სიტყვის სამოთხე (გალაკტიონ ტაბიძის „თოვლი“) რით იქმნება თუ იქსოვება მშვენიერება? შეიძლება დეტალების აღწერა, მაგრამ მთლიანობაში სრულყოფილ პასუხს ვერ მოიხელთებ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პოეზიის მშვენიერებაზე ფიქრობ, უპირველეს ყოვლისა კი, გალაკტიონის პოეზიაზე. მშვენიერ ლექსთა შორისაა “ თოვლი ” , რომლის შესახებ ბევრჯერ დაუწერიათ, მომავალშიც არა ერთგზის ჩაუფიქრდებიან მეტაფორების ხვეულებს, სათქმელის იდუმალებას, გამოსახვის ოსტატობას, სტრიქონების სინაზესა და სინატიფეს, გამოთქმის უზადო ხელოვნებას, აზრისეულ სიღრმეებს, სიტყვათა მუსიკალურობას, მაგრამ ლექსი მაინც ამ ინტერპრეტაციების მიღმა იფარფატებს, როგორც მარადიული გამოცანა. თვითონ გამოცნობის ლაბირინთებში ხეტიალი შეაგრძნობინებს მკითხველს სიტყვაში მოქცეული სამყაროს ჯადოსნურ სილამაზეს.
“ თოვლი ” ერთი მომნუსხველი ყვავილია 1919 წელს გამოცემული “ არტისტული ყვავილების ” ჯადოსნური კონიდან, არასოდეს რომ დაჭკნება. ამ წიგნმა მკითხველს პოეტური სამყაროს ახალი სივრცეები გადაუშალა. დემნა შენგელაია წერდა: “ იყო უდაბნოება... მეცხრამეტე საუკუნის სულის დალევაში არიჟრაჟდა ანთებული XX საუკუნე. გალაკტიონ ტაბიძე მოვიდა წარსულის პანაშვიდზე და გამოიტირა იგი ” .
ეპითეტებს არ იშურებდნენ აღტაცებულნი, ივანე იოსელიანმა გენიალური უწოდა, იოსებ იმედაშვილმა “ გრძნობათა თეთრი მეფე ” . ახალ ესთეტიკურ კულტურას ამკ ¬ ვიდრებდა ამ წიგნით პოეტი. რუსთველის სრულყოფილებამდე დახვეწილ პოეზიას ეხმიანობდა.
საწუთრო რომ ძილია და ჩვენ სიზმრებს ვგავართ ( “ ვისრამიანი ” ) ლამაზი გამოთქმაა, მაგრამ ბუნდოვანი. ამგვარი გაუმჭვირვალობა აზრისა, განსჯისა გადაჰკრავს ამ ლექსსაც. გალაკტიონს ესიზმრებოდა სამყარო და იმ დასიზმრებულს ხატავდა, თანვე, ისიც უნდოდა გადმოეცა, რა ესიზმრებოდათ ყვავილებს მასზე, როგორ იცვლიდა თვითონაც ფორმას სხვათა სიზმრებში. “ ოჰ, ნეტავი არ შეირხეოდეს გადაზნექილი სიზმრების წელიო ” ( “ ალვები თოვლში ” ). ხანდახან სწორედ მათი, ყვავილების, ანგელოზების, ცის, მიწის, ქარის, ღრუბლებისა თუ სხვათა სიზმრებია დახატული, ამიტომაც ჭირს აზრის ლოგიკური ჯაჭვის აგება:
“ მე ყვავილები მესიზმრებოდა
და მე ყვავილებს ვესიზმრებოდიო ” ( “ გული სწუხს ” ).
მკითხველი სახეებისა და სიმბოლოების მიღმა დაეძებს დაფარულ სათქმელს. აღმოაჩენს, ამოიკითხავს და ცხადს გახდის ყოველივეს, მაგრამ მაინც არ ტოვებს განცდა, რომ ამოხსნის სიხარული ნაადრევია. ახსნილი ლექსი სულაც არ არის გასაგები, ცხადი და კვლავაც, როგორც სიზმრიდან, მოელის რაღაც წარმოუდგენელს _ აზრის, ემოციის თვალსაზრისით.
“ შეღამდა, მე წაველ იქ, სადაც სიზმრები
წიგნებში დარდობენ დახუჭულ თვალებით ” ( “ სიზმრები ” ).
ლექს “ თოვლშიც ” , როგორც ტიციან ტაბიძე წერდა, “ შადრევანივით ჩქეფს პოეტური სახეები ” , რომელთა მიღმა იმალება პოეტის წადილი, რომ ჩასწვდეს ღვთისგან შექმნილი უთვალავფერიანი სამყაროს არსს, გაიაზროს სიცოცხლის მიზანი.
სიმბოლისტური ესთეტიკითაა შექმნილი ლექსი, დაგვირისტებულია სიმბოლოებით. პირველივე სტრიქონში “ მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის ქალწულებივით ხიდიდან ფენა ” _ ყურადღებას იქცევს რამდენიმე სახე-სიმბოლო. ფერი, მუსიკა, სურნელი შერწყმულ _ გადაწნულია და იქმნება საოცარი სევდისა და სინაზის განცდა. პოეტი იდეალს მიესწრაფვის, შეურყვნელს, უმანკოს, “ ქალწულებრივს ” , შორეულს, იდუმალს. იისფერი თოვლი სწორედ ამგვარ ემოციას ბადებს. ზამბახი, ია, იასამანი _ არსებითად, ერთი ფერია, შორეულსა და მწუხარებაზე მიმანიშნებელი, ამიტომაც თოვლი ხან იისფერია და ხან “ ზამბახებია, წყებად დაწვენილი ” , იდუმალი, ნაზად გამბანგავი, მსუბუქად დამათრობელი სურნელით, რაც საკმარისია პოეტური ექსტაზისთვის, შთაგონებისთვის, როდესაც აბსტრაქცია ხორციელ სახეს იღებს, ხოლო რეალური და მიწიერი კი აბსტრაგირდება.
თოვლის “ ფერადებით ” სავსეა გალაკტიონის პოეზია, ფერმწერის თვალით უყურებდა სამყაროს პოეტი და თოვლიც ფიქრისა და განწყობილების, ე. ი. მზის შუქის _ კლება _ მატების მიხედვით იცვლიდა ფერს, თეთრიდან შავისკენ, ყველა ფერის ტონისა და ნახევარტონის, ჩრდილებისა თუ ნაჩრდილების სახით. “ ვარდისფერი ” , “ მჭვარტლისფერი ” , “ ირიბი და ალმაცერი ” , “ ივლისისფერი ” _ ფერების ზღვა წამოიშლება კაშკაშა სითეთრიდან. თანვე ეს ფერები სინათლითა და ჰაერითაა გაჟღენთილი, როგორც იმპრესიონისტთა ფერწერული ტილოები.
ლექსის სიმბოლურ შინაარსში წარმოჩნდება ღვთისმშობლის სახეც, რომელსაც არაერთი ულამაზესი ლექსი მიიუძღვნა გალაკტიონმა. ხიდზე დაფენილი ქალწულებრივი იისფერი თოვლი შეიძლება ღვთისმშობელზე მიანიშნებდეს, იდეალზე, ხიდზე, რომელმაც თავის წიაღში მიიღო რა ღვთაებრივი სხივი, მიწა და ზეცა შეაერთა. სწორედ ღვთისმშობელთან სიახლოვით, მისი მფარველობით შეიძლება ჭეშმარიტების ძიება, სიმშვიდის მოპოვება.
თოვლი ცხოვრების სიცივესა და გაუსაძლისობაზეც მიანიშნებს, ამავე დროს, სიცივეზე, რომელსაც აფრქვევს ყოველგვარი იდეალი, რადგან მასთან მიახლოება მაინც ფუჭი და ამაო ცდაა მოკვდავისთვის, თუმცა ამ მცდელობის გარეშე სიცოცხლეს