თავი პირველი - დაბადება
მე ვიქნები გმირი ჩემივე საკუთარი თავგადასავლისა თუ სხვა, ამას მკითხველი შემდეგი ფურცლებიდან დაინახავს.
თუ ჩემი ცხოვრების ამბავს სიცოცხლის დასაბამიდან დავიწყებ, უნდა მოგახსენოთ, რომ დავიბადე პარასკევს, სწორედ ღამის თორმეტ საათზე. ამ ღირშესანიშნავი შემთხვევის დამსწრეებმა შენიშნეს და ცნობად მიიღეს ის გარემოება, რომ საათის შუაღამის რეკვა და ახალდაბადებულის პირველი ტირილი ერთსა და იმავე წუთში მოხდა.
ამ დამსწრეთა შორის იყვნენ: გადია, ბებიაქალი და ზოგიერთი სხვა გონიერი დედაკაცი, რომელნიც დიდ მონაწილეობას იღებდნენ ჩემს ბედში ჯერ კიდევ რამდენიმე თვით ადრე, სანამ მათი პირადი გაცნობის ფიზიკური საშუალება მომეცა.
ყველა ამ პირმა, მიიღო რა მხედველობაში დღე და საათი ჩემი დაბადებისა, ერთსულავნად და ერთხმად გამოაცხადა, რომ, ჯერ ერთი, - მე უბედური ვიქნები ჩემს სიცოცხლეში, და მეორეც - ისა, რომ მოჩვენებათა და სულების ნახვა მიწერია. იმათი შეხედულებით, ბედი აუცილებლად ორივე ამ უპირატესობით იმ ბავშვებს აჯილდოებს, რომელნიც კვირის მეხუთე დღის შუაღამეს იბადებიან.
ამ წინასწარმეტყველების პირველი დებულების შესახებ აქ არა ღირს ბევრი ლაპარაკი: ჩემი ცხოვრების ამბიდან თავისთავად გამოირკვევა, რამდენად უბედური ან ბედნიერი ვიყავი. წინასწარმეტყველების მეორე დებულება სულებისა და მოჩვენებათა ნახვის შესახებ, რამდენადაც მახსოვს, აქამდის ჯერ არ გამართლებულა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ სიყრმის პირველ დღეებს, რომელნიც სრულებით წარიშალნენ ჩემს მეხსიერებაში. მაგრამ მე არ ვემდური ბედს, თუ მან სრულებით მომისპო ეს უპირატესობა. არ ვემდური იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვინმე ძალით წამართმევს მას.
მე დავიბადე „პერანგიანი“, რომლის შესახებ რამდენიმე ხნის შემდეგ გაზეთში იყო გამოცხადებული, რომ იგი სულ იაფად, თხუთმედ გინეად იყიდება. მაგრამ, როგორცა ჩანს, იმ დროს მეზღვაურები ან უფულოდ იყვნენ, ან კორპის ტანისამოსი ამჯობინეს; ასე იყო თუ ისე, არც ერთი მეზღვაური არ გამოეხმაურა ამ განცხადებას არც სიტყვით, არც საქმით. ათი წლის შემდეგ ჩვენს უბანში გადაწყდა ამ „პერანგის“ ბედი. იგი გაათამაშეს ლატარეაში, ორმოცდაათ წევრს შორის, ნახევარ კრონად თითო სულზე, ხოლო მომგებს უნდა დაემატებინა ხუთი შილინგი ნაღდი. მე თვითონ დავესწარი ამ ცერემონიას და ძალიან კარგად მახსოვს უხერხულობა, რომელსაც ვგრძნობდი იმ ლედისა და ჯენტლმენების შემყურე, რომელთაც, ასე ვთქვათ, ჩემი სხეულის ნაწილი გაათამაშეს. მომგებიანი ბილეთი ერგო ერთ მოხუც ლედის, რომელსაც ხელში ეჭირა პატარა ჩანთა, საიდანაც იძულებული იყო, მეტისმეტად უხალისოდ ამოეღო დათქმული ხუთი შილინგი - სულ ხურდა ფული. დიდხანს თვალა მოხუცმა თავისი ნახევარპენსიანები - საჭირო თანხის შესადგენად, და მაინც დააკლო ორი პენსი, თუმცა ყველა დამსწრენი ცდილობდნენ, დაემტკიცებინათ მისთვის მათემატიკური გამოანგარიშებით, რომ იგი ცდებოდა. ჩვენი პროვინციის ყველა ძველ მცხოვრებს ძალიან კარგად ახსოვს, და უეჭველია, კიდევ დიდხანს ეხსომება, რომ ჩემი „პერანგის“ ბედნიერი მფლობელი მართლაც არ დამხრჩვალა წყალში, იგი მშვიდად და წყნარად გარდაიცვალა დაბადებიდან ოთხმოცდათოთხმეტი წლისა,
საკუთარ საწოლში, ბუმბულის ლოგინზე, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ მოხუცს ჭირივით სძულდა წყალი და თავი მოჰქონდა, რომ მთელი სიცოცლის განმავლობაში თვალითაც არ ენახა.
მე დავიბადე დაბა ბლონდერსტონში, სუფოლკის საგრაფოში. მამაჩემის თვალები დაიხუჭა ამ ქვეყნისათვის ექვსი თვით ადრე, ვიდრე მე პირველად ვიხილე იგი. ახლაც მაოცებს, როცა გამახსენდება, რომ მამას არასოდეს ვუნახივარ. უფრო მეტად კი ის მაკვირვებს, რომ იგი წევს მარტოდმარტო ცივ სამარეში, ღამის გაუვალ წყვდიადში მაშინ, როდესაც ჩვენს პატარა სასტუმროში სითბო, სინათლე და მყუდროება სუფევს.
მამაჩემის მამიდა და, მაშასადამე, ჩემი პაპიდა, რომლის შესახებ შემდეგ ძალიან დაწვრილებით მომიხდება ლაპარაკი, ყველაზე მნიშვნელოვანი პიროვნება იყო ჩვენს ოჯახში. მას ერქვა მის ტროტვუდი, ანუ მის ბეტსი, როგორც ყოველთვის ეძახდა მას საბრალო დედაჩემი იმ შემთხვევაში, როცა დასძლევდა ხოლმე შიშს და ამ ნათესავზე ჩამოაგდებდა ლაპარაკს. მის ტროტვუდი ოდესღაც ძალიან ლამაზი იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, არ ამართლებდა ძველებურ ინგლისურ ანდაზას, რომ „მშვენიერია მხოლოდ ის, ვისი მოქმედებაც მშვენიერია“. ჩუმ-ჩუმად ლაპარაკობდნენ, თითქოს ქმარი სცემდა მის ბეტსის. ერთხელ ხმა გავრცელდა, ოჯახური ალიაქოთის დროს, რაც ფულის საკითხს ეხებოდა, ეს ჯენტლმენი ისე გააავდა, რომ თავისი მეუღლე მეორე სართულის ფანჯრიდან უნდა გადეგდოო. ყოველივე ეს ალბათ სისულელეა, მაგრამ უეჭველია, რომ მეუღლეთა შორის არავითარი ხასიათის მსგავსება არ არსებობდა. ამიტომ იყო, რომ ისინი გაშორდნენ ერთმანეთს. მის ბეტსიმ გადაიხადა გარკვეული თანხა და მოახერხა გაყრა, რომელიც ორივე მხარის ურთიერთსურვილზე იყო დამყარებული. ქმარმა წაიღო მთელი თანხა და წავიდა ინდოეთში მხეცებზე სანადიროდ. ათი წლის შემდეგ მოვიდა ცნობა მისი სიკვდილის შესახებ. იგი