დიალოგი - სიცოცხლის ფორმა
გვანცა ჯობავა მალე თავისი პოეტური თაობის ერთერთი
ემბლემატური სახე გახდება. თუმცა ეს არ იქნება
რაიმე განსაკუთრებულობის ან უპირატესობის მაჩვენებელი.
უბრალოდ, მისი ხასიათია ამ მოტივით კოდირებული. მაძიებელია,
ბევრს მუშაობს და ცდილობს დროის ადეკვატური
სტილი თავის თავში იპოვოს და არა სხვასთან, სხვის მიერ
გაკვალულ გზებსა და ბილიკებზე. საკმაო სითამამე აქვს
იმისათვის, რომ შეცდომების დაშვების არ ეშინოდეს. კარგად
იცის, სად ცდება, სად გამოასწოროს, სად გააღრმავოს,
სად დაიხიოს უკან. ანგარიშს უწევს ტრადიციას, ეპატაჟი არ
იტაცებს, ცდილობს არტეფაქტები შექმნას არა გარეგნული
ეფექტების, არამედ შინაგანი, ფსიქოლოგიური დეტალების
მეშვეობით. კულტუროსანი შემოქმედია ბუნებით, ხასიათით,
მრწამსით. არის მასში რაღაც ისეთი, რაც ნდობითა და თანაგრძნობით
განაწყობს მკითხველს. სხვათა შორის, ნდობასა
და თანაგრძნობას აქვს ხარისხი, სიმაღლე, სიმტკიცე.
თუნდაც უშუალობა და გულწრფელობა, რაც მის თითქმის
ყველა ლექსში თვალნათლივ ჩანს, საკმარისია იმისთვის, რომ
ბოლომდე ვენდოთ მის სიტყვას, ბგერას, პათოსს. ამას ხელს
უწყობს გამოხატვის დიალოგური სტილი. შეიძლება ითქვას,
რომ მისთვის დიალოგი არის სამყაროსთან ურთიერთობის
მთავარი ფორმა, არსებობის შინაარსი, სიცოცხლის მოტივი.
დიალოგი მსუბუქი იუმორისა და მკრთალი ირონიის თანხლებით.
თუმცა ეს მაინც გარეგნული შთაბეჭდილებაა. შინაარსს
რაც შეეხება, ეს არის გარეფორმის ბუნებრივი გაგრძელება,
რომელშიც ყურადღებას იქცევს სოციალური და ეთიკური
მოტივების მკაფიო რეპრეზენტაციები.
გარდა ამისა, მას შეუძლია ერთი შეხედვით უმნიშვნელო
დეტალი მხატვრულ ელემენტად აქციოს. კომპოზიციის
გრძნობა აქვს გამახვილებული. აქვს ქმნადობის თავისებური
უნარი, რომელიც აერთიანებს თემატური სტრუქტურის
აგების თეორიულ და პრაქტიკულ შესაძლებლობებს. მკაფიოდ
ხედავს იდეასაც და იმ საგანსაც, რომელიც იდეის განსხეულებაში
ეხმარება. ამიტომაც მისი ლექსის აზრობრივი
სტრუქტურა არის უბრალო, მსუბუქი, ექსტენსიური. ლირიკული
გმირის შინაგანი ხმა ისე წარმოშობს განწყობილებებს,
როგორც წყალში ჩაგდებული ქვა კონცენტრიკულ წრეებს.
აღსანიშნავია აგრეთვე ინტონაციური კრეშენდო, რომელიც
ხშირად გაისმის როგორც ლექსის მელოდიური საყრდენი.
მაგალითად:
თოვლი შენია, შენ მაჩუქე
და შენვე გითმობ
და ვამბობ, გმადლობ,
ცაო ჩემო, ცის კაბადონო,
რომ შენ ბოლომდე გჯერა იმ თოვლის,
რომლითაც თოვ,
რომ შენ ბოლომდე გჯერა იმ წვიმის,
რომლითაც წვიმ,
რომ შენ ბოლომდე გჯერა იმ ქარის,
რომლითაც ქრი.
(„მგზავრი“)
უშუალობა, გულწრფელობა, სისადავე – ეს ცოტა არ არის
ლექსისთვის, მაგრამ არსებობს კიდევ რაღაც სხვა, რომელიც
არ ჩანს, ვერ ხედავ, მაგრამ გრძნობ და იცი, რომ სწორედ
ის ქმნის ნაწარმოებს, კომპოზიციის ცოცხალ მთლიანობას.
გვანცა ჯობავას ლექსებში შეგვიძლია ვეძებოთ ეს „სხვა“.
არაჩვეულებრივი წარმოსახვის საშუალებით მას შეუძლია
თავისი შინაგანი სამყაროთი გადასახლდეს საგანში და იქიდან
მოახდინოს პოეტური სათქმელის პროეცირება. მნიშვნელობა
არ აქვს, იყოს „იუდა“, იყოს „ქოხები“, იყოს „თოვლდიდობა“,
ის გადავა, გადაიხვეწება, განიბნევა ობიექტის დეტალებში და
იქიდან წამოიღებს მთავარს, ძირეულს, არსისეულს, მეხუთე
ელემენტივით უცნაურს, რომლითაც შექმნის ახალ, ეპიკურ
საზრისს, ცოტა არ იყოს, მოუხელთებელს, მაგრამ თავისებურს,
საგულისხმოს, საკუთარი ხელწერით აღბეჭდილს.
სუბიექტისა და ობიექტის ერთიანობა, ერთპირობა,
მთლიანობა, განუყოფლობა ლირიკის ძირეული თვისებებია,
მაგრამ, ამავე დროს, ეს არის პოეტური შემოქმედების წესი,
ზნე, მექანიზმი, რომელიც თუ არ გაქვს, ვერ გადაიღებ, ვერ
გადაინერგავ, ვერ ჩაიმონტაჟებ.
ამ თვალსაზრისით, გვანცა ჯობავა ლირიკოსია. ამიტომ
არის იგი თავისუფალი, მისი საზრისი კი – ამოუწურავი, ბოლომდე
მიუკვლეველი.
ივანე ამირხანაშვილი