თავი პირველი
დანარჩენი თავების შესავალი
დევონშირის საგრაფოს ერთ მიყრუებულ კუთხეში ოდესღაც ღირსეული ჯენტლმენი ცხოვრობდა, ვინმე მისტერ გოდფრი ნიკლბი, რომელმაც საკმაოდ გვიან გადაწყვიტა დაქორწინება და რაკი არც სათანადო სიმდიდრე ჰქონდა და არც სიჭაბუკე მოსდევდა, რომ მდიდარი ქალის შერთვას ცდილიყო, ისევ უბრალო გატაცებით შეირთო თავისი ძველისძველი ტრფიალი. ქალიც, თავის მხრივ, ამავე მიზეზის გამო გაჰყვა მას ცოლად. სწორედ ისე, როგორც ზოგჯერ ხდება ხოლმე: ორი ადამიანი თავს ნებას ვერ აძლევს ფულზე ითამაშოს ქაღალდი და უბრალოდ, გასართობად, ბანქოს სიყვარულით ჩაუჯდებიან თამაშს.
ზოგიერთმა უცოლშვილო კაცმა, რომელსაც სასაცილოდ მიაჩნია ცოლქმრული ცხოვრება, შესაძლოა გაბედნიერებული წყვილი ორ მოკრივეს შეადაროს, რომლებიც, როცა ბედი არ სწყალობთ და სანაძლეოსაც იშვიათად თუ ვინმე ჩამოდის, რაინდულად განაგრძობენ ბრძოლას და უბრალო სიამოვნებისთვის დასცხებენ ერთმანეთს. ერთი მხრივ, ეს შედარება მართლაც ზედგამოჭრილია: მაყურებელთა გულუხვობის მოიმედე ფაივსკორტელი მამაცი წყვილის მსგავსად, რომლებიც ქუდით ჩამოივლიან ხოლმე თამაშის დამთავრების შემდეგ, მისტერ გოდფრი ნიკლბიმ და მისმა პარტნიორმაც, გაუთავდათ თუ არა თაფლობის თვე, შეწუხებული სახით დაიწყეს აქეთ-იქით ყურება არცთუ მცირე იმედით, რომ ბედნიერი შემთხვევის წყალობით მდგომარეობას გაიუმჯობესებდნენ. მისტერ ნიკლბის წლიური შემოსავალი დაქორწინების დროს სამოც-ოთხმოც გირვანქა სტერლინგს არ აღემატებოდა.
ზეცამ ხომ იცის, რომ ქვეყნად საკმაოდ ბევრი ხალხია და ლონდონშიც (სადაც იმხანად მისტერ ნიკლბი ცხოვრობდა) იშვიათად თუ ვინმე უჩივის მოსახლეობის ნაკლებობას. თითქოს დაუჯერებელია - რამდენ ხანს შეიძლება აცეცოს კაცმა თვალები აქეთ-იქით და ამ ბრბოში ერთი მეგობრის სახეც ვერ შენიშნოს; მაგრამ ეს სიმართლეა. მისტერ ნიკლბიმ იცქირა, სანამ თვალები არ ეტკინა, გულიც ეტკინა, თუმცა მეგობარი მაინც არ ჩანდა. ბოლოს, როცა ამდენმა ძებნამ მოქანცა, მიბრუნდა და თავის კერას დააშტერდა, მაგრამ დაღლილი თვალების დასაამებლად ძალიან ცოტა რამ ნახა იქ. მხატვარი, რომელიც ძალზე დიდხანს უყურებს ბრჭყვიალა ფერებს, მერე უფრო შავ და მუქ ფერზე გადაიტანს ხოლმე მზერას, თითქმის დავსებული თვალების დასაამებლად; მაგრამ ყველაფერი, რაც მისტერ ნიკლბის მხედველობის არეში მოხვდა, ისეთი სითალხითა და სიქუფრით გამოირჩეოდა, რომ საპირისპირო ფერების დანახვა ახლა მას განუზომელ შვებას მიანიჭებდა.
ბოლოს, ხუთი წლის შემდეგ, როცა მისის ნიკლბიმ წყვილი ვაჟიშვილი აჩუქა მეუღლეს, ხოლო შეწუხებული და ოჯახისთვის ლუკმაპურის მოპოვებით გაწამებული ჯენტლმენი პატარა კომერციული სპეკულაციის სერიოზულ გეგმებს აწყობდა, რათა მომდევნო კვარტალურ დღეს სიცოცხლე დაეზღვია და შემდეგ „შემთხვევით“ მონუმენტიდან ჩამოვარდნილიყო, უეცრად, ერთ დილას, ფოსტით შავ არშიამოვლებული წერილი მოვიდა. იუწყებოდნენ ბიძამისის, მისტერ რალფ ნიკლბის გარდაცვალებას, რომელსაც მისთვის მთელი თავისი მცირე ქონება - ხუთი ათასი გირვანქა სტერლინგი დაეტოვებინა.
განსვენებული სიცოცხლეში არავითარ ყურადღებას არ აქცევდა თავის ძმისწულს, გარდა იმისა, რომ მის უფროს ვაჟიშვილს (რომელსაც გამწარებულმა მშობლებმა განგებ, გამორჩენის მიზნით, მისი სახელი შეარქვეს) ვერცხლის კოვზი უსახსოვრა ნატის ბუდით. მაგრამ რაკი ამ კოვზით შესაჭმელი ბევრი არაფერი ჰქონდათ, ასეთი საჩუქარი კაცს შეიძლება დაცინვად მოსჩვენებოდა - რადგან პირში ვერცხლის ამ მეტად სასარგებლო ჭურჭლით არ დაბადებულაო. ამიტომაც, პირველად მისტერ გოდფრი ნიკლბი თვალებს არ უჯერებდა, მაგრამ კარგად რომ შეამოწმა ცნობა, ყველაფერი სავსებით სარწმუნო აღმოჩნდა. გულკეთილ მოხუც ჯენტლმენს, როგორც ჩანს, განზრახვა ჰქონდა მთელი თავისი ქონება სამეფო საქველმოქმედო საზოგადოებისთვის დაეტოვებინა. ანდერძიც კი ჰქონდა შედგენილი; მაგრამ რამდენიმე თვის წინ ამ დაწესებულებამ, თავისდა ჭირად, სიკვდილს გადაარჩინა მოხუცი ჯენტლმენის ერთი ღარიბი ნათესავი, რომელსაც მისტერ ნიკლბი ყოველკვირეულ დახმარებას აძლევდა - სამ შილინგსა და ექვს პენსს; ამიტომ გაცეცხლებულმა ჯენტლმენმა, რომელსაც ყოველგვარი საფუძველი ჰქონდა გაბრაზებისა, თავისი პირველი ანდერძი გააუქმა და ზედ მიაწერა, რომ მთელ ქონებას მისტერ გოდფრი ნიკლბის უტოვებდა. მინაწერში მან განსაკუთრებული გულისწყრომა გამოხატა არა მარტო საზოგადოების მიმართ, რომელმაც მისი ღარიბი ნათესავი სიკვდილს გადაარჩინა, არამედ ნათესავის მიმართაც, რომელმაც თავს ნება მისცა გადარჩენილიყო.
მისტერ გოდფრი ნიკლბიმ ამ ფულის ერთი ნაწილით პატარა ფერმა შეიძინა დაულიშის მახლობლად, დევონშირში და გადასახლდა კიდეც იქ ცოლითა და ორი შვილით, რათა დარჩენილი თანხის რაც შეიძლება მაღალი სარგებლითა და იმ პატარა შემოსავლით ეცხოვრა, რასაც იგი მიწის დამუშავებით მიიღებდა. ორივე ღონისძიებამ ისე გაუმართლა, რომ როცა კვდებოდა (ამ ამბების შემდეგ თხუთმეტი წელი იცოცხლა, ხოლო ცოლის სიკვდილის შემდეგ - ხუთი წელი), მან შეძლო უფროსი შვილის, რალფისთვის სამი ათასი გირვანქა დაეტოვებინა ფულად, უმცროსი შვილისთვის კი, ნიკოლასისთვის, - ათასი გირვანქა ფულად და ფერმა, რომელიც, წარმოდგენაც კი ძნელია, ისეთი პაწაწინა იყო.
ორივე ძმა აღსაზრდელად ექსეტერის სკოლაში იყო გაბარებული და როცა შინ მიდიოდნენ, - ეს