თავი 1
ოლივერ ტვისტის დაბადების ადგილისა
და გარემოებების შესახებ ერთ-ერთ ქალაქში, რომლის დასახელებისგან მრავალი მიზეზის გამო თავს შევიკავებ და არც გამოგონილ სახელს დავარქმევ, მრავალრიცხოვანი საჯარო ნაგებობის გვერდით იდგა დაწესებულება. ამ დაწესებულებას თითქმის ყველა დიდ თუ პატარა ქალაქში შეხვდებოდით და მას შრომის სახლი
ეწოდებოდა. სწორედ ასეთ სახლში დაიბადა - თავს ვერ ვაიძულებ დრო და საათი მივუთითო, რადგან ამას მკითხველისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არა აქვს და ჯერჯერობით არც მონათხრობისთვის არის საჭირო - მოკვდავი, რომლის სახელი ამ წიგნს ჰქვია.
როდესაც სამრევლოს
ექიმმა ის ტანჯვითა და ვაებით აღსავსე ამქვეყნიურ ცხოვრებაში შემოიყვანა, დიდხანს საეჭვო იყო, ბავშვი გადარჩებოდა თუ არა და მის სახელზე ჯერ არავინ ფიქრობდა; ყოველ შემთხვევაში, ეს მემუარები საერთოდ არ გამოქვეყნდებოდა ან მხოლოდ ორი-სამი ნაბეჭდი გვერდი იქნებოდა და ამ მიზეზის გამო ნებისმიერი ქვეყნისა და საუკუნის ლიტერატურაში უმცირესი მოცულობის მემუარებად ჩაითვლებოდა.
თუმცა, არ შემიძლია ვამტკიცო, რომ ახალი ადამიანის დაბადება ამ სახლში ყველაზე ბედნიერი და შესაშური რამ არის, რაც შეიძლება ადამიანს ამქვეყნად შეემთხვეს, მაგრამ, ჩემი აზრით, მოცემულ პირობებში ოლივერისთვის მაინც საუკეთესო გამოსავალი გახლდათ, იმიტომ, რომ ძალზე რთული იყო იმის მიღწევა, ოლივერ ტვისტს თავის თავზე აეღო საკუთარ სუნთქვაზე ზრუნვა. ეს მართლაც მეტად რთული რამ არის, თუმცა, ჩვენი უღრუბლო არსებობისთვის იმავდროულად სასიცოცხლოდ აუცილებელ ჩვევას წარმოადგენს. ერთხანს ოლივერი მატყლის ლეიბზე იწვა და სულს ვერ ითქვამდა; ამ და იმ ქვეყანას შორის საზღვარზე მყოფი აშკარად იმ ქვეყნის სასარგებლოდ ფიქრობდა. ამ ხანმოკლე დროში ოლივერი მზრუნველი ბებიაქალების, აღელვებული დეიდებისა და მამიდების, გამოცდილი სანიტრებისა და ბრძენი ექიმების ხელში რომ მოხვედრილიყო, ის უეჭველია, დაიღუპებოდა. მაგრამ რაკი შორიახლოს არავინ იმყოფებოდა ლუდის ზედმეტი დოზით გაბრუებული მოხუცი ქალისა და სამრევლოს ექიმის გარდა, რომელიც თავის მოვალეობას დადებული ხელშეკრულების მიხედვით ასრულებდა, ამიტომ ეს ბრძოლა ოლივერისა და ბუნების გამარჯვებით დასრულდა. ხანმოკლე გაბრძოლების შემდეგ ოლივერმა ამოიოხრა, დააცემინა და შრომის სახლის მცხოვრებთ ახალი საზრუნავის შესახებ აუწყა ისეთი ხმამაღალი ტირილით, რომელიც მხოლოდ მამრობითი სქესის ახალდაბადებულს შეუძლია, სამიოდე წუთის წინ ბუნებით ბოძებული შესანიშნავი ძღვენის, ხმის შესახებ რომ შეიტყო.
როგორც კი ოლივერმა თავისი ფილტვების თავისუფალი მოქმედების შესაბამისი დამადასტურებელი საბუთი წარმოადგინა, რკინის საწოლზე დაუდევრად მიგდებული საკერებლიანი საბანი შეირხა, ახალგაზრდა ქალმა ფერმკრთალი სახე ბალიშიდან წამოსწია და სუსტი ხმით წაილუღლუღა:
- ბავშვი მაჩვენეთ, ვიდრე მოვკვდები.
ექიმი ბუხართან იჯდა და გასათბობად ხელებს იზელდა. როდესაც ახალგაზრდა ქალის ხმა მოესმა, წამოდგა, მის სასთუმალს მიუახლოვდა და იმაზე ალერსიანად უთხრა, ვიდრე მისგან მოსალოდნელი იყო:
- ოჰ, ასეთ რამეს როგორ ამბობთ!
- მოწყალე ღმერთმა დაგიფაროს! - ჩაერია სანიტრად გამწესებული ბებრუხანა, ჯიბეში საჩქაროდ დამალა მწვანე ბოთლი, რომლის შიგთავსს აშკარა სიამოვნებით უსინჯავდა გემოს ოთახის კუთხეში მიყუჟული, - ღმერთმა დაგვიფაროს! აი, სერ, როდესაც იმდენ ხანს იცოცხლებს, რამდენი წლისაც მე ვარ, ცამეტ ბავშვს გააჩენს, რომელთაგან ცოცხალი მხოლოდ ორი გადარჩება და ისინიც მასთან ერთად შრომის სახლში იცხოვრებენ, მერე კი ჭკუაზე მოვა და მიხვდება, რომ არ არის საჭირო ყველაფრის გულთან ახლოს მიტანა!.. დაფიქრდით, ძვირფასო, რას ნიშნავს დედობა! რა საყვარელი შვილიკო გყავთ!
მაგრამ ჩანდა, რომ დედობის ამ დამამშვიდებელმა პერსპექტივამ სათანადო შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. ავადმყოფმა თავი გააქნია და ხელები ბავშვისკენ გაიშვირა.
ექიმმა ახალშობილი მკლავებში ჩაუწვინა. ქალი ცივი, ფერმკრთალი ტუჩებით დააკვდა ბავშვის შუბლს, ხელებით მოეფერა სახეზე, გარშემო ველურივით მიმოიხედა, შემდეგ საწოლზე უკან გადავარდა... და გარდაიცვალა. დაუზილეს გული, ხელები, საფეთქლები, მაგრამ გული სამუდამოდ გაჩერდა. რაღაცას ეუბნებოდნენ იმედსა და სიმშვიდეზე, მაგრამ უკვე დიდი ხანია, აღარაფერი ესმოდა.
- ყველაფერი დასრულდა, მისის ტინგამი! - თქვა ბოლოს ექიმმა.
- დიახ, ყველაფერი დასრულდა. ეჰ, საბრალო! - თქვა ბებრუხანამ და მწვანე ბოთლის საცობი, რომელიც ბავშვის ასაყვანად დახრილს საწოლზე დაუვარდა, სასწრაფოდ აიღო, - საბრალო!
- თუ ბავშვი ტირილს დაიწყებს, ჩემთან არავის გამოგზავნა საჭირო არ არის, - თქვა ექიმმა, თან ნელ-ნელა იცვამდა ხელთათმანს, - სავარაუდოდ, შფოთიანი იქნება. თხელი ფაფა მიეცით, - ექიმმა ქუდი დაიხურა, კარისკენ გაემართა და საწოლთან შეჩერებულმა, იკითხა, - სანდომიანი ქალია... საიდან მოვიდა?
- გუშინ საღამოს მოიყვანეს, - უპასუხა ბებრუხანამ, - ზედამხედველის განკარგულებით. ქუჩაში მწოლიარე იპოვეს. შორიდან არის მოსული, მისი ფეხსაცმლის ლანჩები სრულიად გაცვეთილია, მაგრამ საიდან მოვიდა ან საით აპირებდა წასვლას, არავინ იცის.
ექიმი გარდაცვლილისკენ დაიხარა და მისი მარცხენა ხელი ასწია.
- ჩვეულებრივი ამბავია,