დღევანდელი თბილისი - ემიგრანტი ნიკუშა სამგზავრო თვითმფრინავი, ნიუ-იორკი - თბილისი, მალე თბილისის აეროპორტში დაეშვება...
ექვსი წლის ნიკუშა ილუმინატორის შუშიდან გაფართოებული თვალებით ათვალიერებს მიდამოს. დღეს მის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი დღეა: ხუმრობა ხომ არ არის, საზღვარგარეთ ექვსწლიანი ცხოვრების შემდეგ პირველად ჩამოდის მშობლიურ ქალაქში. თუმცა, ამის მიუხედავად, მშობლებისგან თავის სამშობლოსა და მის ულამაზეს დედაქალაქ თბილისზე უკვე ბევრი რამ იცის.
ნიკუშამ ერთი წუთით თვალი მოაშორა ფანჯარას და დედიკოს გადაუჩურჩულა:
- ბაბუ, ალბათ, უკვე აეროპორტში გველოდება, არა?
- ჰო, შვილო, მოუთმენლად ელის შენთან შეხვედრას.
სულ მალე ნიკუშა ტაქსიში იჯდა და საყვარელ ბაბუას ჩახუტებული, ახლა უკვე მანქანის ფანჯრიდან, ათვალიერებდა მისთვის უცნობ ქალაქს.
- ახლა სახლში მივალთ, დაისვენებ, ხვალიდან კი თბილისს დავათლიერებთ. პირველად წმინდა სამების ტაძარს ვესტუმრებით, - ჩაულაპარაკა ბაბუამ სანატრელ შვილიშვილს.
- რატომ მაინცდამაინც წმინდა სამების ტაძარს? - ჩაეკითხა ნიკუშა.
- იმიტომ, ჩემო პატარა, რომ ეს ყველაზე ახალი და ყველაზე გრანდიოზული ტაძარია, რომელიც კი საქართველოში ოდესმე აგებულა, - მოკლედ აუხსნა ბაბუამ, - დანარჩენს კი ხვალ შენ თვითონ მიხვდები.
მეორე დილით ბაბუა და შვილიშვილი უთენია გაემართნენ ელიას მთაზე აღმართული სამების ტაძრის დასათვალიერებლად.
- ბაბუ, ბაბუ, მართლა რამხელა ტაძარი ყოფილა, მის წინაშე თავი ჭიანჭველა მგონია, - წამოიძახა განცვიფრებულმა ბავშვმა.
- მართალი ხარ, ჩემო პატარა, ძალიან დიდია ეს ტაძარი და მისი მოოქრული გუმბათი ისე შორსაა ჩვენგან, რომ თვალს ძლივს მიაწვდენ. გახსოვდეს, რომ უფალია ძალიან ახლოს, შენს პატარა მფეთქავ გულში ცხოვრობს და შენზე ზრუნავს. შენ კი შენი კარგი სწავლით და კარგი საქციელით უნდა გადაუხადო მადლობა ამ ზრუნვისთვის! - დაარიგა ბაბუამ.
- როგორ თუ ჩემს გულში ცხოვრობს, აბა, მე რომ არასდროს მინახავს უფალი? - გაიკვირვა ბავშვმა.
- არც არავის უნახავს, იმიტომ რომ ის უხილავია. ღმერთს ვერ დაინახავ, ის უნდა იგრძნო. უფლის მთავარი სახლი ზეცაშია, ისე კი იგი ყველგანაა და ყველაფერს ხედავს. ამიტომ, როდესაც რაიმეს დააშავებ, ზეცას ახედე და პატიება სთხოვე უფალს. ახლა კი, მოდი, ტაძარში შევიდეთ და ამაზე საუბარი მერე გავაგრძელოთ, - უთხრა ბაბუამ, ხელი ჩაჰკიდა განცვიფრებულ ბავშვს და ტაძარში შეიყვანა.
ნიკუშამ სანთლები დაანთო და, როგორც ბაბუამ ასწავლა, სამშობლოს კეთილდღეობა, მშობლებისა და ახლობლების კარგად ყოფნა და ცოდვების მიტევება შესთხოვა უფალს. შემდეგ ბაბუამ ტაძრის ეზოში გამოიყვანა, ერთ-ერთ სკამზე ჩამოსვა და თვითონაც გვერდით მიუჯდა.
- ბაბუ, ბაბუ, მაინც რატომ ცხოვრობს უფალი ზეცაში? - შეწყვეტილი საუბარი კვლავ გააგრძელა ნიკუშამ.
- რადგანაც ასე დაინტერესდი, ერთ ძველ თქმულებას მოგიყვები, - უთხრა ბაბუამ და თხრობა დაიწყო:
- როგორც ჩვენი დიდი ბაბუები და ბებიები გვიყვებოდნენ, ერთ დღეს, თურმე, უფალს მსოფლიოს ყველა ხალხი თავისთან დაუბარებია და მათთვის დედამიწაზე მიწები გაუნაწილებია. ქართველებს დაგვიანებიათ, მაგრამ მაინც მისულან, თუმცა ყველაფერი განაწილებული დახვედრიათ. შებრალებია უფალს მიწის გარეშე დარჩენილი ქართველები და თავისთვის შემონახული ედემის ბაღი მათთვის დაუთმია, თავად კი ზეცაში წასულა საცხოვრებლად.
- მართლა, ბაბუ? მართლა ასე იყო? - არ ისვენებდა ცნობისმოყვარე ნიკუშა.
- არ ვიცი, შვილო, ჩვენი წინაპრები ასე ყვებოდნენ. ეს ძალიან, ძალიან ძველი თქმულებაა. თუმცა უხსოვარი დროიდან საქართველოს მართლაც ადარებდნენ სამოთხეს. ამიტომაც იყო, რომ საუკუნეების მანძილზე არა ერთი დამპყრობელი შეეცადა ხელში ჩაეგდო ჩვენი ქვეყანა და მისი დედაქალაქი თბილისი. ყველას იზიდავდა ამ პატარა ქვეყნის ულამაზესი ბუნება. მაგრამ, როგორც ხედავ, ვერც ერთმა მათგანმა ეს ვერ მოახერხა, იმიტომ, რომ ქართველებს არასდროს დაუკარგავთ უფლის რწმენა და უფალსაც არასდროს მივუტოვებივართ...
- რა საინტერესოა ეს ყველაფერი! - სიტყვა გააწყვეტინა ბაბუას აღტაცებულმა შვილიშვილმა.
- ჰო, ძალიან საინტერესოა. გაიზრდები, უფრო მეტს გაიგებ და უფრო მეტს ისწავლი. დროა, ჩვენი ექსკურსია გავაგრძელოთ. ახლა ძველ თბილისში ვართ, მოდი, ღვინის აღმართით მეტეხის ხიდისკენ დავეშვათ, იქაც ბევრი საინტერესო რამ გველოდება...
მანამდე კი მინდა ყარაჩოღელის აი, ეს სამოსი გაჩუქო, რომელსაც დიდი ხანია შენთვის ვინახავ. შენხელა რომ ვიყავი, იგი ჩემმა ბაბუამ მაჩუქა და მითხრა: - ჩემი მშობლების სახსოვარიაო...