ჯადოსნური ენციკლოპედია
• თუ იცით, რისთვის სჭირდებათ კატებს ულვაშები? თურმე, იმისთვის, რომ მეტი ინფორმაცია შეიტყონ გარე სამყაროზე, უკეთ იარონ სიბნელეში. ულვაშები კატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს მათი მთავარი შეხების ორგანოა. კატებს დაახლოებით 24 გრძელი მგრძნობიარე ულვაში აქვთ. ისინი ლოყებზე, თვალების ქვეშ, ზედა და ქვედა ტუჩზე და თათებზეა მოთავსებული. ულვაში მათ ნადირობის დროსაც ეხმარებათ. როცა კატა ნადირობს, ულვაშები აპრეხილი აქვს და ნებისმიერ გაფაჩუნებას გრძნობს. ულვაში მის ხასიათზეც კი მეტყველებს: თუ ულვაშები წინ აქვს მიმართული, ე.ი. კატა კარგ ხასიათზეა, მეგობრული და ცნობისმოყვარეა, თუ ულვაშები ზედ აქვს მიბჯენილი, სახეზე, მაშინ არ გაეკაროთ _ აგრესიულად არის განწყობილი.
• ალადინის ჯადოსნური ლამპრის ამბავი ვის არ გაუგონია? ალადინი ყველაზე ცნობილი არაბული ზღაპრის გმირია. ეს ზღაპარი შედიოდა კრებულში „ ათას ერთი ღამე “ . ალადინისა და მისი ჯადოსნური ლამპრის ამბით ისე მოიხიბლნენ რეჟისორები, რომ არაერთი ფილმი და მულტფილმი გადაიღეს მასზე. ყველაზე ცნობილი 1992 წელს გადაღებული დისნეის მულტფილმი „ ალადინია “ , რომელიც ისეთი წარმატებული აღმოჩნდა, რომ ორი „ ოსკარიც “ კი მიიღო.
• მარწყვი ალბათ ბევრ თქვენგანს უყვარს, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ეს ტკბილი და სასარგებლო სასუსნავი ვარდისებრთა ოჯახში შემავალი მცენარეა, მრავალწლოვანი ბალახი. არსებობს როგორც ტყის სახეობები, რომლებიც ტყეში, ველურ პირობებში იზრდება, ისე კულტურულად, ეზოსა და სათბურებში გაშენებული. კიდევ იცით რა? ბელგიის ქალაქ ვეპიონში თურმე მარწყვის მუზეუმი არსებობს და ეს ქალაქი მარწყვის მსოფლიო დედაქალაქადაც მიიჩნევა.
• მსოფლიოში თურმე თუთიყუშების 350-ზე მეტი სახეობა არსებობს, მაგრამ მათი მესამედი გადაშენების ზღვარზეა და წითელ წიგნშია შეტანილი. ყველაზე მეტად გავრცელებული ტალღისებრი თუთიყუშებია. შეიძლება, რომელიმე თქვენგანს შინაც ჰყავს, გალიაში? ამ სახეობის თუთიყუშებს, სხვათა მსგავსად, სიტყვების დამახსოვრება და ლაპარაკიც კი შეუძლიათ. ტალღისებრ თუთიყუშს თურმე 100-ზე მეტი სიტყვის დამახსოვრება შეუძლია. და კიდევ, თუთიყუშები ბუნებრივ პირობებში საკმაოდ დიდხანს ცხოვრობენ _ 50-60 წლამდე.
• ვისაც მთებში სიარული უყვარს, იმან ისიც იცის, ვინ არიან მთამსვლელები, ანუ ალპინისტები. ალპინიზმი უბრალოდ მთებზე ცოცვა და მწვერვალების დაპყრობა კი არ არის, სპორტის სახეობაა. სახელწოდება კი იმიტომ შეერქვა, რომ როგორც სპორტის სახეობა საფრანგეთის მთებში, ალპებში ჩამოყალიბდა. მანამდე მთელ მსოფლიოში მთამსვლელობის მოყვარულები თავიანთი სურვილითა და ჟინით დადიოდნენ მწვერვალების დასალაშქრად, მას მერე კი, როცა ის სპორტად იქცა, უკვე ერთმანეთს ეჯიბრებიან მწვერვალების დაპყრობაში. საქართველოში ოდითგანვე იყო განვითარებული მთამსვლელობა და მსოფლიოს საუკეთესო ალპინისტებს შორის ქართველები ერთ-ერთი პირველები არიან.
• სპილოს შესახებ რა ხანია ვიცით ბევრი რამ. ის, რომ ყველაზე დიდი ცხოველია დედამიწაზე, რომ მისი წინაპარი უძველეს დროში ცხოვრობდა, მამონტი ერქვა და გადაშენდა. მაგრამ ბევრი არ ვიცით მისი ყველაზე უცნაური ორგანოს _ ხორთუმის შესახებ, რომლის გარეშეც მას თურმე არსებობა არ შეუძლია. სპილოსთვის ხორთუმი იგივეა, რაც ადამიანისთვის ხელები. ხორთუმი ცხვირისა და ზედა ტუჩის გაგრძელებაა. ის სპილოსთვის ხელიც არის, რომლითაც საგნების მოწვდენა, აღება შეუძლია, ცხვირიც არის, რომლითაც სუნთქავს, და _ ტუჩიც. მისი მეშვეობით იდებს პირში საკვებს, ისრუტავს წყალს და პირში გზავნის. თუ ძალიან დასცხება, შეუძლია, ხორთუმში დაგროვილი წყალი ზურგზეც დაისხას და შესანიშნავი შხაპი მოიწყოს.
• საზამთრო ვის არ უყვარს, მაგრამ იცით, რომ საზამთრო გოგრისებრთა ოჯახში შედის? და კიდევ, რომ ამ გემრიელ და გრილ მცენარეში თურმე ძალიან ბევრი წყალია. ჩვენ ძირითადად მრგვალ საზამთროებს მივირთმევთ, თუმცა არც ისე დიდი ხნის წინ ამერიკაში ოთხკუთხა საზამთრო გამოიგონეს, რომლის დაჭრა და განაწილება გაცილებით იოლი ყოფილა.
• წყალში უამრავ ცოცხალ არსებასთან ერთად ბინადრობენ ზღვის ცხენთევზები, რომლებიც მართლა ძალიან გვანან ცხენებს, თუმცა ჩვეულებრივი თევზები არიან, ნემსთევზისებრთა ოჯახიდან. ეს პაწაწინა არსებები, რომლებიც ხანდახან ჩვენი თითის ტოლებიც კი არიან, იოლად იმალებიან წყალმცენარეებში, ამიტომ მტაცებლები ვერ ამჩნევენ ხოლმე და ასე აღწევენ თავს მათ ყბებს.
• კუბიკებით სხვადასხვა კონსტრუქციის აწყობა ვისაც უყვარს, ყველამ იცის, რა არის „ ლეგო “ . ლეგოს სახელწოდება ლათინურად ასე ითარგმნება _ „ კარგად ითამაშე “ . ეს ყველასთვის საყვარელი და დახვეწილი კუბები, რომლებითაც მთელი ქალაქის აშენებაც კი შეიძლება, დანიელებმა მოიფიქრეს 1932 წელს.