თავი I -
პიკვიკელები უკვდავი პიკვიკის საზოგადოებრივი მოღვაწეობის ადრინდელი ხანა წყვდიადითაა მოცული. პირველი სხივი, რომელმაც ნათელი მოჰფინა ამ უკუნეთს, კლუბის ოქმების ქვემოთ მოყვანილი ამონაწერის განხილვისას აღმობრწყინდა. აღნიშნული წერილების გამომცემელი ამ ოქმებს უდიდესი სიამოვნებით შესთავაზებს მკითხველს, ვინაიდან ისინი ჭეშმარიტად ავლენენ იმ საგულდაგულო დაკვირვების უნარს, დაუზოგავ თავგამოდებასა და გასაოცარ შორსმჭვრეტელობას, რომელიც ამ ღირსეულმა ადამიანმა მისდამი მინდობილი საბუთების გამოკვლევისას გამოიჩინა.
„მაისი, 12, 1827. თავმჯდომარე - ჯოზეფ სმგერსი, ესკვაირი
, მ.ვ.პ.პ.კ.წ.*
* მუდმივი ვიცე-პრეზიდენტი, პიკვიკის კლუბის წევრი. ერთხმად დაადგინეს:
რომ აღნიშნულმა ასოციაციამ უდიდესი კმაყოფილებით მოისმინა და ერთხმად მოიწონა მისტერ პიკვიკის, ესკვაირის, მ.პ.პ.კ.წ.-ის მოხსენება, სათაურით: „მოსაზრებები ჰემპსტედის ტბორების სათავეებზე და მახათას თეორიის საკითხებზე ზოგიერთი შენიშვნის დართვით“. რის გამოც აღნიშნული ასოციაცია უღრმეს მადლობას უცხადებს ხსენებულ სამუელ პიკვიკს, ესკვაირს, მ.პ.პ.კ.წ.-ს;
რომ აღნიშნული ასოციაცია, ნათლად ითვალისწინებს რა იმ სარგებლობას, რასაც ზემოხსენებული შრომა და, რა თქმა უნდა, არანაკლებ, თვით სამუელ პიკვიკის დაუცხრომელი კვლევა-ძიება ჰორნსსა, ჰაიგეიტსა, ბრიგსტონსა და კემბერუელში, მოუტანს მეცნიერებას, დამაჯერებლად აცხადებს, რომ პატივცემული სწავლული, უთუოდ ფასდაუდებელ სამსახურს გაუწევს კაცობრიობას, თუ ვინიცობაა, თავის გამოკვლევებს უფრო ვრცელ ასპარეზზე გადაიტანს, გააფართოებს დასახული მოგზაურობების გეგმას და, მაშასადამე, განავრცობს თავისი ძიების სფეროსაც მეცნიერების პროგრესისა და საკაცობრიო ცოდნის გამდიდრების მიზნით;
რომ, ამ მოსაზრებათა გამო, აღნიშნულმა ასოციაციამ საფუძვლიანად განიხილა ზემოხსენებული სამუელ პიკვიკის, ესკვაირის, მ.პ.პ.კ.წ-ისა და სამი ქვემოთ დასახელებული პიკვიკელის მიერ წამოყენებული წინადადება იმის შესახებ, რომ შეიქმნას პიკვიკელთა ახალი მიმდინარეობა შემდეგი სახელწოდებით: „პიკვიკის კლუბის საკორესპონდენტო საზოგადოება“;
რომ წამოყენებული წინადადება მოწონებულია და მიღებულია აღნიშნული ასოციაციის მიერ;
რომ ამიერიდან საკორესპონდენტო საზოგადოება ჩამოყალიბებულია და, რომ იგივე სამუელ პიკვიკი, ესკვაირი, მ.პ.პ.კ.წ., ტრესი ტაპმენი, ესკვაირი, პ.კ.წ., ავგუსტუს სნოდგრასი, ესკვაირი, პ.კ.წ. და ნათენიელ უინკლი, ესკვაირი, პ.კ.წ. დასახელებულნი და მიღებულნი არიან ხსენებული საზოგადოების წევრებად; რომ მათ ევალებათ ხანგამოშვებით წარმოადგინონ პიკვიკის კლუბში, რომელიც ქ. ლონდონში მდებარეობს, თავიანთ მოგზაურობათა და გამოკვლევათა უტყუარი ანგარიშები და ხალხსა და მის ზნე-ჩვეულებებზე დაკვირვების შედეგები. მათ უკლებლივ უნდა აღწერონ თავიანთი თავგადასავლები ყველა იმ ამბისა და ჩანაწერის დართვით, რომელსაც საფუძვლად ადგილობრივი სანახაობა და ამ ნიადაგზე წარმოშობილი ფიქრები დაედება;
რომ აღნიშნული ასოციაცია გულწრფელად ესალმება იმ დადგენილებას, რომლის ძალითაც საკორესპონდენტო საზოგადოების ყოველი წევრი ვალდებულია, თვითონვე დაფაროს მოსალოდნელი სამგზავრო ხარჯები და, რომ მას, აღნიშნულ ასოციაციას, არაფერი აქვს საწინააღმდეგო, თუ ხსენებული საზოგადოების წევრები საკუთარ კვლევა-ძიებას თავიანთი სურვილისამებრ უფრო მეტხანსაც განაგრძობენ, რა თქმა უნდა, იმავე პირობებში;
აქვე აცნობებენ ზემოხსენებული საკორესპონდენტო საზოგადოების წევრებს, რომ მათი თხოვნა საკუთარი წერილების გადასაგზავნი და ამანათების გადასაზიდი ხარჯების დაფარვის შესახებ განიხილა აღნიშნულმა ასოციაციამ, და, ვინაიდან, პიკვიკის კლუბის პატივცემული წევრების აზრით, ეს შესანიშნავი წინადადება მართლაცდა ჭეშმარიტად შეეფერება იმ დიად ადამიანებს, რომელთა გონების ნაყოფსაც იგი წარმოადგენს, აღნიშნული ასოციაცია - თხოვნაზე სრულ თანხმობას აცხადებს.
შემთხვევითი დამკვირვებელი, - უმატებს მდივანი, რომლის ჩანაწერებსაც უნდა ვუმადლოდეთ ქვემოთ მოყვანილი ცნობებისათვის, - შემთხვევითი დამკვირვებელი, შესაძლოა, ღირსშესანიშნავს ვერაფერს იპოვიდა მელოტ თავსა და მრგვალ სათვალეში, რომლებიც ზემოხსენებულ გადაწყვეტილებათა კითხვისას დაჟინებით მისჩერებოდნენ მას (მდივანს), მაგრამ მათთვის, ვინც კი იცოდა, რომ ამ შუბლის ქვეშ პიკვიკის დიადი ტვინი აზროვნებდა და რომ ამ სათვალეს იქით, პიკვიკის სხივოსანი თვალები კიაფობდნენ, ეს სანახაობა ჭეშმარიტად მომაჯადოებელი გახლდათ.
აქ იჯდა ის შესანიშნავი ადამიანი, რომელმაც დასაბამამდე გამოიკვლია ჰემპსტედის დიდებული ტბორები და თავისი მახათას თეორიით მეცნიერების სამყარო შეარყია, იჯდა მშვიდი და უძრავი, როგორც თიხის ქილის სიღრმეში მიყუჟული მახათას მარტოხელა წარმომადგენელი ან სუსხიან დღეს ხსენებული ტბორების ღრმა წყალი.
ახლა წარმოიდგინეთ, რამდენად საინტერესო გახდა სანახაობა, როდესაც ამ დიადი პიროვნების ერთგულმა მიმდევრებმა ერთხმად დაჰქუხეს „პიკვიკ“. ამ შეძახილისთანავე ბრწყინვალე ადამიანი უეცრად გამოცოცხლდა და ცეცხლივით აენთო. შემდეგ კი მის მიერვე დაარსებული კლუბის წევრებს სიტყვით მიმართა.
ეს ამაღელვებელი სურათი ჭეშმარიტად მხატვრის შთაგონების ღირსი გახლდათ! შესანიშნავ მჭევრმეტყველს, მისტერ პიკვიკს, ცალი ხელი მოხდენილად ამოედო ფრაკის კალთებქვეშ, ხოლო მეორეს თან აყოლებდა თავის მგზნებარე სიტყვას. სახელდახელოდ მოწყობილი ტრიბუნიდან თვალწარმტაცად მოჩანდა ამ დიდებული ადამიანის შემოტკეცილი შარვალი და პაჭიჭები, რომელსაც უბრალო მომაკვდავზე უთუოდ ვერავინ შეამჩნევდა, და ახლა, როდესაც ხსენებული მოკაზმულობა მისტერ პიკვიკს ამშვენებდა, - უნებლიეთ, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, მაყურებელს უდიდეს მოწიწებასა და მოკრძალებას შთააგონებდა.
ბელადს მხარს უმშვენებდნენ მეგობრები, რომლებმაც ნებაყოფლობით მოისურვეს მის მოგზაურობათა ხიფათის გაზიარება და რომლებიც შემდეგში მისი დიადი აღმოჩენების დიდების მოზიარენიც გახდნენ. მარჯვნივ