SUSO რადიოპიესა ერთ მოქმედებად
მოქმედების დრო და ადგილი:
2015 წლის 24 ნოემბერი, 18 სთ. 30 წთ. თბილისი
მოქმედი პირნი:
ლექსო (პოეტი)
ლადო (მხატვარი)
ლაშა (მუსიკოსი,რადიოწამყვანი)
რატი (სემინარიის სტუდენტი)
ლილი (მასწავლებელი)
ნინო (ბანკის თანამშრომელი)
ქრისტინე (ჟურნალისტი)
ნახევრად განათებულ დიდ ოთახში მაგიდას უსხედან ექვსნი. ყველას წინ გაშლილი ნოუთბუქი უდევს და ჩასცქერის, ზოგს ყურსასმენიც უკეთია. მეშვიდე შემოდის. კედლებზე ჰკიდია ალბერ კამიუს, აკუტაგავა რიუნოსკეს, ერნსტ ჰემინგუეის, ვირჯინია ვულფის, სილვია პლათის, გალაკტიონ ტაბიძის, პაოლო იაშვილისა და სხვა მწერალთა ფოტოები, ბოსხისა და ბრეიგელის რეპროდუქციები. კედელზე გაკრულია ციტატებიც*. რიგ-რიგობით ნათდება კედლის სურათები თუ წარწერები, დანარჩენი ჩაბნელებულია, შედარებით მკრთალად მოჩანან ადამიანები, მხოლოდ საუბრისას ნათდება სახე.
ლექსო: შეიძლება? გამარჯობა!
რატი: შემოდი, ლექსო, გელოდებით!
(ლექსო მორიდებულად შემოდის, მას სვამენ იმ ადგილას, საიდანაც პირდაპირ უყურებს მაყურებელს. ისმის მუსიკა_ ვაგნერის „ ფაუსტიდან “ 1 წთ. ხმამაღლა გაისმის, მერე ნელ-ნელა ქრება).
ლაშა: მოგისმენია? იცი ვინაა? (ხმაში ჩანს გაღიზიანება და უცერემონიობა).
ლექსო: ავტორი არ მახსენდება.
ლაშა: ჯონ ლენონი ხომ იცი?
ლექსო: კი.
ლაშა: ჩვენ ახლა უფრო პოპულარულები ვართ, ვიდრე იესო ქრისტე. რას იტყვი?
ეს მოგწონს? „ Jesus Christ Superstar “ (შემოიჭრება ვებერის ოპერიდან იუდა ისკარიოტელის არია, კარლ ანდერსონის შესრულებით).
რატი: რა უნდა თქვას? თავი გაანებე! რა დროს ლენონია.
ლაშა: დაიცა, შენ რა გაგეგება. ლენონ ფორ ევა. მოდუნდეს ცოტა, ვერ ხედავ? დაძაბულია ბიჭი. კიდევ ერთს ვკითხავ, რას უსმენ?
ლექსო: როკს.
ლაშა: ტელეფონი გამორთე. ვა, ახალი აიფონია? პირდაპირ რეკლამიდან!
ლექსო: მეგობრებმა მაჩუქეს დაბადების დღეზე.
ლილი: მითხარი, რომელი სმარტფონი გაქვს და გეტყვი, ვინ ხარ შენ.
ლაშა: ჰო, იმას გეკითხებოდი, რას ვუსმენო, რა მითხარი? „ როლინგ სტოუნზი “ , „ ბლექ საბათი “ , „ ლედ ზეპელინი “ , „ სტიქსი “ ?
ლექსო : ალტერნატიული როკი, ელექტრონული როკი, „ The darkness “ .
ნინო: მე „ ზომბს “ ვუსმენ.(რატი გაოცებით შეხედავს).ჰო, რა, არ გაგიგია?
ქრისტინე : ნახეთ, რა საკაიფო სელფია, დემონი და ანგელოზი!
ლადო: მეგობრებო, ლექსოს მოვუსმინოთ, ლექსო, გვითხარი, საიდან გაიგე ჩვენი საზოგადოების შესახებ და რისთვის მოხვედი.
ლექსო : რა ვი, პოეტი ვარ, ლექსებს ვწერ და ფეისბუქზე ვდებ... (პაუზა)
ლაშა: კომბლესავით არა? კომბლებს თლიდა და ჭერში აწყობდა... და კიდევ: ვიცი ერთი ლექსი, ლექსებს წერდა ლექსო...
რატი : ნუ იცი შენ უკბილო ხუმრობა..
ლექსო: მეორე კურსზე ვარ, ჯავახიშვილის უნივერსიტეტში... ჩვეულებრივად, რა, როგორც ყველა...
ქრისტინე: ვაი, ვაი-ფაი გაითიშა, მიხედეთ რა, ვინმემ. რაო? ლექსებს? ახლა ვისაც არ ეზარება, ყველა წერს... და როგორ ლექსებს წერ? პაროლი შემახსენეთ, რა...
რატი: ლუი ცაიფერი. ლუი, მერე ინტერვალი და ცაიფერი?
ლექსო : ზოგს მოსწონს, ზოგს -არა. ბოლო დროს მეც აღარ მომწონს, ამ საღამოს წავშლი ყველაფერს, ფეისბუქსაც გავაუქმებ. მომწყინდა ყველაფერი.
ლაშა : ვიდეო თამაშები გაგართობდა. არ ცადე?
ლექსო: ვთამაშობდი აქტიურად. „ Dota 2 “ -ს. ბოლო დროს „ Bioshock Infinite “ და „ Batman Arkham City “ .
ლადო: ჩემი საყვარელი თამაშია „ The Longest Journey “ , მისი გაგრძელება „ Dreamfall “ , და „ Fallout 3 “ . ძალიან მომწონს „ NBA 2K14 “ . თუმცა, მე რა, შენ ესეც მოგწყინდა.
ქრისტინე: არ ერთობი? ალკოჰოლი? ნარკოტიკები? ღამის კლუბები?
რატი: არანაირი ნარკოტიკი, ალკოჰოლი და ღამის კლუბები, საღამოობით მეგობრებთან ერთად ლუდს სვამს, ასე არ არის?
ლილი: დროს აღნიშნავ ხოლმე?
ლაშა: ოჰ, მოწყენილობავ, ხელოვანთა ყველაზე ერთგულო ანგელოზო. ცოტა კოკაინი არ გაწყენდა. სად იშოვი, რო?
ლექსო: რას გულისხმობთ?
ლილი: ლექსებს ეტყობა, რომ დღეს ცხოვრობ? „ ნუ მიატოვებ ლექსს უთვისტომოდ, დროის, ეპოქის და სივრცის გარეთ “ . აბა, ისე