სანთელი ენთო...
ცოტაა მსოფლიოში ცივილიზებული ერი, რომლის ენაზეც ბორის პასტერნაკის „ზამთრის ღამე“ არ იყოს თარგმნილი. ქართულმა თარგმანებმა, როგორც ხედავთ, ოცს გადააჭარბა. დიდი რუსი პოეტისა და მისი შედევრისადმი პროფესიონალ ლიტერატორთა დაუცხრომელი ინტერესის ესოდენ შთამბეჭდავი დასტური უთუოდ გულისხმობს მკითხველთა მზაობასა და ცნობისწადილსაც.
თვალი მივადევნოთ ამ ლექსის ისტორიას ჩვენც, დავივიწყოთ სხვა ყველაფერი, ამ სტრიქონებისა და ამ განათებული სარკმლის გარდა. ასე თუ ვიგრძნობთ – რა ფარული ტკივილი ახლავს „ზამთრის ღამის“ მომაჯადოვებელ რეფრენს: „სანთელი ენთო მაგიდაზე, სანთელი ენთო“ და ამ მოციმციმე შუქზე სულ სხვა თვალით დავინახავთ მის ლირიკულ გმირსაც და მის ავტორსაც.
სათაურთაა პოეტიკა რომ არსებობს – ყველამ ვიცით; „ზამთრის ღამე“ გაფიქრებინებთ, რომ არსებობს სახელდებათა მისტიკაც. თვითონ განსაჯეთ: ბორის პასტერნაკს ორი ლექსი აქვს ასე დასათაურებული – ერთში, 1913 წლის თარიღით, მისი პირველი, ტრაგიკულად განცდილი სიყვარულია გამოტირებული, მეორე კი, 33 წლის შემდეგ დაწერილი, უკვე უკანასკნელი გატაცებითაა შთაგონებული. ზემგრძნობიარე პოეტთათვის დამახასიათებელი მისნური განჭვრეტა ამჯერად სათაურის ორად-ორ სიტყვას ჩასჩურჩულებს მორჩილ შემსრულებელს და ამ „ონომასტიკურ დამთხვევაში“ ნაგულისხმევ საბედისწერო ვარაუდს ბორის პასტერნაკის ცხოვრების დარჩენილი 14 წელი ულმობელად დაადასტურებს.
ისე რომ, გვინდა თუ არა, მაგრამ რამდენიმე სიტყვა პირველ „ზამთრის ღამეზეც“ უნდა ითქვას: ლექსის ადრესატიდან დავიწყებ. ეს გახლდათ იდა ვისოცკაია, მოსკოვის ერთ-ერთი უმდიდრესი ოჯახის უფროსი ქალიშვილი. მამამისის – დავით ვისოცკის ფირმა რუსეთის იმპერიაში ჩაის ვაჭრობის ერთ მესამედს აკონტროლებდა, მაგრამ ამ კლასიკურად ბურჟუაზიულ ოჯახში განსაკუთრებული სიმპათიით ხელოვნების წარმომადგენელნი სარგებლობდნენ. ასე დაუმეგობრდნენ ვისოცკები ფერწერის აკადემიკოსს ლეონიდ პასტერნაკს და მის მეუღლეს, პიანისტ როზალია კაუფმანს. დამეგობრდა უმცროსი თაობაც; როგორც მერე აღმოჩნდა, ეს მეგობრობა ხუთი წელი ასაზრდოვებდა ჭაბუკი პოეტის რომანტიკულ ილუზიებს, რომელთა დამხობას იგი ცხოვრების გარდამტეხ მომენტად მიიჩნევდა. იდა ვისოცკაიასთან დრამატული განშორება მარბურგში (სადაც პასტერნაკი ფილოსოფიის საუნივერსიტეტო კურსს ისმენდა), 1912 წლის ზაფხულში თავის კვალს დაამჩნევს არა მარტო პასტერნაკის ბიოგრაფიას – „ვერცხლის საუკუნის“ რუსულ პოეზიასაც: ოღონდ არა პირველი „ზამთრის ღამით“, არამედ „მარბურგით“, რომელიც გამოქვეყნებისთანავე (1918 წ.) ავტორს რუსული ლექსის რეფორმატორთა შორის გამორჩეულ ადგილს დაუმკვიდრებს.
ამ ლექსის ავტოგრაფს პასტერნაკისსავე მინაწერი აქვს: „ქ-ნ ფანი ზბარსკაიას, 17 მაისი 1916 წ. ვსევოლოდო-ვილვა“. ეს უჩვეულო სახელი ერქვა დაბას ურალზე, ქალაქ პერმის სიახლოვეს, სადაც 26 წლის პასტერნაკმა 1916 წლის ზამთარი და გაზაფხული გაატარა. აქ იგი სტუმრობდა პასტერნაკების ოჯახის კარგ ნაცნობს – ქიმიკოსს ბორის ზბარსკის (ცნობილი რუსი მეწარმისა და მეცენატის – სავა მოროზოვის საწარმოთა მმართველს) და მის მომხიბლავ მეუღლეს – ფანის, რომლისადმიც, პასტერნაკის ბიოგრაფების თქმით, პოეტი მთლად გულგრილი არ იყო....
სანამ რომელიმე სულსწრაფი მკითხველი გაიფიქრებდეს, – კი მაგრამ, რა კავშირი აქვს ყოველივე ამას „ჩვენს“ „ზამთრის ღამესთანო“?! – დავასწრებ და ვუპასუხებ: პირდაპირი! მაგრამ რადგან ამ ლექსს თავისი და საკმაოდ დრამატული ბიოგრაფია აქვს, სიუჟეტური კვანძის გახსნას ცოტა ხანს უნდა დაველოდოთ.
„ზამთრის ღამის“ დაბადების თარიღი – 1946 წლის დეკემბერია. ბევრი რამით იყო ღირსშესანიშნავი ეს პირველი ომისშემდგომი წელი ბორის პასტერნაკისათვის. იანვრის ბოლოს იგი ატყობინებს ნადეჟდა მანდელშტამს (ოსიპ მანდელშტამის ქვრივს): „მინდა დავწერო პროზა მთელს ჩვენს ცხოვრებაზე ბლოკიდან ამჟამინდელ ომამდე... ადვილად წარმოიდგენ, რა გამალებით ვმუშაობ და როგორ მეშინია, რომ რაღაც მოხდება ჩემი შრომის დამთავრებამდე!“. მოხდება რომელია, თუმცა ჯერ „პროზაული ნაწილით“ დავინტერესდეთ: პასტერნაკი იწყებს რომანის წერას მართლაც პროზაული სათაურით – „ბიჭები და გოგოები“ (უაილდის ერთი პარადოქსი გაგახსენდებათ – „დიდ ადამიანებს დიდი შეცდომები მოსდითო“). საბედნიეროდ, პასტერნაკის ეს „ონომასტიკური სიყრუვე“ დიდხანს არ გაგრძელდება და ხუთიოდე ვარიანტის მოსინჯვის შემდეგ, იგი შეჩერდება სათაურზე, რომელიც დღემდე მისი ცხოვრების დასალიერის მეტაფორად აღიქმება – „ექიმი ჟივაგო“.
პარალელურად იწერებოდა ლექსები, რომელნიც, ჩანაფიქრის თანახმად, უნდა დართვოდა რომანს მთავარი გმირის – იური ჟივაგოს სათუთად გადანახული და მის სიკვდილს შემდგომ აღმოჩენილი ლირიკული რვეულის სახით. რადგან „ზამთრის ღამე“ სწორედ ამ რვეულისათვის იყო გამიზნული, მისი დაბადების „ლიტერატურულ ვერსიას“ ისევ და ისევ რომანში ვიხილავთ:
„იური ანდრეევიჩის გარშემო სანეტარო, ბედნიერებით აღსავსე, ცხოვრების მადლით გაბრწყინვებული სიჩუმე იდგა. ქაღალდის თეთრ ფურცლებს ლამფის შუქი მშვიდი სიყვითლით ეფინებოდა და სამელნის შიგნით, მელნის ზედაპირზეც ოქროსფერ ჭავლად ციმციმებდა. ფანჯრის მიღმა ზამთრის ყინვიანი, ცისფერი ღამე გაყურსულიყო. იური ანდრეევიჩი მეზობელ ოთახში გავიდა, რომელიც სიბნელეს და სიცივეს მოეცვა. აქედან სივრცე უფრო კარგად მოჩანდა. ფანჯრიდან გაიხედა. სავსე მთვარის შუქი დათოვლილ მინდორს კვერცხის