უილიამ შექსპირი სამოცდამეექვსე სონეტი ერთი შედევრის
თერთმეტი ქართული თარგმანი
LXVI
Tired with all these, for restful death I cry, As, to behold desert a beggar born, And needy nothing trimm’d in jollity, And purest faith unhappily forsworn, And guilded honour shamefully misplaced, And maiden virtue rudely strumpeted, And right perfection wrongfully disgraced, And strength by limping sway disabled, And art made tongue-tied by authority, And folly doctor-like controlling skill, And simple truth miscall’d simplicity, And captive good attending captain ill: Tired with all these, from these would I be gone, Save that, to die, I leave my love alone.
სანოტა (შექსპირისა)
თარგმნა შალვა დადიანმა
დამსახურება, მე ვიხილე, რომ იგი ქვეყნად
ვითა გლახაკი – უბინაო ხეტიალობდა,
და სიღარიბეც ხუმარისა ტანისამოსში
მორთული იყო და ძლიერთ წინ იმანჭებოდა.
ვიხილე, ვითა გარყვნილებას, ბიწიერებას,
რომ გაეხადათ მათ სათრევად უმანკოება,
რომ ძლიერთ წინა ნიჭსაც თურმე ედრიკა თავი
და მასთან ერთად დუმდა კიდევ გონიერება.
ვიხილე, თუ ვით სიყვარულსაც, პატიოსნებას,
რაგვარად გმობდენ და ჰკიცხავდენ, შეურაცყოფდენ,
და ვით სწავლულსა, დიპლომიან გარეთა ტყავში,
შიგნით რწმენანი ამაყურნი თურმე ბუდობდენ.
ვიხილე კიდევ, რომ სიკეთე ბორკილი იყო,
და ბოროტება – თავისუფლად გაშვებულიყო.!.
და დავიღალე! სიკვდილსაც კი მე ვნატრულობდი,
მაგრამ რათ მოვკვდე, თუ ქვეყანას შენ დამრჩებოდი!
LXVI
თარგმნა გივი გაჩეჩილაძემ
ვეძახი სიკვდილს, დაქანცულმა როგორ ვუმზირო
მათხოვრად შობილს და დათრგუნვილს ქვეყნად ღირსებას.
როგორ ნთქავს ნდობას სიცრუის ზღვა, ვრცელი, უძირო,
სულით ღატაკი ზღვა სიმდიდრით როგორ ივსება!
უღირსს პატივი მიეგება დაგმობის ნაცვლად
და დევნილია ჭეშმარიტი სრულყოფილება,
და უბიწობა გათელილა უხეშად, მკაცრად,
და ძლიერება უძლურებას ემორჩილება,
და ხელოვნებას ბრძანებებით დაბმია ენა,
და ბრძნად გვაჩვენებს თავს რეგვენი გამობრძმედილი,
და სისულელედ ეჩვენება სიმართლე სმენას
და თავის მონად უქცევია ბოროტს კეთილი;
დაქანცული ვარ და სიცოცხლე არ მსურს სრულებით,
მაგრამ ვერ ვტოვებ, რადგან ქვეყნად შენ მეგულები.
LXVI
თარგმნა რევაზ თაბუკაშვილმა
ყველაფრით დაღლილს, სანატრელად სიკვდილი დამრჩა.
რადგან მათხოვრად გადაიქცა ახლა ღირსება,
რადგან არარამ შეიფერა ძვირფასი ფარჩა,
რადგან სიცრუე ერთგულების გახდა თვისება,
რადგან უღირსებს უსამართლოდ დაადგეს დაფნა,
რადგან მრუშობით შელახულა უმანკოება,
რადგან დიდებას სამარცხვინოდ უთხრიან საფლავს,
რადგან ძლიერი დაიმონა კოჭლმა დროებამ,
რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს,
რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად,
რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა,
რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა.
ასე დაღლილი, ამქვეყნიდან გაქცევას ვარჩევ,
მაგრამ არ მინდა ჩემი სატრფო ობლად რომ დარჩეს.
LXVI
თარგმნა კოტე ყუბანეიშვილმა
ცხოვრებისაგან გადაღლილი მე სიკვდილს ვნატრობ.
კეთილშობილის როცა ვხედავ გამათხოვრებას.
პატიოსნება ილახება როდესაც ვატყობ.
ან უვარგისი როგორ იხდენს კარგად ცხოვრებას.
სრულყოფილება აღარ ფასობს რადგანაც ახლა.
უმანკოება ითელება რადგან უხეშად.
არარაობა რადგან ურცხვად მიიწევს მაღლა
და ძლიერებას სიკვდილიღა რჩება ნუგეშად.
რადგანაც სიბრძნის სისულელემ მიიღო სახე.
პირდაპირობას რადგან თვლიან უბრალოებად.
რადგან სიკეთეს ბოროტებამ დაუგო მახე
და ხელოვნება გადაიქცა ამაოებად.
ჩემი გონება ასეთ ყოფას მშვიდ სიკვდილს არჩევს,
მაგრამ არ მინდა, ჩემი სატრფო მარტო რომ დარჩეს.
LXVI
თარგმნა ინესა მერაბიშვილმა
ასე დაღლილი მოსვენებას სიკვდილში ვეძებ:
ვით ავიტანო, რომ მათხოვარს ერგოს დიდება,
სპეტაკი რწმენა შემოგჩივის უიღბლო ბედზე,
დაფნით ბრიყვები შემოსილან ქვეყნის იმედად. უ
უბიწო ქალწულს ძალადობით ახდიან ნამუსს
და არაკაცი საზეიმოდ კვლავ მოირთვება,
შეურაცხყოფილ სრულქმნილებას ვინ გასცემს პასუხს,
დაუძლურება ძლიერების საქმედ ითვლება.
დღეს ხელოვნება დაამუნჯა მმართველმა ძალამ,
თავქარიანი, თუ უვიცი, თრგუნავს გონებას,
ვხედავ, კაი ყმა ტყვეობაში ისევ სულს ღაფავს,
პირდაპირობა და სიმართლე არ სცნეს მონებმა.
ასე დაღლილი ამ ყველაფრით არყოფნას ვნატრობ,
მაგრამ, ვაი, რომ ჩემს სიყვარულს აქ ვტოვებ მარტო.
LXVI
თარგმნა გენადი მარგველაშვილმა
სიკვდილს დავეძებ გადაღლილი სიცოცხლისაგან,
სანამ ღირსება საბოლოოდ გამათხოვრდება.
ამ ყრუ დროიდან უზნეობა ამოიზარდა,
და ბრიყვთა ურდოს სათნოება არ აგონდება...
და ნეტარია უბიწოთა შეურაცხმყოფი
და ცოდვილია ღვთისმიერი სრულყოფილება,
და მეუფეა უცნაური უღვთო ნაყოფი
და გლახაკია ჭეშმარიტი უფლის დიდება.
და მართლისმთქმელი გადაიქცა შესაწირ კრავად
და ბოროტება დაატარებს სიკეთის ნიღაბს,
და სინატიფე გაიმეტეს წიხლის საკრავად
და სიბრძნე ფუჭმა დაპირებამ გააღარიბა...
სიკვდილს დავეძებ, არ დავიწყებ თავის მართლებას,
მაგრამ რა ვუყო, საყვარელო, შენს მონატრებას?..
LXVI
თარგმნა მაია ჯიჯეიშვილმა
ავის მხილველი, შვებას მხოლოდ სიკვდილში ვეძებ,
მათხოვარივით ვეხეტები უდაბნოს გზებზე.
და არ მჭირდება ყალბი განცდა, ყალბი ვნებები,
და უღვთო