ზარები -
გობლინის ისტორია
ანუ
როგორ გააცილეს ზარებმა ძველი წელი და როგორ შეეგებნენ ახალ წელს -
ნაწილი I - პირველი მეოთხედი
ცოტა ადამიანი თუ მოიძებნება ამქვეყნად, - და ვინაიდან სასურველია, თავიდანვე გამოირიცხოს ყოველგვარი შესაძლო გაუგებრობა მთხრობელსა და მკითხველს შორის, ყურადღება მიაქციეთ, რომ მხოლოდ ახალგაზრდებსა და ბალღებს კი არ ვგულისხმობ, არამედ უკლებლივ ყველას: პატარებსაც და დიდებსაც, მოხუცებსაც და ახალგაზრდებსაც, მათ, ვინც სიმაღლეში კიდევ იმატებს, და მათაც, ვინც უკვე იკლებს, - ვიმეორებ, ცოტა ადამიანი თუ მოიძებნება, ეკლესიაში ძილს რომ დათანხმდეს, ოღონდაც ღამით და სრულიად მარტო, და არა ზაფხულის ცხელ დღეს, ქადაგებისას (ამგვარს ერთი-ორჯერ შევსწრებივარ). ვიცი, დღისით ამგვარი აზრი ბევრს განაცვიფრებს, მაგრამ მე ღამეზე მოგახსენებთ და უპრიანი იქნება, თუ ამის შესახებ ღამით ვიმსჯელებთ.
სიტყვას გაძლევთ, ზამთრის ქარიან ღამეს ამას ნებისმიერს დავუმტკიცებ, ვინც მოისურვებს და ძველ სასაფლაოზე აღმართული ძველი ეკლესიის კართან შემხვდება და მეტი დამაჯერებლობისთვის ნებას დამრთავს, რომ იქ დილამდე გამოვკეტო.
რადგან ღამის ქარს ერთი დამთრგუნველი ჩვეულება აქვს: შესაბრალისი კვნესით ეკლესიის გარშემო დაწანწალებს, უხილავი ხელით ფანჯრებსა და კარებს ეჯაჯგურება და ჭუჭრუტანებიდან შიგნით შეღწევას ლამობს. როცა საწადელს აისრულებს, თითქოს სასურველს ვერ მიაგნოო, - ვინ იცის, რას ეძებდა, - ყმუილითა და გოდებით უკან გასვლას ცდილობს: ჯერ აქეთ-იქით აწყდება, სვეტებს შორის ტრიალებს, ორღანის ბასებს ეხება, ნივნივების დასაშორებლად სახურავს ეხეთქება, შემდეგ კი სასოწარკვეთილი იატაკის ქვის ფილებზე ეშვება და ბუზღუნით მიძვრება აკლდამებში. იქიდან მალევე გამოდის და ახლა კედლების გასწვრივ მიიპარება გარდაცვლილთა შესახებ გაკეთებული წარწერების ჩურჩულით წასაკითხად. ზოგიერთზე შემზარავად ხარხარებს, ზოგიერთზე კი მწარედ კვნესის და ტირის. მერე საკურთხევლიდან ისმის მისი გულის გამაწვრილებელი სიმღერა ბოროტმოქმედებებისა და მკვლელობების, აგრეთვე ცრუ ღმერთების შესახებ, თაყვანს რომ სცემენ ძველ აღთქმაში ლამაზად და გამართულად მოყვანილი, ახლა კი შებილწული და მიგდებული ათი მცნების მიუხედავად. ოჰ! შეგვინდე, უფალო, ცეცხლის გარშემო ასე მყუდროდ რომ მოვკალათდით. მართლაც რა საშინელი ხმა აქვს ეკლესიაში მომღერალ შუაღამის ქარს!
სამრეკლოს აღარ იკითხავთ!? აი, სად ღრიალებს და უსტვენს სადავემიშვებული ქარი! თავის ნებაზე დაძრწის თაღებქვეშ და ყველგან, სადაც კი შესაძლებელია, სპირალივით ეხვევა ვიწრო, გადმოკიდებულ კიბეს, ატრიალებს მოწრიპინე ფლუგერს და მთელ კოშკს ძირისძირობამდე აზანზარებს. ზემოთ, სამრეკლოზე, სადაც მნათე ადის, რკინის სახელურები ჟანგს დაუფარავს, სიცხისა და სიცივის მონაცვლეობისგან დაბრეცილი სახურავის ფოლადის ფურცლები გრუხუნით იზნიქება, თუ ადამიანი ზედ შემთხვევით ფეხს შეადგამს; სადაც მუხის კოჭებისა და ძელების კუთხეებში ჩიტების მიერ მოწყობილი ბუდეები გაწეწილა, ასაკშეპარული მტვერი განაცრისფერებულა, გაზარმაცებული და გათქვირებული ხალიანი ობობები თანაბრად ირხევიან ჰაერში ზარების რეკვისას, არასდროს ტოვებენ თვითნაკეთ საჰაერო კოშკებს, შეშფოთებულები ზემოთ არ მიიწევენ ბაგირებზე ამძვრალი მეზღვაურებივით, ძირს არ ცვივიან და ათამდე ფეხს არ აფართხალებენ თავიანთი სიცოცხლის გადასარჩენად! ეკლესიის სამრეკლოს თავზე, ქალაქის განათებასა და ხმაურიან ჩურჩულზე გაცილებით მაღლა და მცურავ ღრუბლებზე შეუდარებლად დაბლა, - აი, სად არის ღამით ყველაზე უხიაგი და მოსაწყენი ადგილი. სწორედ ერთი ძველი ეკლესიის სამრეკლოს თავზე ცხოვრობდნენ ზარები, რომელთა შესახებაც მსურს, რომ მოგითხროთ.
მერწმუნეთ, ეს ძალიან ძველი ზარები იყო. ოდესღაც ეპისკოპოსებს მოენათლათ - იმდენი ხნის წინ, რომ აღარც მათი ნათლობის რეგისტრაციის ჩანაწერი არსებობდა და აღარც მათი სახელი ახსოვდა ვინმეს. ცხადია, ნათლიებიც ეყოლებოდათ (სხვათა შორის, ზარის ნათლიად გახდომას უფრო დავთანხმდებოდი, ვიდრე ბავშვისას), თითოეული მათგანი, წესისამებრ, საჩუქრად ვერცხლის ტოლჩასაც მიიღებდა. მაგრამ დრომ ყველაფერი წაშალა, ჰენრიხ მერვემ მათი ტოლჩები გადაადნო და ახლა ისინი უსახელოდ და უტოლჩოდ ეკიდნენ სამრეკლოზე.
ოღონდაც არა უსიტყვოდ. პირიქით. მათ ძლიერ, სუფთა, მჟღერ, წკრიალა ხმას ქარი მთელ არემარეზე ავრცელებდა. მაგრამ არც იმდენად მორიდებულები იყვნენ, რომ მხოლოდ ქარის ნება-სურვილს დამორჩილებოდნენ: თუ იგი არასასურველი მხრიდან უბერავდა, მამაცურად ებრძოდნენ და მეფური გულუხვობით აჯილდოებდნენ ყველას, ვისაც მათი მხიარული რეკვის გაგონება სურდა. ყოფილა შემთხვევები, როდესაც მათ ქარიშხლიან ღამეში ავადმყოფი ბავშვის საწოლთან თავდახრილი უბედური დედის ან ზღვაში გასული მეზღვაურის ცოლის ყურამდე მიღწევა გადაუწყვეტიათ, მედგრად შებმიან ჩრდილო-დასავლელ ჩხუბისთავს და ბეჭებზე გაუკრავთ, როგორც ტობი ვეკი ამბობდა - მას, ჩვეულებრივ, ტროტი ვეკს ეძახდნენ, თუმცა ტობი ერქვა, და ვერავინ უწოდებდა სხვა სახელს (თუ არა ტობიასს) პარლამენტის საგანგებო დადგენილების გარეშე: ზარების მსგავსად, თავის დროზე ისიც ხომ ყველა წესის დაცვით მონათლეს, თუმცა არც ისე საზეიმოდ, აღფრთოვანებული ხალხის ყიჟინის გარეშე.
მე ტობი ვეკის მსჯელობას ვეთანხმები - დარწმუნებული ვარ, რომ სრული შესაძლებლობა ჰქონდა ამ საკითხზე სწორი აზრის ჩამოსაყალიბებლად. რასაც იგი ამტკიცებდა, მეც იმავეს ვამბობ. და მზად ვარ, ყოველთვის მის გვერდით