერთმანეთს ეჯიბრებოდა. უწყვეტ ნაკადად მომდინარე ხალხის ნიაღვარს ბოლო არ უჩანდა. გამვლელები ერთმანეთს ეჯახებოდნენ და გამწარებით მიიჩქაროდნენ თავ-თავიანთ საქმეზე, თითქოს ვერც კი ამჩნევდნენ აურაცხელ სიმდიდრეს, რომელიც მათ გარს ერტყა. ერთმანეთში არეული ყოველი ჯურისა და შესახედაობის ეტლ-ფორნები კი მოვარდნილ მდინარესავით მიიკვლევდნენ გზას და განუწყვეტელი რახრახით კიდევ უფრო აძლიერებდნენ ხმაურსა და აურზაურს.
მიგრიალებდნენ აჩოჩქოლებულ ქუჩებში და მათ თვალწინ ნაირ-ნაირი საგნების სწრაფი მონაცვლეობა მართლაც უცნაურ სანახაობას წარმოადგენდა: ქვეყნის ყოველი კუთხიდან შემოტანილი ფარჩეულისა და დიდებული ტანსაცმლის მაღაზიები; მაცდუნებელი დუქნები, სადაც ყველაფერი ისე იყო გამოწყობილი, რომ ჭამამოყირჭებულს კვლავაც საქეიფოდ აღძრავდა; ოქროსა და ვერცხლის ბრჭყვიალა ჭურჭლეული - კოხტად გამოყვანილი ლარნაკები, თეფშები, თასები, თოფები, ხმლები, დამბაჩები და ნგრევის დაპატენტებული იარაღი; ხელბორკილები ბოროტმოქმედთათვის, ჩვრები ახალდაბადებულთათვის, წამლები სნეულთათვის... კუბოები მკვდრებისათვის, სასაფლაოები - უკვე დაკრძალულთათვის... ეს ყველაფერი ჯგუფ-ჯგუფად, ერთმანეთის მიყოლებით გაიელვებდა და თვალს მიეფარებოდა, ასე გეგონებოდათ, ჭრელაჭრულა საბურველში გახვეულთ ერთურთისათვის ხელი ჩაუჭიდიათ და ცეკვავენო, ძველი ჰოლანდიელი მხატვრის ფანტასტიკური ჯგუფების მსგავსად.
არც თვით ბრბოში ყოფილა ნაკლებობა ისეთი სახისა თუ ფიგურისა, რომელიც ცვალებად სურათებს ახლებურ სიმძლავრეს შემატებდა. აგერ, გაჩახჩახებული საიუველირო ვიტრინის შუქზე ქუჩის მომღერლის ჭუჭყიანი ძონძები ფრიალებს; ნერწყვის მომგვრელი ვიტრინის წინ გაფითრებულ-გაცრეცილი სახე კანკალებს; მშიერი თვალები სიფრიფანა მინის იქით დახვავებულ სანოვაგეს დასტრიალებს, მაგრამ ეს მინა მათთვის რკინის კედელია; ნახევრად ტიტველი, აცახცახებული ხალხი ჩინურ ფარჩეულსა და ინდურ ოქროქსოვილს მიშტერებია; ყველაზე მსხვილი მეკუბოვის სახლში ნათლობის მეჯლისი გაუჩაღებიათ, ხოლო სამგლოვიარო გერბის გამოჩენას დიდებული სახლის შეკეთება შეუჩერებია; სიკვდილი და სიცოცხლე ხელიხელჩაკიდებული მოდის; სიმდიდრე-სიღატაკე ერთმანეთს გვერდში ამოსდგომია, შიმშილსა და სიმაძღრეს ერთად ჩაუყირავებიათ ისინი სამარეში.
დიახ, ასეთი გახლდათ ლონდონი; პროვინციელი ქალიც, რომელსაც კინგსტონამდე ორი მილით ადრე გამოეყო თავი კარეტის ფანჯრიდან და მეეტლეს უყვიროდა, - განა არ ვიცოდი, ისე გაივლიდი, რომ ჩემი ჩამოსმა დაგავიწყდებოდაო! - ბოლოს და ბოლოს, ჩამოსვეს.
იმავე სასტუმროში, რომელთანაც კარეტა გაჩერდა, ნიკოლასმა თავისთვის და სმაიკისთვის ადგილები დაიქირავა, შემდეგ კი წუთიც აღარ დაუკარგავს, პირდაპირ ნიუმენ ნოგსისკენ გაქანდა, რადგან რაც დრო გადიოდა, მღელვარება და მოუსვენრობა უფრო და უფრო იპყრობდა, ლამის თავიც ვეღარ შეეკავებინა.
ნიუმენის სხვენში გაჩაღებული ცეცხლი და ანთებული სანთელი დახვდა; იატაკი გაკრიალებული იყო, ოთახი კი - კოხტად მილაგებული, რამდენადაც შეიძლებოდა სიკოხტავე ასეთ ოთახში; მაგიდაზე კი ასევე კოხტად, სასმელ-საჭმელი დაეწყოთ. ერთი სიტყვით, ყველაფერი ნიუმენ ნოგსის მზრუნველობასა და ყურადღებაზე მეტყველებდა, მაგრამ თვითონ ნიუმენი შინ არ დახვდათ.
ნიკოლასმა მეზობლის კარზე დააკაკუნა და იკითხა:
- არ იცით, როდის დაბრუნდება?
- მისტერ ჯონსონ! - წამოიძახა კროულმა და ნიკოლასს წარუდგა. - რა მშვენივრად გამოიყურებით! ვერც კი დავიჯერებდი, რომ...
- მომიტევეთ, - შეაჩერა ნიკოლასმა, - მე გკითხეთ... მანამ არ გავიგებ, ვერ მოვისვენებ.
- რაღაც სასწრაფო საქმე გამოუჩნდა, - მიუგო კროულმა, - თორმეტ საათამდე ვერ დაბრუნდება. დამერწმუნეთ, ფეხი შინ რჩებოდა. მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა, უნდა წასულიყო. არ მოგერიდოთო, დაგიბარათ, მანამ დავბრუნდებოდე, თქვენს გემოზე მოისვენეთო. მეც მთხოვა, შეიქციეო და სიამოვნებითაც შევასრულებ ამ დავალებას.
მართლაც, იმის ნიშნად, რომ მთელი სულითა და გულით მზად იყო სტუმრების შესაქცევად, მისტერ კროულმა ამ სიტყვებთან ერთად, სკამი მაგიდისკენ მისწია, კარგა ბლომად გადმოიღო ცივად მოხარშული ხორცი და ნიკოლასი და სმაიკიც მიიპატიჟა, მომბაძეთო.
იმედგაცრუებულ და აფორიაქებულ ნიკოლასს ჭამის თავი სად ჰქონდა?!