წინასიტყვაობის მაგიერ სამყაროდან იკარგება, სადღაც ქრება სიწმინდე, სიყვარული, სიკეთე, ზნეობრივი იდეალები.
რატომ?
რა ემართებათ ადამიანებს?
ასეთი ვნებით ზნეობას ჯვარს რატომ აცვამენ?
მწერლობის მთავარი საფიქრალი ყოველთვის ეს იყო და ახლაც ესაა. ფიქრის ლაბირინთში ყველა მწერალს თავისი არიადნე გამოუჩნდება მხსნელად, მერე გაიბმება თხრობის ძაფი, რომელმაც შეიძლება სიცხადემდე მიაღწევინოს.
მერე ეს სიცხადე მისცემს ძალას ჯვარცმული ზნეობა თავის შემოქმედებაში გარდამოხსნას და მის აღდგომას დაელოდოს.
იცვლებიან დრონი, ლიტერატურული მიმდინარეობანი, თხრობის ფორმები, მაგრამ მარადიულად რჩება კითხვა: რა იხსნის ადამიანს?
ამ კითხვას თანამედროვე ქართული ლიტერატურაც ჩაუმქრალი გზნებით დასტრიალებს.
თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურის საფიქრალიც ესაა.
ვინ არის ნიჭიერი მწერალი? _კითხულობს ვაჟა-ფშაველა და თვითონვე ასე უპასუხებს: „ ვისაც დიდად უყვარს ადამიანი, დიდად მოწადინებულია გააბედნიეროს იგი... ამისთვის საჭიროა დიდი გრძნობა, დიდი ცოდნა ადამიანის სულისა და მისი ცხოვრებისა ” .
ჩვენ ყოველთვის გვყავდა და გვყავს ასეთი ნიჭიერი მწერლები.
მკითხველები? მკითხველებიც.
იყო მკითხველი _ ეს სასწაულია! _ ასე სჯერა გურამ დოჩანაშვილს.
მკითხველს შეუძლია გარდასული დროის მწერალი თანამედროვედ აქციოს!
და კითხვა: ვინ არის თანამედროვე მწერალი? პასუხის ძიებას აღარ საჭიროებს.
თანამედროვეა ყველა, ვისაც თანამედროვე ადამიანის სულიერი შეწევნა შეუძლია.
ლიტერატურა ყველაზე საიმედო თავშესაფარია, სადაც ზნეობა სულს ითქვამს. ოთარ ჩხეიძე წერს: ,,მწერალი მკითხველი გახლავთ, ანუ მკითხველი განსაზღვრავს მწერლობის დონესა, მკითხველის მოთხოვნილება, მკითხველის გემოვნება, მკითხველის ერუდიცია განსაზღვრავს, ან თუ ასეც რო შეიძლება ითქვას, რის ღირსიცაა ხალხი, მწერლობაც ისეთი გააჩნია ” .
მაია ჯალიაშვილი ( „ ზნეობის გარდამოხსნა “ )