ავტორის წინასიტყვაობა ამ ამბის მონახაზი თავში სწორედ მაშინ დამებადა, როცა შვილებთან და მეგობრებთან ერთად მისტერ უილკი კოლინზის დრამაში, „გაყინულ უფსკრულში“ ვთამაშობდი. ძლიერი გრძნობით შეპყრობილმა, განსაკუთრებული სიფრთხილითა და გულისყურით ვცადე გონებაში იმ სულიერი მდგომარეობის სურათის დახატვა, რომელიც მოგვიანებით დაკვირვებული მაყურებლისათვის უნდა წარმედგინა.
აზრი თანდათან გამოიკვეთა და საბოლოოდ ამ წიგნის ფორმა მიიღო. საკუთარ ჩანაფიქრზე მუშაობისას სრულებით მის ხელთ ვიყავი. ის ტანჯვა, რომელიც ამ ფურცლებზეა აღწერილი, პირადად გადავიტანე და განვიცადე.
ამ წიგნში მოყვანილი ნებისმიერი ცნობა ფრანგი ხალხის მდგომარეობაზე – რევოლუციამდე თუ მის შემდეგ – ემყარება სანდო თვითმხილველთა მონათხრობს. მინდოდა, იმ საშინელ დროებაზე გავრცელებული პოპულარული და შესანიშნავი ნააზრევებისთვის ჩემი წიგნიც შემემატებინა. თუმცაღა ეჭვი მეპარება, მისტერ კარლაილის საოცარი წიგნის ფილოსოფიისთვის ვინმემ რამის დამატება შეძლოს.
ტევისტოკ-ჰაუზი, ლონდონი,
ნოემბერი, 1859 წ.