თავი XXXI
ინგლისის ძლევამოსილი კანონმდებლობისა და იმ დიდად განსწავლული პირების შესახებ, რომელთაც ეს დარგი გულდასმით შეისწავლეს
ტემპლის სხვადასხვა კუთხესა და კუნჭულში გაბნეულია ჩაბნელებული, ჭუჭყიანი ოთახები, რომლებშიც უწყვეტ ნაკადად შედიან და გამოდიან ვექილების კლერკები, იღლიაში ამოდებული ან ჯიბეში ჩაჩრილი ქაღალდის ხვეულებით. უნდა მოგახსენოთ, რომ ასეთი კლერკების რამდენიმე სახე არსებობს: არის კლერკი - შეგირდი, რომელიც სწავლის ქირას იხდის და მომავალში ვექილი გახდება; მას საკუთარი მკერავი ჰყავს, ხშირად მოსდის მიპატიჟება წვეულებებზე; იგი პირადად იცნობს ერთ წარჩინებულ ოჯახს ჰაუერ-სტრიტზე, მეორეს კი ტევისტოკ-სკვერზე; არდადეგების დროს მუდამ სოფელში მიემგზავრება მამის სანახავად, რომელსაც მკვირცხლი რაშების უთვალავი რემა ჰყავს; ერთი სიტყვით, ეს კლერკი, სხვა მის თანამოაზრეთა შორის, ჭეშმარიტი არისტოკრატი გახლავთ. არის აგრეთვე კლერკი, რომელიც ხელფასით მუშაობს, ადგილობრივი მობინადრეა, ანდა მომსვლელი. იგი ჩვეულებრივ, მთელი კვირის ხელფასის უმეტეს ნაწილს (ეს კი 30 შილინგს შეადგენს) პირად სიამოვნებასა და მორთვა-მოკაზმვას ანდომებს: კვირაში სამჯერ მაინც ნახევარ ფასად
დაბრძანდება ედელფის თეატრში, შემდეგ კი განცხრომას ეძლევა ვაშლის ბურახით მოვაჭრის სარდაფში და, მოკლედ რომ ვთქვათ, თავიდან ფეხებამდე იმ მოდის საბრალო კარიკატურას წარმოადგენს, რომელმაც უკვე ექვსი თვეა, მოჭამა დრო.
აქვე შენიშნავთ შუახნის კლერკ-მწერალს. საცოდავს მრავალშვილიანი ოჯახი ჰყავს სარჩენი, მუდამ გაცვეთილ ტანისამოსში დადის და ხშირად თვრება. შეხვდებით შიკრიკ ბიჭებსაც, სერთუკებში პირველად რომ გამოწყობილან და ქედმაღლური ზიზღით შეჰყურებენ სკოლის მოსწავლეებს. ისინი ღამღამობით, სახლში დაბრუნებისას, ლუდითა და კვამლში გამოყვანილი ლორის ნარჩენებით ქეიფობენ და ჰგონიათ, რომ ეს არის „ცხოვრება“. აქვე გახლავთ ამ ჯურის სხვა სახეობანიც, რომლებიც იმდენად მრავალრიცხოვანია, რომ ვერც დათვლით. მაგრამ როგორი მრავალრიცხოვანიც უნდა იყვნენ ისინი, თითოეული მათგანი გარკვეულ სამუშაო საათებში მუდმივად შედის ან გამოდის იმ დაწესებულებიდან, რომელიც ეს-ეს არის, მოვიხსენიეთ.
ამ განმარტოებულ კუნჭულებშია განთავსებული ვექილების მისაღები ოთახები, სადაც წერენ სასამართლო უწყებებს, გამოაქვთ დადგენილებანი, აგროვებენ მოსარჩელეთა განცხადებებს და ახორციელებენ სხვა მრავალ ღონისძიებას, რომლებიც ამქვეყნად მხოლოდ იმისთვის შეუქმნიათ, რომ რაც შეიძლება მეტად გააწამონ და სიცოცხლე გაუმწარონ მისი უდიდებულესობის ერთგულ ქვეშევრდომთ, ხოლო „ნუგეში სცენ“ და ჯიბე გაუსქელონ კანონის „წმინდა მცველებს“. უმეტესწილად ეს ოთახები დაბალჭერიანია, აბლაბუდამოდებული, სავსე პერგამენტის აურაცხელი ხვეულით, რომლებიც აგერ, საუკუნეზე მეტია, რაც აქ განისვენებენ და ოთახს „საამო“ სურნელებით ავსებენ - დღისით მას ლპობის სუნი შეერევა ხოლმე, ღამით კი ნოტიო წამოსასხამების, გაწუწული ქოლგებისა და იაფფასიანი ქონის სანთლის ნამწვის სულისშემხუთავი ანაორთქლი ემატება.
დაახლოებით ათი დღე ან ორი კვირა იქნებოდა გასული, რაც მისტერ პიკვიკი და მისი მეგობრები ლონდონში დაბრუნდნენ. ერთ საღამოს, შვიდ საათზე, ზემოაღწერილ ერთ-ერთ ოთახში ვიღაც სულიერი შევიდა. უცნობს სპილენძის ბრჭყვიალა ღილებით გაწყობილი ყავისფერი სერთუკი ეცვა. მისი გრძელი, გულმოდგინედ აპრეხილი თმა გაცვეთილი ქუდის ბოლოებს აჰკვროდა, გაქონილი რუხი შარვალი კი მჭიდროდ ჩაეტენა მაღალყელიან ფეხსაცმელში. უცნობმა სურთუკის ჯიბიდან პერგამენტის გრძელი და ვიწრო ხვეული ამოიღო, რომელზედაც მორიგემ შავი ბეჭედი დადღაბნა. შემდეგ იქიდანვე ამოაძრო ოთხი ერთი და იმავე ზომის ქაღალდის ფურცელი. ყოველი მათგანი შეიცავდა იმავე ტექსტს, რაც პერგამენტზე ეწერა და თითოეულზე სახელისთვის დატოვებული იყო ცარიელი ადგილი. ოთხივე ფურცელი იქვე სახელდახელოდ შეავსო, ხუთივე საბუთი კვლავ ჯიბეში ჩაიდო და გარეთ გამოვიდა.
ყავისფერ სერთუკში გამოწყობილი ჯენტლმენი, რომელსაც ზემოხსენებული კაბალისტური საბუთები ეწყო ჯიბეში, გახლდათ ჩვენი ძველი ნაცნობი - მისტერ ჯეკსონი, დოდსონისა და ფოგის კანტორის აგენტი, ფრიმენზ-კორტიდან, რომელიც კორნჰილზე მდებარეობს.
ნაცვლად იმისა, რომ კვლავ თავის კანტორაში დაბრუნებულიყო, სანკორტისაკენ გაემართა, სასტუმრო „ჯორჯი და ფასკუნჯს“ მიაშურა და დაუყოვნებლივ მოიკითხა - შინ ბრძანდება თუ არა ვინმე მისტერ პიკვიკიო.
- თომა, ერთი მისტერ პიკვიკის მსახურს დაუძახე, - მიმართა ლაქიას მებუფეტე ქალმა.
- ნუ შეწუხდებით, - თქვა მისტერ ჯეკსონმა, - მე საქმეზე მოვედი. თუკი მიმასწავლით, რომელია მისტერ პიკვიკის ოთახი, თავადაც გავიგნებ გზას.
- თქვენი გვარი, სერ?
- ჯეკსონი, - მიუგო კლერკმა.
ლაქია მაღლა ავიდა, რომ მისტერ ჯეკსონის მოსვლა ეუწყებინა მობინადრისთვის. მაგრამ მისტერ ჯეკსონი იმდენად თავაზიანი აღმოჩნდა, რომ მსახურს თავიდან აარიდა ესოდენ დიდი შეწუხება და, ვიდრე ლაქია სიტყვის თქმას მოასწრებდა, პირდაპირ ოთახში შევიდა.
სწორედ იმ დღეს მისტერ პიკვიკს სადილად დაპატიჟებული ჰყავდა თავისი მეგობრები. ისინი ბუხარს შემოსხდომოდნენ და ღვინოს შეექცეოდნენ, როდესაც მათ მისტერ ჯეკსონი წაადგა თავს.
- გამარჯობა, სერ, - თქვა მისტერ ჯეკსონმა და თავი დაუქნია მისტერ პიკვიკს.
საპასუხოდ მასპინძელმაც დაუკრა თავი ახალმოსულს. იგი ოდნავ გაკვირვებული შეჰყურებდა უცნობს, რადგან