დევიზი: რკინის ქალამანი
მგზავრის წერილები
„სამი სიცოცხლე რომ მქონდეს, ერთს შენ გაჩუქებდი, მეორეს ციხეში გავატარებდი, მესამეთი კი მე თვითონ ვიცხოვრებდი“
ფილმიდან „წითელი ძახველი“
„ნახევარი ცხოვრების გზა გავლიეეეე“...
ქართული დარდიმანდული
კომპიუტერული თამაშების მოყვარული არ ვარ, მაგრამ სიამოვნებით ვითამაშებდი იმ თამაშს, რომელიც წარმოვიდგინე: შემყავს ჩემი პირადი მონაცემები, შემდეგ ვაჭერ „სტარტს“ და ჩემს - წუთისოფლის მგზავრის - მგზავრობას თვალს ვადევნებ.
სურვილისამებრ ამ მგზავრობას, ანუ ცხოვრების გზის გავლას, ნახევრად შეჯიბრის სახეც შეიძლება მიეცეს. მაგალითად, ვეჯიბრებით ვინმე ჰომუნკულუსს, რომელიც იმავე გზას გადის, მაგრამ პრაქტიკულად შეცდომას არ უშვებს, განსაცდელს თავს აღწევს და უვნებელი გადის სამშვიდობოს.
ამ კომპიუტერული თამაშის (შემდგომში - კ. თ.) პროგრამაში ზღვა ინფორმაციაა ჩატვირთული. თავს ვერ დავდებ, რომ ცხოვრების გზის ის ვერსია, რომელიც ჩემი და ჩემისთანების პირადი მონაცემების ჩატვირთვის შემდეგ გათამაშდება, ასი პროცენტით სარწმუნო იქნება, მაგარმ ეს თვითონ უნდა განსაჯოთ. თუ მოგეწონებათ, ითამაშეთ. თუ არადა, თქვენვე შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, შექმნათ და სრულყოთ ახალი პროგრამა.
წინასწარ მინდა გაგაფრთხილოთ, ჯობს, რეალური, ნამდვილი მონაცემები ჩაწეროთ და არა რომელიმე სუპერმენის, ან ისტორიული გმირის თვისებები. ჩემივე გამოცდილებიდან ვიცი: კ. თ.-ს პროგრამა არ ტყუვდება. ერთხელ ვიხულიგნე და ზოგ ჩემ მონაცემს მივაწერე: „ვფლობ ათზე მეტ უცხო ენას, შიშველი ხელით შემიძლია შევიპყრო გაქცეული ირემი“. პასუხად კ. თ.-მ გამომიგდო ფანჯარა ტექსტით: თუ თამაშს მართლა აპირებთ, მითრიდატე პონტოელის თვისებებს ნუ მიიწერთ. დააჭირეთ „ქლოუზს“, გადატვირთეთ და დაიწყეთ თავიდან.
არ გაგიკვირდეთ, თუ თამაშისას (ცხოვრების გზაზე მსჯელობისას) მონიტორზე დროდადრო „გამოგიხტებათ“ ფანჯარა ტექსტით - „ეს მგზავრის წერილებია“. არ წაშალოთ. წაიკითხეთ. უფრო სწორად, ჯერ წაიკითხეთ, შემდეგ შეგიძლიათ წაშალოთ. თუმცა უმჯობესია, „ოკეის“ დააჭიროთ (ვითომ მგზავრის წერილში გამოთქმულ აზრს ეთანხმებით), წინააღმდეგ შემთხვევაში თამაშის სიღრმეში შესვლა გაგიჭირდებათ და დამატებითი სიცოცხლეც დაგჭირდებათ; თუ სიცოცხლე გენანებათ, ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოთ.
მაშ, ასე: ჩემთან ერთად შეგიძლიათ დაიწყოთ. შეიყვანეთ პირადი მონაცემები და „დასტარტეთ“. წავიდა? ძალიან კარგი.
წინასწარ მინდა იცოდეთ: პროგრამა გაჩვენებთ, რომ რამდენიმე სიცოცხლე გაქვთ. შეცდომა არ გეგონოთ. ამის გამო პროგრამის შემდგენელს არასერიოზულობა არ დასწამოთ. თავიდან მეც ასე მეგონა, მაგრამ რომ დავფიქრდი, მივხვდი, რომ ამ პირობითობას რეალური საფუძველი აქვს. თამაში სიცოცხლის შეწყვეტის რისკის შემცველ საკვანძო მომენტებზეა აგებული და მგზავრობა ერთობ ხიფათიანიც გახლავთ. მოკლედ, თუ უეჭველ სიკვდილს ერთხელ მაინც გადაურჩით რეალურ ცხოვრებაში, ამ თამაშში ორი სიცოცხლე დაგჭირდებათ... ანუ რამდენჯერაც სიკვდილს გადაურჩით, იმდენი სიცოცხლე გქონიათ და პლუს ერთიც, რითაც დღეს ცხოვრობთ. მე, მაგალითად, სიკვდილს სამჯერ გადავურჩი. ამიტომაც მონიტორი მიჩვენებს, რომ მე ოთხი სიცოცხლე მაქვს. თქვენი არ ვიცი. შეხედეთ თქვენივე გონების მონიტორს და დაიმახსოვრეთ - დარჩენილ სიცოცხლეს გაუფრთხილდით - ცხოვრება, მოგეხსენებათ კ. თ. სულაც არ არის.
0-6 ქმ.
6 წლამდე ჩემი ცხოვრების გზაზე დედ-მამასთან და დებთან ხელიხელჩაკიდებულმა ვიმგზავრე. როგორც კი ხელი გამიშვეს (რაზეც დღენიადაგ ვოცნებობდი), მაშინვე ხიფათს გადავეყარე. ზამთარში ვერანდიდან გადავვარდი, მაგრამ გადავრჩი - ხელით მოაჯირს წავეტანე ისე, რომ ჰაერში სალტო გამომივიდა და თოვლში თავდაყირა ჩავეშვი. მონიტორზე გამოვარდა ფანჯარა - მგზავრის წერილში წერია, რომ თავ-პირი დასისხლიანებული მქონდა, მაგრამ კარგად მახსოვს, რომ დაცემისას მორყეული სარძევე კბილები დავკარგე და სისხლიც ღრძილებიდან მდიოდა. სრულიად საღ-სალამათი გადავრჩი და კბილის ექიმთან მისვლასაც ავცდი. მგზავრის ეს წერილი რომ არ წამეკითხა, ისედაც ვიცოდი, რომ 6 წლის ბავშვმა (რაგინდ აკრობატის ნიჭიც უნდა ჰქონდეს, თუნდაც ჩინელი იყოს) 42 ზომის კალოშებით ვერანდის მოაჯირზე არ უნდა გაიაროს არც ზამთარში და არც ზაფხულში.
ჰომუნკულუსს 0-6 ქმ გზა ისე გაუვლია, ფრჩხილიც არ წამოსტკენია.
თქვენთან როგორაა საქმე? თუ არ გინდათ, ნურაფერს იტყვით; მთავარია, თამაშს ალღო აუღოთ.
ძალიან კარგი. დავწკაპოთ და წინ წავიდეთ.
6-10 ქმ.
თავიდან ეს „ქმ“ შეცდომა მეგონა, მაგარმ მერე გავარკვიე, რომ ქმ ქრონომეტრს ნიშნავს და ასაკს შეესაბამება.
10 წლისა რაჭაში, ჟოშხაში, ერთ ციცქნა ჭაობში ვიხრჩობოდი. გორაკებიან საძოვარზე ერთი დაცემული ადგილი იყო. იქ პირუტყვიც არ ბალახობდა, მე კი პირდაპირ შევაბოტე. რეზინის ჩექმები მეცვა და შევედი. ჩავეფალი, თანდათან წამიღო სიღრმისკენ, უკან გამობრუნება დავაპირე, მაგრამ ვეღარ დავიძარი. საშინელი შეგრძნებაა, როცა შებოჭილი ხარ, ნაბიჯს ვერ დგამ და იძირები. არადა, ვიცოდი, იქვე სამ-ოთხ მეტრში შემაღლებული ადგილი იყო, მყარი ნიადაგი. არავის უსწავლებია, ყველაფერი თავისთავად მოხდა - ნაპირისკენ სწრაფვით, ისე რომ ნაბიჯიც ვერ გადავდგი, ჭაობის ზედაპირზე გავწექი, ფეხები ლაფის სიღრმიდან