ინტერნეტო – მსოფლიო სახელმწიფო ანუ Check-in ჩვენი არსობისა
თანამედროვე საზოგადოების უდიდესი ნაწილი ყოველგვარი მაჟორიტარული თუ პროპორციული არჩევნების გარეშე თანაცხოვრობს ერთ უზარმაზარ სახელმწიფოში, რომელსაც ინტერნეტი ჰქვია. ამ სახელმწიფოს ყველა მოქალაქე თანაბარი უფლებებით სარგებლობს და მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობების უკეთ რეალიზებაზეა დამოკიდებული. ძირითადი და სახელმწიფო ენა თითქმის ყველასთვის ერთია – კურთხეული ინგლისური.
მოქალაქეობის მიღების პირობები: უბრალოდ ჩართეთ თქვენი კომპიუტერი, „ენთერ“ ღილაკზე ერთი დაწკაპუნებით გახსენით „გუგლ ქრომი“ ან „მოზილა“ და მოქალაქეობას მომენტალურად მიიღებთ. ხოლო, თუ რომელიმე საიტზე დარეგისტრირდებით კიდეც (რეკომენდებული საიტები: „ფეისბუქი“, „ტვიტერი“, „ჯიმაილი“, „იუთუბი“ და ა. შ.), გარწმუნებთ, რომ მოქალაქეობის დაკარგვის საფრთხე არასდროს დაგემუქრებათ.
ამ სახელმწიფოში ინტეგრაციის უკუჩვენებებია: მრავალი უძილო ღამე და მასობრივად ჩაწითლებული თვალები, უსულო საგნებთან (კომპიუტერი, ნოუთბუქი, „აიფონი“) მიჯაჭვულობა, რეალური ურთიერთობების მოთხოვნილების დაძაბუნება (უკიდურესი გამოხატულება: ერთ ოთახში გვერდიგვერდ მსხდომი ადამიანებიც კი ხშირად „სკაიპის“, „ფეისბუქის“, „ტვიტერის“ ან სხვა საშუალებების გამოყენებით ესაუბრებიან ერთმანეთს).
რატომ ვიკითხოთ წიგნები ბეჭდური სახით და მოგზაურობისას მხრებით ვათრიოთ მთელი ბიბლიოთეკა, როდესაც შეგვიძლია „ქინდლებში“, „ნოუთბუქებში“ ან თანამედროვე ტელეფონებში ჩავწეროთ ელექტრონული წიგნები და უფრო მოხერხებულად ვიკითხოთ ნებისმიერ ადგილას?! რატომ დავიხოცოთ თავი თესვით, მარგვლითა და ბარვით, როდესაც სავსებით შესაძლებელია ჯადოსნურ კლავიატურასთან შეხებით ხუთ წუთში უფრო მეტად ჯადოსნური ფერმების, ბაღებისა და ვილების მფლობელები გავხდეთ?! განა ამის გარეშე ცხოვრება ზედმეტი თავის ტკივილი არ იქნებოდა?! რატომ შევიკრიბოთ მეგობრები საღამოს სადმე კაფეში, ბუნებაში ან ერთმანეთის სახლებში, როდესაც შეგვიძლია ინტერნეტში „გრუფ ჩათი“ გავმართოთ ან „დახურული ჯგუფი“ შევქმნათ და იქ გავუზიაროთ ერთმანეთს მთელი დღის სიახლეები ან თუ მაინც გადავწყვეტთ სადმე ერთად წასვლას, მობილური ტელეფონების საშუალებით „ფეისბუქზე“ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ე. წ. „ცჰეცკ-ინ“, რათა ოფიციალურად დავაფიქსიროთ ინტერნეტ თანამოქალაქეების წინაშე, რომ მათი გაფრთხილების გარეშე ფეხიც არ გადაგვიდგამს. რატომ დავპატიჟოთ გოგონა პაემანზე და რატომ ვატაროთ სამარცხვინოდ ქუჩაში ყვავილები, როდესაც „სკაიპში“ სულ მცირე გარჯის შემდეგ ათასობით ყვავილი და უფრო მეტი კოცნა შეგვიძლია გავუგზავნოთ ჩვენს მოწონებულს (ცოტა ხნის წინ ტელევიზორში მოვკარი თვალი, რომ კომპიუტერს მიმაგრებული სპეციალური მოწყობილობა გამოუგონიათ შეყვარებულთათვის. თუ ეს მოწყობილობა ორივე მხარეს ექნება, შეუძლიათ შინიდან გაუსვლელად ერთმანეთსაც კი ეამბორონ. სანამ ის საქართველომდე ჩამოაღწევდეს, ამასობაში ამერიკაში ალბათ ინტერნეტით შვილებსაც კი გააჩენენ და ჩვენ ისევ ერთი ან მეტი საფეხურით უკან ვიქნებით)?! რატომ ვისხდეთ გაყინულ ან თუნდაც გამთბარ ბიბლიოთეკებში ამა თუ იმ კვლევის მოსამზადებლად, როდესაც ჩვენი დედა „გუგლი“ და მამა „ვიკიპედია“ (სქესის ჩემებური განაწილებაა და განხილვას ექვემდებარება) ასე გვიმარტივებენ ცხოვრებას?! „სერჩის“ სპეციალურ გრაფაში საჭირო სიტყვა ჩაწერე და მთელი ბიბლიოთეკა ისედაც ხომ შენ ფერხთით იქნება. რატომ დავხარჯოთ დრო, ფული და ენერგია მოგზაურობაში, როდესაც შენი
ბიძაშვილი „გუგლ მეფი“ და დეიდაშვილი „გუგლ ერსი“ ნებისმიერ საოცნებო ქვეყანასა თუ ქალაქში გამოგზაურებენ, ნებისმიერ ქუჩაზე გაგატარებენ, ნებისმიერ ღირსშესანიშნაობასთან მიგიყვანენ, ნებისმიერ მდიდრულ სასტუმროში გაცხოვრებენ და ყველა კმაყოფილი დარჩება?! ან მუზეუმების დათვალიერება რა პრობლემაა, შენ მხოლოდ „დაგუგლე“ და მთელი საგანძური, ნებისმიერი ექსპონატი შენ თვალწინაა. რა აჩემებაა ნეტავ ამ ყველაფრის ცოცხლად ნახვა (თუმცა ეს უკანასკნელი იმდენად ძვირი სიამოვნებაა, რატომაც არ უნდა ავიხდინოთ ოცნებები თუნდაც ინტერნეტის საშუალებით?!), როდესაც ასეთი მარტივი და ეკონომიურია ცხოვრება ინტერნეტის სახელმწიფოში – მაქსიმალურად დაზოგილი და ამასთანავე, ინტერნეტში ჩაძირული და ინტერნეტით შეპყრობილი ადამიანებისთვის, მაქსიმალურად აჩქარებული დრო. თუმცა, როგორც ჩანს, ინტერნეტის სახელმწიფოს ხელისუფალთ ერთპიროვნული მმართველობის დამყარებამდე ჯერ კიდევ დარჩათ საკითხები, რომლებიც ინტერნეტ პარლამენტში სასწრაფო განხილვას საჭიროებს.
აი მაგალითად: არსებობს ერთი დიდი „ცდუნება“, რომელიც ინტერნეტ პარლამენტში დღემდე გადაუჭრელ საკითხთა საქაღალდეში ინახება – მოგზაურობა, ოღონდ არა ინტერნეტ, არამედ რეალურ სივრცეში. თუმცა, ამ შემთხვევაში, საკითხის გადაჭრისთვის პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი აქაც გადაიდგა და საგულისხმო შედეგიც მოიტანა: რა ფასი აქვს ჩვენს მოგზაურობას, თუ უცხო ქალაქში ჩასვლისა და სასტუმროში ფეხის შედგმისთანავე, „ფეისბუქის“ გვერდზე ე. წ. „Check-in“ არ გავაკეთეთ. მაგალითად, ასე:
Gvantsa Jobava feeling Great in Amsterdam, Netherlands
ან რა იყო ჩვენი ცხოვრება მაშინ, როდესაც „Check-in“ არ არსებობდა?!