წუთისოფელი
I
სოფელი მარნეულა თითქმის ისეთივე სოფელია,როგორნიც არიან საზოგადოდ ყველა ჩვენებური სოფლები. განირჩევა სხვებისგან მხოლოდ იმით,რომ აქ ორმოცდახუთის წლის წინად დაიბადა ამ ჩვენი მოთხრობის უმთავრესი მოქმედი პირი. სოფელ მარნეულაში ისუნთქა მან საქართველოს წმინდა ჰაერი; პირველად აქ დაინახა მზე და მთვარე, ჩვენის ქვეყნის ლურჯად მოკამკამე ცა, მისი ამაყად თავაღებული დევგმირი მთები, კალმით ნახატი ხეობანი,ტურფათ აყვავებული ველ-მინდორი. სამშობლო ქვეყანა ახლად დაბადებულს დედინაცვლის მსგავსად გამუდმებულის ყინვებით, ან ხანგრძლივის სიცხე-პაპანაქებით კი არ მიეგება,არამედ ნამდვილი დედაშვილურის სიყვარულით მოხვია ხელი, გადაუშალა თავისი მაადლიანი კალთა და უთხრა: იცხოვრე ამ ქვეყნად, ჩემო ძვირფასო! სწოვე ჩემი ტკბილი და ნაამადგარი ძუძუ! ამ ჟამად მე შენი თავი მიჭირს ძლიერ; ულმობელი გარემოებანი მტრულის განზრახვით მეხვევინ გარშემო;აწმყოს მიჩაგრავენ და მომავალს მრისხანებით ემუქრებიან. შეიარაღდი მეცნიერულის განათლებით,გაიმტკიცე ხასიათი მხნეობით და სიყვარულით;ამომიდექ გვერდში: იშრომე, იბრძოლე,შენს აღმზრდელ მიწა-წყალს მოუარე.
ახლად დაბადებულს ბავშვს დიდის აღტაცებით მიეგება აგრეთვე აზნაური ბაადურ მჟაუნაშვილი.ამანაც სიყვარულით მოხვია ხელი ბაღანას,გაშლილ სუფრასთან მიიყვანა და იქ მსხდომ სტუმრებს სავსე ჯიხვით მისი სადღეგრძელო დაალევინა. შემდეგ მღვდელს მიუბრუნდა და უთხრა: მამაო, არ შეიძლება, რომ ეს ჩვენი ბიჭიკო, წყლის მაგიერად, ღვინოში მოვნათლოთ? სტუმრებს ეს წინადადება ძლიერ მოეწონათ: მღვდელს ამათაც დაუწყეს თხოვნა, მაგრამ მოძღვარი არ დასთახმდა და ამის გამო წყალში იქმნა მონათლული. სახელად დაარქვეს მიხეილი, პატივსაცემლად იმ მიხეილ ტეხურაშვილისა, რომელსაც მთელ იმ მხარეში სახელი ჰქონდა გავარდნილი აუარებელის ღვინის სმითა.
პაწია მიხაკოს დიდი, ცოტათი უკან გადაწეული, თავი დაჰყვა. ბებუამ თავისი დაკოჟიჟებული ხელებით საჩქაროზე გაუსწორა ეს თავი; მერმე ვიწრო არახჩიანი ჩამოაცვა ზედა და სალტებიანი თავსახვევით მაგრა შეუკრა იგი. ასე ჰქონდა შეკრულ-შებოჭილი, ვიდრე ნორჩი, რბილი ძვლები თავის სარქვლისა არ გაუმაგრდნენ. დედისერთა ბავშვს, როგორც მშობელნი, ისე ნაცნობ-ნათესავნი მეტისმეტად ანებიერებდნენ. როცა არ ეძინა, მუდამ ხელში ეჭირათ, ართობდნენ, საალერსო სიტყვებს უხვად ასმენდნენ. ამ საალერსო სიტყვებში თვალსაჩინო ადგილი ეჭირათ იმისთანა ფრაზებსაც, როგორიც არის, მაგ. „ მამა ძაღლო “ , „ წუწკის ტიკა “ , იყო „ ძაგლო “ . ამას, უფროსების გავლენით, მალე „ მაერთებული წარმოსთქვა, დედ-მამის კმაყოფილებას და სიხარულს საზღვარი აღარა ჰქონდა. ამ დროიდან თუ ვინმე ან მეზობელი, ნათესავი შევიდოდა მათ სახლში, მაშინათვე შინაურები მოხსენებულ სიტყვებს ათქმევინებდნენ პაწია ბიჭსა, რასაც გულწრფელი სიცილ-ხარხარით ეგებებოდნენ ყველანი. წარბებს შეკვრა, მუშტის ქნევა, სამაგიეროდ გადახდა ჯერ ისევ აკვანშივე ისწავლა. სამი თუ ოთხი თვისა იყო, რომდესა მამამ ღვინო დაალევინა, ბავშვი დაიღრიჯა, მაგრამ მეორედ და მესამედ კიდევ გაუმეორეს და ესეც შეეჩვია. აღტაცებული ბაადური გულიანად ხარხარებდა, როცა მისი პირმშო ფაციფუცით მიდებდა ტუჩებთან ღვინით სავსე ჭიქას და სანამ არ დაცლიდა,არ მოეშვებოდა.ერთხელ წლინახევრის ბავშვს მუცელს დაგვრიმა. ბებიამ ცოტა არაყი
დაალევინა და ბავშვს მუცლის ტკივილი შეუყუჩდა.ამ დროდან ნელ-ნელა იწყეს არყის დალევინებაც.დედ-მამის ფიქრით ღვინისა და „ ოტკის “ სმა რძეზე არანაკლებად სასარგებლო იყო პატარა ბავშვის ჯანმრთელობისთვის. სხვადასხვა მწერების მეშვეობით ხშირად ძილი უტყდებოდა აკვანში უღმერთოდ ჩაკრულ ბიჭუნას. ამ გვარ შემთხვევაში მისი ჩხავილი მთელ უბანს ესმოდა. დედა არწევდა აკვანს რაც ძალი და ღონე ჰქონდა, უნჯღრევდა თავსა, უბრუებდა ტვინსა, მაგრამ ხანდახან ვერც ეს აჩუმებდა მტირალს. მაშინ დედა თავის საყვარელ შვილს ასმევდა ხაშხაშსა,რომელიც იმავე წამს მკვდარი აძინებდა.სწორედ ამავე საშუალებას ხმარობდნენ, როცა დიდებს ორი-სამი საათით სხვაგან სადმე მოუხდებოდათ წასვლა. როდესაც ბავშვს ცოტაოდენი შეგნება მოემატა,მაშინ ბაადურმა ხელი მიჰყო მის აღზრდა-გაწვრთვნასაც. ოთახში რამდენიმე ძველის-ძველი მხატრობა ეკიდა. მამა ხელის გულზე დაისვამდა შვილს, მეორე ხელით მაგრად დაიჭერდა, ასწევდა მაღლა, მიიყვანდა რომელსამე სურათთან და დაუწყებდა ლაპარაკს: „ აი, შვილო, ე რო ჭიდაობენ, ეს ერთი ყარამან გმირია, მეორე ბაყბაყ-მდევი.ხედამ, ყარამანს როგორ დაუძლევია მდევი? დაუჭრია შვიდ-რვა თავი და ახლა დანარჩენებისათვის მიუცია ხელი!.... აი, შვილო, ე წითლად რო ჩანს, ეს სისხლის გუბეა წამომდგარი. მაშ, გმირია, გმირი ყარამანი! აბა, ჩემო ბიჭიკო, ვინძლო შენც ყარამანი გამოხვიდე! ჩემმა წუწკმა ბიძაშვილებმა მამულიც წამართვეს და თითონვე კინაღამ ცემითაც მომკლეს.... შენი ჭირიმე, ბიჭიკო ერთი იმათი ჯავრი ამომყარა!...
შემდეგ მიიყვანდა მეორე სურათთან. “ აი, ესა, შვილო, თევზ-ქალაა: წელქვემოთ თევზია, წელ ზემოთ-ქალი. ზგვაში დაცურავს თურმე და ვინც ამას დაიჭერს, ოქროს მადნებს იპოვის. რაც ზგვაში ოდესმე ოქრო-ვერცხლი და თვალ-მარგალიტი ჩაცვინულა, სულ ერთიან ამ თევზ-ქალას ხაზინებშია შეგროვილი. მე ვფიქრობ, რომ ეს თევზ-ქალა მართალი არ უნდა იყოს ჩემის აზრით, ეს ყველაფერი იგავია:თევზ-ქალა