“სიბრძნე სიცრუისას” თხრობის მრავალფეროვნება სულხან-საბა სამართლიანად მიიჩნევა ქართული პროზის რეფორმატორად. მან ახალი რიტმი და ელფერი შესძინა კლასიკურ ტრადიციულ ქართულ პროზას. სულხან-საბამ პოეზიის საყოველთაო აღიარების ხანაში (რუსთველის გავლენით პროზა ერთგვარად ჩრდილში მოექცა) პროზაულ სიტყვას დიდი გასაქანი მისცა. თუმცა, როგორც პოეტს, “ ქილილასა და დამანაში ” მის მიერ გალექსილ სტროფებზე თუ ვიმსჯელებთ, აშკარად ეტყობა რუსთველის სიყვარული. აქ სტრიქონები შაირით არის გამართული, ხოლო აზრი აფორისტულად, სხარტად და მოკვეთილად გამოთქმული. მაგალითად,
“ კაცი, სახელის მძებნელი, უკვდავად დამისახია ” ,
“ ვინ ჭირსა თავი არ მისცეს, ლხინს როდის შეესწრებისა? ”
ან კიდევ:
“ ეს ქილილა და დამანა ბრძენთაგან გამოთქმულები,
სპარსთა ენითა სიტკბოთი დაშაქრულ-დამბასულები,
ვპოე და ჩვენად გარდმოვსთქვი ყვავილი ტურფად რგულები,
ლექსი ლექსად და ამბავი არც ერთი დაკლებულები.
როგორც მათში იყო, ამბავი თავის ადგილს, და ლექსი თავის ადგილს დავსწერე. ამთონის ჩემის ჭირის ხელფასად ლოცვა და შენდობა რომ წესია, ავ-ენობის პირს მაინც ნურვინ გახსნით ” .
ამ დროის ცნობილი პროზაული ტექსტები გამოირჩეოდნენ ორნამენტულობით, რაც დამახასიათებელია აღმოსავლური ყაიდის თხრობისთვის, სულხან-საბამ კი სხვა გზა აირჩია, მან ამგვარი ნარატივი გამოიყენა, როგორც ერთ-ერთი კომპონენტი და თხრობაში მეტი სისადავე და გამჭვირვალება შემოიტანა.
“ სიტყვის კონის ” შემქმნელის პროზაში თანაბარი ძალით იჭრება როგორც მწიგნობრული, ასევე, სასაუბრო, ხალხური ენა. უნიკალური და უმდიდრესი ლექსიკა მისი თხრობის ძარღვს ქმნის. სულხან_საბას პოეტური ტალანტი აღიბეჭდა “ სიბრძნე სიცრუისაშიც ” . ლირიკული თხრობის შენაკადები მეტ სილაღესა და გამომსახველობას ანიჭებენ ცალკეულ დეტალებს. ნარაციის სხვადასხვა პლანის ოსტატურ მონაცვლეობას ხელს უწყობს ისიც, რომ ნაწარმოებში პერსონაჟთა მრავალფეროვნებაა. მეფე ფინეზის მეტყველება მწიგნობრულ_ამაღლებულია, აქ ჩანს, რომ ავტორმა სიღრმისეულად იცის ბიბლიური წიგნების თხრობის მანერა. ფინეზის შეგონებებში მოჩანს სულხან_საბა “ სწავლანის ” ავტორი. მისი მჭევრმეტყველება ერთგვარ საზეიმო ელფერს მატებს მსჯელობას, რელიგიურ_ფილოსოფიური სიღრმეები ჩნდება მისი საუბრისას.
ნაწარმოებში ავტორი_მთხრობელი არ დომინანტობს, იგი თითქოს უჩინარდება, თუმცა ის წარმართავს სიუჟეტურ ხაზს. მესამე პირში ჰყვება ფინეზის სასახლის კარზე მომხდარ ამბებს. მისი ფუნქციაა შემოიყვანოს ახალი პერსონაჟი და მკითხველს აუწყოს, ვინ ვის და როდის რას ეუბნება. სხვამხრივ, ის არანაირ კომენტარსა და შეფასებას არ აკეთებს. მისი წილი თხრობაში ამბის დასაწყისში ყველაზე მეტია, ე. ი. მანამ, სანამ აქტიურად არ გაჩაღდება იგავ_არაკებით პაექრობა. მთელი ტექსტის განმავლობაში ის წარმოთქვამს ისეთ რეპლიკებს, როგორიცაა: “ მოახსენა ” , “ უბრძანა ” , “ უთხრა ” , “ თქვა ” .
მთხრობელი მაშინ გამოჩნდება ხოლმე, როცა პერსონაჟთა გარეგნობასა თუ თვისებებს აღწერს. მაგალითად, ავტორი მთხრობელი ნაწარმოების დასაწყისისთვის ირჩევს კლასიკური ზღაპრის ფორმას: “ იყო ხელმწიფე ერთი, რომლისა საქმენი არავისგან მოიგონებიან ” . ამის შემდეგ მოაყოლებს მეფის დახასიათებას, რომლის დროსაც მოიხმობს შედარებებსა და მეტაფორებს, თუმცა არ გადატვირთავს, არ უღრმავდება ცალკეულ დეტალს.
ამ მხრივ, ის უფრო დასავლური ტიპის მთხრობელია, ჰერმან ჰესე მიიჩნევს, რომ “ ათას ერთი ღამის ” სქელ_სქელი ტომები შინაარსით გრიმის ერთ რომელიმე ზღაპარს ან შუა საუკუნეების ერთ რომელიმე ქრისტიანულ თქმულებას ვერ გადასწონის, მაგრამ მათ მაინც სიამოვნებით ვკითხულობთ, თუმცა იმ წამსვე ვივიწყებთ, რადგან ერთი ამბავი ტუპისცალივით ჰგავს მეორეს და ცოტა ხანი რომ გავა, იმავე ამბავს ხელახლა ისეთივე სიამოვნებით ვკითხულობთ ხოლმე. რატომ ხდება ასე? ჰესეს აზრით, ამას, ჩვეულებრივ, აღმოსავლელ მთხრობელთა მშვენიერ, დახვეწილ ოსტატობას მიაწერენ. აღმოსავლელ მთხრობელს თითქოს დაუსაზღვრავი დრო აქვს და ყოველთვის სცალია იმისთვის, რომ სანამ თავის პრინცსა და პრინცესას რამეს ათქმევინებს, ნაწილ_ნაწილ აღგვიწერს მათი ბაგეების სიწითლესა და მოყვანილობას, მათი მშვენიერი თეთრი კბილების ელვარებასა და ფორმას, თამამი, ანთებული მზერისა თუ მორცხვად დახრილი თვალების მომხიბლაობას... ” (ჰერმან ჰესე 1995: 114). სულხან_საბა არ არის ასეთი “ მოცლილი ” და ამიტომ სხარტად გადადის ერთი ამბიდან მეორეზე, ისე, რომ მკითხველს სულის მოთქმის საშუალებას არ აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ “ სიბრძნე სიცრუისას ” სიუჟეტი მარტივია და ამ თვალსაზრისით ბევრი არაფერი ხდება, სამაგიეროდ, მოვლენებით სავსეა ჩართული იგავ_არაკები და სხვადასხვა ამბები. ასე რომ, მკითხველი მუდმივად მოლოდინშია, ყოველი ახალი იგავ_არაკი დაძაბულობის ახალ კერას ქმნის და მკითხველს მოსაწყენად არ აცლის.
ავტორი Mმთხრობელის ნარატივი გამოირჩევა რიტმულობით, რასაც ქმნის სიტყვათა თუ აზრის ვარიაციული გამეორება, აგრეთვე, ახალი წინადადების დაწყება